ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ პანდემიისას არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა არამედ გაფართოება შეძლო
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჰიგიენის, კოსმეტიკისა და პარფიუმერული ნივთები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ერთ-ერთი მსხვილი აუთლეთ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს. „ნავნე“ 2011 წელს დაარსდა და ამ დღიდან ახოციელებს იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალში. გამომდინარე აუთლეტ ტიპის შესყიდვებისა, „ნავნე“ მომხმარებლებს ამერიკისა და ევროპის ბაზრისთვის გათვალისწინებული მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად აწვდის.
ყველა ბიზნეს სექტორთან ერთად, კორონავირუსის პანდემიამ „ნავნეც“ საკმაოდ დააზიანა. შეზღუდვებმა და ჩაკეტვებმა მათი სამოქმედო და სამომავლო გეგმებიც მკვეთრად შეცვალა. როგორც კომპანიის დირექტორი, ქალბატონი ეკატერინე ნადირაძე გვიყვება, ამ პერიოდში რამდენიმეჯერ დაიხურა ყველა მაღაზია, რაც რითეილ კომპანიისთვის ძალიან დიდ დანაკარგს ნიშნავდა. სიტუაციის გამოსასწორებლად „ნავნე“ Facebook-ისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჰყიდდა პროდუქტს, რაც მნიშვნელოვანი იყო ლოიალურ მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა ბიზნესის გადასარჩენად ეს მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ონლაინ შოფის შექმნა დროული ნაბიჯი იყო, მაგრამ მან 23 დახურული ფილიალის კომპენსირება ვერ შეძლო. პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩვენი მაღაზიები თითქმის ორი თვე სრულად დაიკეტა, მათი გახსნისათვის კი დადგა სესხის აღების საჭიროება, რადგან არსებული პროდუქცია აღარ შეესაბამებოდა მიმდინარე სეზონს. სწორედ ამ დროს კომპანიისა და პროკრედიტ ბანკის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის პროგრამაში და მიგვეღო სესხი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიიის შემდგომი ფუნქციონირებისათვის.“
„ნავნეს“ ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებით, ‘ევროკავშრის დაფინანსება ნოვატორებისთვის’ პროგრამაში (InnovFin SME Guarantee Facility) ჩართვის შედეგად მოხერხდა.
InnovFin, ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისთვის, არის EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში ევროკომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იგი მოიცავს EIB ჯგუფის დაფინანსების ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად მოიცავს კვლევისა და ინოვაციების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გამართვას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) განვითარების ხელშესაწყობად.
პროგრამა, ადგილობრივი ბანკების შუამავლობით, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს, დაფარონ სესხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლევების, ინოვაციების და დიგიტალიზაციის დანერგვის პროცესში. კორონავირუსის პერიოდში კი, ბიზნესსაქმიანობის უკეთ ხელშესაწყობად, ეს გარანტია 80%-მდე გაიზარდა და კაპიტალბრუნვისთვის საჭირო ხარჯებიც მოიცვა.
InnovFin-ის პროგრამა, ქართულ საწარმოებს სთავაზობს სესხის უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების შეთავაზება ხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთით, და ამავდროულად სესხის დაფარვის უფრო გრძელი ან უფრო მოქნილი გრაფიკით, ასევე გირაოს შემცირებული მოთხოვნებით. ამასთან სესხი გაიცემა მაღალი რისკის მქონე კომპანიებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროგრამაში მონაწილე ბანკები, პროკრედიტი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი აფასებენ პროექტებს მათი სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, InnovFin-ის პროგრამის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიას საშუალება მისცა შევსებულიყო სასაწყობე მარაგები, ქსელში მოხვედრილიყო სეზონური პროდუქცია და მაღაზიები გახსნილიყო ყველა რეგულაციის დაცვით, რაც თითოეულ ლოკაციაზე საკმაოდ დიდ ხარჯებს ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ „ნავნემ“ მოახერხა ბოლომდე მიეყვანა ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან არსებული მოლაპარაკებები, რომლის მთავარ მიზანს ლუქს ბრენდების თავის მოვლისა და კოსმეტიკის საშუალებების აუთლეთ ხაზის საქართველოში იმპორტი წარმოადგენდა. ახალი მიმართულების დამატებით კი ქსელმა შეძლო მოეზიდა მომხმარებელთა საშუალოზე მაღალი სეგმენტი – განხორციელებულმა სიახლეებმა ხელი შეუწყო კომპანიის ხედვის გაძლიერებას, რაც გულისხმობს ქსელის მუდმივ განვითარებასა და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას.
საბოლოოდ, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, „ნავნემ“ შეძლო არამხოლოდ თავი გადაერჩინა, არამედ პანდემიის დაწყებიდან ჯამში 3 ფილიალიც გაეხსნა. ამით კომპანიამ არამხოლოდ შეინარჩუნა ადამიანური რესურსი, არამედ დამატებით აიყვანა კადრები. დღესდღეობით „ნავნეს“ ბრენდის ქვეშ 230-მდე დასაქმებული ერთიანდება.
„ევროკავშრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. ორთვიანი ჩაკეტვის შემდგომ, უსახსროდ დარჩენილი კომპანიისთვის ნებისმიერი ფულადი სახსრების მოძიება დიდ სირთულეს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში. პროგრამაში ჩართვის გარეშე, „ნავნეს“ მოუწევდა რამდენიმე ფილიალის დაკეტვა, რათა დანარჩენ ფილიალებში მარაგები შევსებულიყო. ასევე სამუშაო ადგილების შემცირება. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, ძნელი სათქმელია რა შედეგებამდე მიგვიყვანდა შეზღუდული რაოდენობის მაღაზიების გახსნა, რა ბედი ეწეოდა იმ მაღაზიებს, რომლებიც ვერ გაიხსნებოდა პირველ ეტაპზე. შევძლებდით კი მათ შენარჩუნებას, მათი იჯარების დაფარვას, მათი თანამშრომლების რეზერვის სახით გაჩერებას? როდესაც ქსელი სრული დატვირთვით არ ფუნქციონირებს, ეს კომპანიისთვის ნიშნავს ბრუნვის აშკარა დანაკლისს, რაც იწვევს დაგეგმილი აქტივობების გაუქმებას, არჩეული კურსიდან გადახვევას, ერთ ადგილას გაჩერებას ან რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმას. ჩვენ კი ამ მხარდაჭერით შევძელით საფრთხეები თავიდან აგვეცილებინა“ – აღნიშნავს ეკატერინე ნადირაძე.
ამჟამად „ნავნე“ სრული დატვირთვით და დიდი შემართებით აგრძელებს ფუნქციონირებას. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად მიმდინარეობს ქსელის გაფართოების პროცესი. კომპანიამ სულ ახლახანს გახსნა კიდევ ერთი ფართო ფორმატის მაღაზია თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე. სამომავლოდ, „ნავნეს“ პრიორიტეტია, შეინარჩუნოს ქსელის გაფართოვების ტენდენცია, დაასრულოს რებრენდინგის პროცესი, ასევე იგეგმება რამდენიმე ფილიალის დამატება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად კერძო სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ადგილობრივ ბანკებს 70 მილიონი ევრო გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაუჯობესებლად, ხოლო ახალი InnovFin-ის პროგრამა 250 მილიონ ევრომდე სასესხო პორტფელს ითვალისწინებს და ქართულ ბიზნესს პანდემიის კრიზისის დაძლევაში ეხმარება. დამატებით 100 მილიონი ევრო კი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გამოყოფილი.
მთლიანობაში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით, დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.