ევროკავშირის ელჩის ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, სამეგრელოს რეგიონი მოინახულა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. სამდღიანმა რეგიონულმა ვიზიტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას ახალგაზრდების ჩართულობის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, კონფლიქტით დაზარალებული თემების, კულტურული მემკვიდრეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით.
ვიზიტის განმავლობაში ელჩი ადგილობრივ პარტნიორებს, ფოთისა და ზუგდიდის ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით სარგებლობენ.
„სამეგრელოში თითოეულმა შეხვედრამ ახალგაზრდებთან, ქალ მეწარმეებთან, ფერმერებთან და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ქართველი ხალხის განსაკუთრებულ სულსა და გამძლეობაში. თქვენი სწრაფვა მშვიდობიანი, განვითარებული, ევროპული საქართველოს შენებისკენ ძლიერი და გულწრფელია. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, რადგან გვჯერა თქვენი მომავლის, თქვენი პოტენციალის და თქვენი შეუპოვარი ხასიათის,“ — აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩი ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა, ხოლო ზუგდიდში „წიგნების თარო — ევროპის შესახებ“ გახსნა, სადაც სტუდენტებთან ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გამართა შესაძლებლობებისა და საქართველოს მომავალზე მათი ხედვის შესახებ.
2 დეკემბერს ვიზიტი მრავალფეროვანი და ადგილობრივ თემებზე ორიენტირებული შეხვედრებით გაგრძელდა „სტუდია მოზაიკას“ ხელოვნების ცენტრში, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Dialogue-ის ფარგლებში,ახალგაზრდები საჯარო ხელოვნების საერთო მემკვიდრეობის აღდგენაზე მუშაობენ. დღის განმავლობაში ელჩი ასევე შეხვდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ელჩი ასევე შეხვდა ქალ მეწარმეებს, რომელთა მცირე ბიზნესები ევროკავშირის დახმარებით გაძლიერდა.
კონფლიქტით დაზარალებული თემების მიმართ ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის გამოსახატად, ელჩმა რუხის საკონსულტაციო ცენტრი მოინახულა (CHCA, EU4Dialogue-ის ფარგლებში), რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს და ადგილობრივებს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს.
ვიზიტი სოფელ კახათში დასრულდა, სადაც ელჩი ევროკავშირის ENPARD პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი სოფლად ქალებს წარმოების მოდერნიზებაში, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში.















