fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი, გორში, წარმატებით მართავენ საკუთარ ბიზნესს!

22/10/2020

„კრეატორიუმის“ მთავარი მეგობრები ვან გოგი და ფიროსმანია. მთავარი ფერი ლურჯია – სიმშვიდის ფერი. შემოქმედებით პროცესს pink floyd-ის blue sky გასდევს ფონად, ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი მათი შემოქმედების კონცეპტუალური ხაზია. ასე იქმნება კრეატივი „კრეატორიუმში“. მათი მთავარი ამბავიც ერთ კოსმიურ ყუთში ეტევა. ყველაფერი თავისუფალი ახალგაზრდული იდეით გორში დაიწყო. შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა – „კრეატორიუმის“ დამფუძნებლები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობენ. იდეების რეალიზება მათთვის უკვე ბიზნესსაქმიანობად იქცა.

ევროკავშირის ხელშეწყობით, დაფუძნებული სამეწარმეო სკოლა თანამედროვე იდეებისთვის არტსალონი „კრეატორიუმი“ მცირე სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. მათი დამფუძნებლები სამეწარმეო სკოლის კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად შეუდგნენ საკუთარი მეგობრული იდეის მასშტაბურ რეალიზებას. სამეწარმეო სკოლის მიზანიც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და ბიზნეს გარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. პროექტი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას ემსახურება და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში.

იხილეთ ვიდეო აქ.

ბოლო ათწლეულში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ინოვაციური, ორიგინალური იდეებისათვის შექმნილი სტარტ-აპები სწრაფად ვითარდებიან. სამეწარმეო სკოლაში მიღებული კვალიფიციური ცოდნა ახალგაზრდას ეხმარება, თუ როგორ უნდა გარდაქმნას იდეა ბიზნეს პროექტად. სწავლების პროცესში ის უკვე პრაქტიკულ გზებს ხედავს, როგორ აქციოს თუნდაც თავისი დიდი ხნის ბავშვობის ოცნება ან ჰობი ბიზნეს შესაძლებლობად. ასე იქცა სამეწარმეო სკოლიდან ორი მეგობრის იდეა ბიზნეს საქმიანობად.

საჭირო დროს საჭირო ადგილას… 

ეს პროექტი ჩვენს სფეროსა და ზოგადად ბიზნეს საქმიანობის მართვაზე კარგად არის მორგებული, რაც ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნეს სფეროში სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის სესხით ვსარგებლობთ, მაგრამ არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს“.

მარიამი სამი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა დედაა, ნინო კი საზღვრისპირა სოფელ დიციდანაა. დიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები პოპულარობით მხოლოდ სამეგობრო წრეში სარგებლობდა. დღეს უკვე საკუთარ ოფისში გიმასპინძლებენ და კომპლექსურ შემოქმედებით სერვისებს შემოგთავაზებენ. ქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირებს, მოხატულ ჩანთებს, გრავირებულ სურათებს, სასაჩუქრე ყუთებს, ალბომებს, პორტრეტებს, ხატავენ გარე ფასადსა და სამოსზე, მუშაობენ თიხაზე. 

სამეწარმეო სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნინოს და მარიამის ცხოვრებაში. ახალგაზრდებს სამომავლოდ  საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზანი აქვთ, რის მიღწევასაც პროექტის დახმარებით გეგმავენ. ახალგაზრდა მეწარმეებმა უკვე ისარგებლეს მენტორის მომსახურებით, მათ ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციები დიზაინერული კომპანია „კოჩინელას” ხელმძღვანელის, ია საგინაშვილისაგან მიიღეს.

თანამედროვე და თავისუფალი ქართველი ახალგაზრდების ნინოს და მარიამის ამბავი ერთ–ერთია მრავალთაგან და მაგალითია სხვებისთვის. „არ უნდა მოუსმინოთ სხვების უარყოფით შეფასებებს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საკუთარი მიზნებისთვის. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. ჩვენ ფაქტიურად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. გარშემომყოფების სკეპტიციზმმა არ გვათქმევინა საკუთარ იდეაზე უარი და ყველაფერი ისე კარგად წარიმართა ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და უკეთესები წინ გველის. დღეს კრეატორიუმში დაგხვდებათ კრეატივი და ბევრი პოზიტივი, ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერის მოწყობაში ჩვენივე ნაკეთობებით, რომელიც ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნება. ასევე, დაგეხმარებით წვეულებების, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებასა და გალამაზებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ვაქციოთ. აქ ჩვენ, ყველას სრული თავისუფლება და ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. შემოქმედებითი მეწარმეობის მიზნით შექმნილი „კრეატორიუმი“, კრეატიულ მომსახურებასთან ერთად, არტ-თერაპიისა და გამოყენებითი ხელოვნების წრეებსაც აერთიანებს, სადაც მსურველებს ხელოვნებასთან ზიარება ასაკის შეუზღუდავად შეუძლიათ“.  

ახლა გოგონებს მხოლოდ პოსტკორონა პერიოდი და ხალხის ნდობა სჭირდებათ. ნდობის საპასუხოდ კი განსაკუთრებული დღეების დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდებიან.  კრეატორიუმის პოსტები სავსეა  პოზიტივით.

  • სანამ ვან გოგი კარანტინშია, რა დევს კოსმიურ ყუთში?
  • ალბომი ფოტოებით ოჯახის ან ერთი ადამიანის ცხოვრებისეული ამბებით სხვადასხვა ეტაპებზე, საუკეთესო დღე უნდა იყოს საუკეთესო.
  • ვან გოგი და ფიროსმანი, რომ გეწვიოთ სახელოსნოში რას ჰკითხავდით?
  • ჩვენ ვართ კრეატული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს, თქვენ როგორ ხატავდით ასე მაგრად, როგორც ხატავდით…

მასალები მომზადებულია „ენტერპრენერ საქართველო“-ს მიერ პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.