ევროკავშირის მხარდაჭერით, თელავში დამისამართების ახალი ნიშნები და QR კოდები დამონტაჟდა
თელავის სტუმრები ისტორიულ ქალაქში არსებული შენობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციას, ამიერიდან, QR კოდების საშუალებით მიიღებენ. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონის ამ უძველეს ქალაქში ინფრასტრუქტურა განახლდა. პროექტის ფარგლებში, შენობებზე განთავსებული QR კოდების დასკანერებით, ქალაქის მცხოვრებლები და ტურისტები ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღებენ.
აქვეა QR კუბებიც, რომელთა საშუალებით, რეგიონში დაგეგმილი ფესტივალებისა თუ საერთაშორისო ტურნირების შესახებ ინფორმაციაზე წვდომაა შესაძლებელი. QR კუბი ერთგვარი საინფორმაციო გიდის ფუნქციას ითავსებს და ქალაქის სტუმრებს ვირტუალური ტურების მოწყობაშიც ეხმარება.
„თელავი ისტორიული ქალაქია. ევროკავშირის მხარდაჭერით, გაკეთდა ძალიან მაგარი პროექტი. დააყენეს QR კოდები – საკუთარი ტელეფონით შეგიძლია, მიანათო და გაიგო ამა თუ იმ სახლის ისტორია, რაზე არის დაფუძნებული, როგორ აშენდა, რამდენი წლის არის. ეს ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია, როგორც ჩვენთვის, თელაველებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – მიიჩნევს თელავის მკვიდრი ალექსანდრე ცინკვერაშვილი-რაზმაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა ქალაქს ტურისტებისთვისაც უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.
თელავის მასშტაბით, 200-ზე მეტ ლოკაციაზე, დამისამართების ახალი ნიშნებიც დამონტაჟდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ აქამდე, ამა თუ იმ მისამართზე მისვლა საკმაოდ დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მსგავსი ნიშნები კი, გარდა იმისა, რომ ქალაქს გაალამაზებს, თელავში ნავიგაციასაც ბევრად გაამარტივებს. პროექტის განხორციელებაც თავად მოქალაქეებმა მოისურვეს და ინიციატივით მუნიციპალიტეტს მიმართეს.
„თელავში, სასწრაფოს, სახანძრო მანქანის გამოძახების შემთხვევაში, მძღოლებს ქუჩებში გადაადგილება უჭირთ – ზუსტად არ იციან კონკრეტული ქუჩები, რადგან არ არის გაკრული აბრები, თუ რომელი ქუჩაა. შესაბამისად, აგვიანებენ ადგილზე მისვლას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირბოროტო საკითხი განგვეხილა და გადაგვეცა ჩვენს საკრებულოში. ინიციატივა ძალიან მოიწონეს და პროექტი ევროკავშირის ეგიდით განხორციელდა. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე უკვე გაკეთდა ეს აბრები, სადაც 2 ენაზე არის დაწერილი ინფორმაცია“, – აღნიშნავს ორგანიზაცია „თელავი ჩემი ქალაქიას“ დამფუძნებელი თამარ ლაზარიაშვილი და განმარტავს, რომ ახლა მისამართების მოძიების პრობლემა აღარც მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის დროს შეიქმნება, ქალაქის სტუმრები კი მათთვის სასურველ განთავსებისა თუ კვების ობიექტებს და სხვა ღირსშესანიშნაობებს უფრო მარტივად მოიძიებენ.
ევროკავშირის მხარდაჭერით, თელავში ენერგოეფექტური სკამებიც განთავსდა, სადაც მსურველები უფასო ინტერნეტით (WiFi) სარგებლობას და მობილური ტელეფონის დამუხტვასაც შეძლებენ. მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები განსაკუთრებით მოსახერხებელი სწორედ ტურისტებისთვის იქნება. მიზანიც ეს იყო – ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, თელავის ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა და მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გვერდზე