ევროკავშირის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს ესტუმრნენ
1-2 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ)ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების დათვალიერება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.
ვიზიტში მონაწილეობდნენ სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის და სამინისტროს წარმომადგენლები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით კახეთში მხარდაჭერილ 10 პროექტს გაეცნენ, ესენია:
- მანავის ციხესთან დამაკავშირებელი 2 კმ გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშესაწყობისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის;
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხორნაბუჯის ციხესთან დამაკავშირებელი 3 კმ გზის რეაბილიტაცია;
- ვაშლოვანის ბიოსფერულ რეზერვატში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის. ევროკავშირის ეს პროექტი არ არის სრიგპ-ის პროგრამის ნაწილი, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის განვითარებისთვის;
- თელავის ცენტრში QR კოდების დაყენება ტურიზმის განვითარებისთვის;
- თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და ბავშვებზე ზრუნვის დღის ცენტრების განვითარებისთვის;
- თელავში მშვიდობის პარკის მშენებლობა, ქალაქში სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის;
- გურჯაანის ტექნოლოგიურ პარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის წარდგენა, ადგილობრივი სტარტაპების გადამზადებისა და განვითარებისთვის;
- ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია, ყვარელში ტურიზმის განვითარებისთვის;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ეთნო-მუზეუმისა და 1.6 კმ გზის რეაბილიტაცია, ტურიზმის ზრდის და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის;
- ლაგდოეხის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია;
- ლაგოდეხში ჯიმი მაისურაძის სახელობის პარკის და სპორტული მოედნის მშენებლობა.
„ევროკავშირი ზრუნავს საქართველოს რეგიონებზე. სამინისტროსთან ერთად, ჩვენი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოთხ მიზნობრივ რეგიონში ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ ისარგებლონ გაუმჯობესებული პირობებით. პროგრამა ხელს უწყობს სოფლებისა და ქალაქების, ასევე ბიზნესისა და გარემოს განვითარების ბალანსის გაუმჯობესებას. ევროკავშირში გამოცდილებამ გვასწავლა, რომ რეგიონები უკეთ და უფრო მდგრადად ვითარდება, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. მოხარული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგების ნახვა უკვე შეგვიძლია,“ განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დღეისთვის, უკვე დაფინანსებულია 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა მუნიციპალიტეტებიდან, დამატებით, 40-მდე ახალ საპროექტო წინადადებას ველით. აღსანიშნავია, რომ პროექტების შეფასება და შერჩევა ევროპის საუკეთესო გამოცდილების მიხედვით ხდება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში ღონისძიებების განსაზღვრის ქვემოდან-ზემოთ მიმართულ პროცესს. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებები ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღოს, რაც დეცენტრალიზაციის კუთხითაც მნიშვნელოვანია,” აღნიშნა მზია გიორგობიანმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გრანტების პირველი ნაწილით, რომლის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია, 2020 წლის ივლისში, დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 პროექტს. 2021 წელს უკვე დაფინანსებულია 49.1 მილიონი ლარის ღირებულების 54 პროექტი, ხოლო 2022 წელს, იგეგმება 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, იგეგმება 40 მილიონი ლარის ღირებულების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდასაჭერად გრანტების გაცემა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ქვემოდან-ზემოთ, დეცენტრალიზებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა ხორციელდება შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა სამხარეო ადმინისტრაციაში წარდგენამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა იყოს მოწონებული. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.
საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასეთი ტიპის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.
ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
- ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979
- ქეთი დოლიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, dolidzekatie@gmail.com, 577 467117