fbpx
Skip to main content

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს პანდემიის პერიოდში

25/02/2021

აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა.

”ერთ-ერთი მთავარი, რაც COVID-19 კრიზისმა გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში მედეგობის გამომუშავების აუცილებლობაა,” – განაცხადა ბატონმა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში FAO-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მონახულებისას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, FAO-მ სადემონსტრაციო ნაკვეთად სოფელ კოღოთოში მდებარე სალათის ფურცლის სასათბურე მეურნეობა შეირჩა. კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდებიდან FAO-ს სპეციალისტებმა გამოიყენეს წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მულჩირება და ბაზოების წარმოქმნა. აღნიშნული მიდგომა, სხვა უპირატესობებთან ერთად, უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით უფრო მეტი მოსავლის მიღებას. ასევე, შესაძლებელს ხდის ზამთრის პერიოდში, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა და ფასები გაცილებით მაღალია, სათბურის გათბობის გარეშე ერთ ჰექტარზე მიღწეული იქნას სალათის ფურცლის იგივე მოსავლიანობა, როგორც ეს მიღწევადია სათბურის გათბობით.

„დღეს, ჩვენ ვნახეთ სასათბურე მეურნეობაში წარმოებული პროდუქტის საოცარი ხარისხი. იგი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომ მოხვდეს როგორც ევროპის, ისე ადგილობრივ ბაზრებზე თბილისში. ძალიან შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ სალათის ფურცლების წარმოება მოხდა ზამთარში, როდესაც უფრო ადვილია კონკურენცია გაუწიო სხვა მწარმოებლებს, რადგან ბაზარზე პროდუქტის მიწოდება მწირია. ამგვარად, შეგვიძლია დავეხმაროთ ქართულ სოფლის მეურნეობას გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, – განაცხადა ბატონმა ჟორჟ დეუმ სადემონსტრაციო ნაკვეთის მონახულებისას.


„ევროკავშირისა და FAO-ს დახმარება გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ჩემი მეურნეობისთვის. პანდემიის პირობებში ძალზე რთულია ახალი საქმის წამოწყება, აგრონომების დახმარების მიღება, ან თუნდაც, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო რესურსები. რომ არა ეს პროგრამა, ამ ზამთარში ვერ შევძლებდით ჩვენი წარმოების შენარჩუნებას, რაც მთავარი შემოსავლის წყაროა ჩვენი ოჯახისთვის”, – განაცხადა სათბურის მეპატრონემ, გიგა ვენჯელაშვილმა.


ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით წარმოების ამ ახალმა მეთოდმა საშუალება მისცა ფერმერებს ზამთარში ეწარმოებინათ პროდუქტი სასათბურე მეურნეობაში გათბობის ხარჯების დაზოგვით და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით.

სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის ნაკლებობა კვლავ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება, რომელსაც ქართველი მწარმოებლები აწყდებიან. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ქალი ფერმერებისთვის. ENPARD პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ქალებისთვის დარგის საუკეთესო ექსპეტრებმა ტრენინგების სერია ჩაატარეს. აღნიშნული გადამზადება ქართველ მეფუტკრეებს საშუალებას აძლევს გააფართოონ თავიანთი წარმოება, ან თუნდაც თავიდან დაიწყონ.

”არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, საკუთარი შემოსავლის წყაროს ქონა, განსაკუთრებით, ამ პანდემიის პერიოდში”, – თქვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებმა მეფუტკრემ, ქეთევან ბლუიშვილმა. 2020 წლის დეკემბერში ქალბატონმა ქეთევანმა მიმართა FAO-ს, ფერმერთა საველე სკოლის შექმნის თაობაზე. ის ასევე დაუკავშირდა სხვა მწარმოებლებს და დაიწყეს სასწავლო პროგრამა მეფუტკრეობაში, ახლომდებარე თემებში მცხოვრები მეფუტკრე ქალებისთვის შემდგომ ცოდნის გაზიარების მიზნით.

როგორც ლიდერმა, მან ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ქალებს მისცა სტიმული FAO-ს მხარდაჭერით წამოეწყოთ თაფლის წარმოება. ქალბატონი ქეთევანი გეგმავს ჩამოაყალიბოს თაფლის მწარმოებელთა ადგილობრივი საზოგადოება, შემდგომ ერთი ბრენდის ქვეშ თანამშრომლობის მიზნით, ბაზრის უფრო მეტი წილის ასათვისებლად.

”ქართველ ფერმერებსა და ადგილობრივ ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გაუზიარონ ახლომდებარე თემების მოსახლეობას”. განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა. ”ჩვენი პრიორიტეტია ფერმერმერთა საველე სკოლების მეშვეობით გადავამზადოთ რაც შეიძლება მეტი ფერმერი, რომ შემდგომ, გადამზადებულმა ფერმერებმა შესძლონ მიღებული ცოდნა გაუზიარონ უფრო მეტ ადამიანს და დაუკავშირდნენ უფრო მეტ მწარმოებელს. წარმოების მეტი პროდუქტიულობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად, ფერმერებს უზრუნველვყოფთ აუცილებელი რესურსებით “, – აღნიშნა ბატონმა ხავიერ სანს ალვარესმა.

ENPARD პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირმა და FAO-მ მოაწყვეს 40-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაეთვალიერებინათ და გაეცნოთ საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები. მთელი ქვეყნიის მასშტაბით, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი აგრონომების მიერ ჩატარდა. პანდემიის პირობებში ქართველი ფერმერების დახმარების მიზნით, ევროკავშირმა და FAO-მ ასევე შეიმუშავეს დაფინანსების მექანიზმი. 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8,5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მიიღეს წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სასოფლო სამეურნეო მოწყობილობები და ტექნიკა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge