გააციფრულე შენი ბიზნესი – ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სოფლად მომუშავე მეწარმეები ბიზნეს ინკუბაციას გაივლიან
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ სოფლად მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეებს ოთხი მუნიციპალიტეტიდან (ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი და თეთრიწყარო) პროექტის “გააციფრულე შენი ბიზნესი” მესამე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის შედეგად შერჩეული რვა მეწარმე გაივლის ბიზნეს ინკუბაციის, ანუ ინტენსიური სწავლების, კონსულტაციის, მენტორობისა და ხელშეწყობის, ორთვიან კურსს, რომელიც მათ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასა და ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
ინკუბაციის ფარგლებში, მეწარმეები მიიღებენ პროფესიულ კონსულტაციას შემდეგ საკითხებში: ბიზნესის შექმნა და მართვა, ბრენდინგი, დიზაინი, მარკეტინგი და კომუნიკაცია, კორპორაციული ვებგვერდების შექმნა, ონლაინ გაყიდვები, ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული შესაძლებლობების გამოყენება ბიზნესის წარმატებისთვის. ინკუბაცია ასევე ითვალისწინებს მეწარმეების ხელშეწყობას კორპორაციული ციფრული რესურსების, მაგალითად ვებგვერდების, შექმნაში.
პროექტის “გააციფრულე შენი ბიზნესი” პირველ ეტაპზე, გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელსაც 120-ზე მეტი მეწარმე ესწრებოდა. 2021 წლის აგვისტოში, 60-ზე მეტმა მეწარმემ გაიარა 12-დღიანი ტრენინგი ბიზნესის მართვისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
ბიზნეს ინკუბაციის პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 სექტემბერი 2021
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://cutt.ly/FW1Dyke
***
პროექტი „გააციფრულე შენი ბიზნესი’’ ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს.
ბიზნესისშესაძლებლობები, ევროკავშირიბიზნესისათვისშესაძლებლობები