fbpx
Skip to main content

გაერო და ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მასშტაბურ პროგრამას იწყებენ

22/07/2020

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ორი სააგენტო ითანამშრომლებს ექვსი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო  ორგანიზაციებთან ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების შეცვლისთვის და საოჯახო საქმეებსა და ბავშვების მოვლაში მამაკაცების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასევე იმუშავებს პოტენციურ მოძალადეებთან გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით.  

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women), ევროკავშირთან ერთად,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაიწყეს სამწლიანი რეგიონული პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლა.

პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალებისა და მამაკაცებისათვის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნას, ოჯახსა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპებთან ბრძოლისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად მუშაობის გზით.

“ეს არის ჩვენი პირველი რეგიონული პროგრამა, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ,“ – აღნიშნავს ლოურენს მერედიტი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების ევროკომისიის გენერალური დირექტორატის დირექტორი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში. “ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებში ამ აუთვისებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის განვითარებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ. როგორც კი პანდემია დასრულდება, ჩვენ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს უფრო ინკლუზიურ მომავალს შევთავაზებთ.”

ინოვაციური პროგრამის მომზადებისას ექვს ქვეყანაში ჩატარდა არსებული მდგომარეობის სიღრმისეული კვლევები და მთავრობათაშორისი კონსულტაციები. პროგრამაში ჩაერთვებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კერძო პირები.

“პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ რეგიონის ექვსი ქვეყნის ხელისუფლებებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან,” აცხადებს ალია ელ-იასირი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი. „ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები კიდევ უფრო ცხადი გახადა.“

პროგრამა მიზნად ისახავს ქცევის რეალურ შეცვლას. ის ეყრდნობა სტრატეგიებს, რომლებიც ჩამოყალიბდა გენდერულ ბარიერებსა და ნორმებთან ბრძოლის მიზნით, კერძოდ, გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებული ქცევის შეცვლა, ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებში მამაკაცების ჩართულობის გაზრდა, მამაკაცებისათვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება პოტენციურ მოძალადეებთან პრევენციული მუშაობის მეშვეობით.

“COVID-19-ით გამოწვეული კრიზის დროს ჩვენ სამწუხაროდ დავინახეთ, თუ როგორ გაიზარდა ქალის აუნაზღაურებელი დატვირთვა და ძალადობა გენდერული ნიშნით ექვსივე ქვეყანაში“, აღნიშნავს ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი. „ჩვენი პროგრამა, ამ ტენდენციებთან საბრძოლველად, სწორედ რომ დროულად იწყება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სამყარო ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორი, უსაფრთხო და საიმედო გახდეს”.

პროგრამის ბიუჯეტი 7,875,000 ევროს შეადგენს, ის ეხმიანება გაეროს მიერ 2015 წელს დაწყებულ მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩოსა და ევროკავშირის 2016-2020 წლების გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმას: გოგონებისა და ქალების ცხოვრების შეცვლა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საშუალებით. პროგრამა ევროკავშირსა და ექვს მონაწილე ქვეყანას აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, ზემოქმედება მოახდინონ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ სოციალურ დისკურსზე, წარმოდგენებსა და ჩვევებზე, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნების მისაღწევად.

 

ევროკავშირის შესახებ:

ევროკავშირი აერთიანებს 27 წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც საკუთარი ცოდნის, რესურსებისა და ბედის ერთმანეთთან ეტაპობრივად დაკავშირება გადაწყვიტეს. ევროკავშირის გაფართოების 50 წლიანი პერიოდის განმავლობაში ამ სახელმწიფოებმა ერთად შექმნეს სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების სივრცე და ამავე დროს შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ინდივიდუალური თავისუფლება. ევროკავშირი საკუთარ მიღწევებსა და ღირებულებებს მის საზღვრებს მიღმა მდებარე ქვეყნებსა და ადამიანებს უზიარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://europa.eu/european-union/.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შესახებ:

UNFPA, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მსოფლიოს მასშტაბით სამი  ისეთი მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად საქმიანობს, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს შეცვლა ყველა მამაკაცისთვის, ქალისა და ახალგაზრდისთვის. ესენია: ოჯახის  დაგეგმვის სერვისის დეფიციტის აღმოფხვრა, დედათა სიკვდილიანობის შესაძლებელი პრევენცია და გენდერული ნიშნით ძალადობისა და საზიანო ქმედებების აღმოფხვრა.  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კოორდინაციას უწვეს სტამბოლში მდებარე რეგიონული ოფისი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://eeca.unfpa.org/en.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) შესახებ:

UN Women არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი სტამბოლში 2014 წელს შეიქმნა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://eca.unwomen.org/en.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფლორინ მარინი; florin.marin@unwomen.org; fmarin@unfpa.org