ევროკავშირის მხარდაჭერით ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი Covid-19-ის გამოწვევებს ახალი ინიციატივებით პასუხობს
Covid-19-ის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად საქველმოქმედო ინიციატივა განახორციელა. ინიციატივების მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, მათთვის სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებით. მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში შერჩეულ 120 ადამიანს გადაეცა სასურსათო კალათა.
აქციის დაწყების დღიდან, დაბა მესტიის სასურსათო მაღაზიებში გახსნილ პუნქტებში აქტიურად მიმდინარეობდა პროდუქტების შეგროვება. პარალელურად კი, LAG-ის წევრები, მესტიის მუნიციპალიტეტთან ერთად, სოციალური მედიის კამპანიით მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
„საწყის ეტაპზე დავამუშავეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მონაცემთა ბაზა ლაგის მმართველი წევრების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურისა და მესტიის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით. ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვნენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სასურსათო მაღაზიების მფლობელები აქციით #შეიძინე მათთვის ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება, სასურსათო მაღაზიებში გამოყოფილი იყო სივრცე სადაც მისულ მომხმარებელს შეეძლო არამალფუჭებადი პროდუქტის შეძენა და დატოვება,“ აღნიშნავს LAG-ის კოორინატორი ელენე განაია.
პარალელურად, LAG-ის ახლაგაზრდულმა ფრთამ, სოციალურ მედიაში „დარჩი სახლში“ გამოწვევის საშუალებით, მცირერიცხოვანი ფონდების მოძიებაც შეძლო. სოციალური მედიის მომხმარებლებმა თვითიზოლაციის პირობებში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნეს, მეგობრები გამოიწვიეს და მინიმალური რაოდენობის თანხა LAG-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხეს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა 7000 ლარის შეგროვება შეძლო.
მოგროვებული თანხით, LAG-ის წევრებმა პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიძინეს და აღდგომის დღესასწაულისთვის ოჯახებში გაანაწილეს. სულ 180 შემომწირველის დახმარებით, მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში უკვე 120 ადამიანს გადაეცა საჭირო პროდუქტები, მათ შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარო ადამიანები, მარტოხელა, მარჩენალდაკარგული, და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები. მათგან 50 მამაკაცია, 70 ქალი, 82 კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ლაგ-ის ახლაგაზრდული ფრთა აქციის მეორე ეტაპსაც გეგმავს.
„ნამდვილად არ ველოდით მსგავს ჩართულობასა და გამოხმაურებას, დიდი მადლობა ლაგის წევრებსა და თითეულ იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ პროცესში და გაახარა ასობით ადამიანი,“ ამბობს ელენე.
LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები აქტიურად არიან ჩართულნი ვირუსის პრევენციის საინფორმაციო კამპანიაში. LAG-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ისინი მოსახლეობას პირად გამოცდილებას უზიარებენ თუ როგორ უმკლავდებიან ცვლილებებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის ENPARD III-ის პროექტის „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქეა ავსტრია, PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.
ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს ENPARD პროგრამის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 179.5 მილიონი ევრო და მისი მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: enpard.ge