fbpx

მედიის კუთხე

ევროკავშირის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს ეწვევიან

1-2 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ეწვევა. ვიზიტის მიზანია „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების დათვალიერება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.

ვიზიტის მონაწილეები არიან:

  • სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი
  • მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
  • დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
  • მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები

1 დეკემბრის პროგრამა:

  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მანავის ციხესთან დამაკავშირებელი ახლად რეაბილიტირებული გზის გახსნა;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანის ბიოსფერულ რეზერვატში და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტი;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორნაბუჯის ციხესთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული განვითარების სამუშაოების ნახვა.

2 დეკემბერის პროგრამა:

  • ვიზიტი თელავის ცენტრში და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა;
  • გურჯაანის ტექნოლოგიურ პარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის წარდგენა;
  • ვიზიტი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნახვა;
  • ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ეთნო-სოფლის კონცეფციის წარდგენა;
  • ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების და ჯიმი მაისურაძის სახელობის პარკის მშენებლობის ნახვა.

რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის შესახებ

2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე  პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.  პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამას ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ფარგლებში. გრანტების პირველი ნაწილის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია და 2020 წლის ივლისში დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 11 მუნიციპალიტეტს. მეტი პროექტი დაფინანსდება 2021 და 2022 წლებში.

რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა გულისხმობს აღმავალ, დეცენტრალიზებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა განხორციელდა შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას. 

საქართველოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.

ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979
  • ქეთი დოლიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, dolidzekatie@gmail.com, 577 467117

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021