fbpx
Skip to main content

ევროკავშირი და FAO სოფლად მცხოვრებ ქალებს აძლიერებენ

17/07/2020

ბოლო მონაცემებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ქალებს შეზღუდული აქვთ წვდომა ესეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორებიცაა მიწა, სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, ახალი ტექნოლოგიები და ფინანსები. ასევე პრობლემატურია მათ მიერ საგანმანთლებლო და სატრენინგო შესაძლებლობების მიღება. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის პროგრამებში ჩართულთა შორის, მხოლოდ 23%-ია ქალი.

იმისათვის რომ ქალებმა სოფლად სასოფლო-სამეურნეო ცოდნა აიმაღლონ და ფერმებში წარმოება გაზარდონ, ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრებ ქალებს, საუკეთესო, თანამედრობე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაზიარებით. პროექტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

ქალების პირდაპირი მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობით დაწყებული, დასრულებული კონსულტაციებით, რომლებიც ქალებს მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში ეხმარება. ეს აქტივობები არც COVID-19-ის პანდემიის პირობებში  შეჩერებულა. ღონისძიებები ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ქედას, ახმეტის, წალკისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. სოფლის მაცხოვრებლების, განსაკუთრებით კი, ქალების უნარებისა და ცოდნის გაძლიერება, ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც FAO და ევროკავშირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწევენ 2018-2020 წლების ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში.

39 წლის ლუდა მანუილოვა პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. 50 ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ის სიმინდის წარმოებას ეწევა. ლუდა უკვე ორი წელია FAO-ს აგრონომებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობს, რომლებიც მას კონსერვაციული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვაში ეხმარებიან. შედეგად,  მოსავლის ხარისხი გაუმჯობესდა და  სამეურნეო ხარჯები შემცირდა. ეს სრულყოფილად აჩვენებს ნიადაგის მინიმალური დამუშავების პრაქტიკის უპირატესობას, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რაც ნაკლები საწვავის მოხმარებასა და ნიადაგის მოსამზადებლად ნაკლები დროის დანაკარგზე აისახება.

ლუდა საკუთარ გამოცდილებასა და მიღებულ ცოდნას ახლა უკვე ადგილობრივ ფერმერებს უზიარებს. იგი ასევე ეხმარება მათ მექანიზაციის სერვისებითა და სხვა საჭირო მასალებით უზრუნველყოფაში. „ყოველთვის მიხარია, როცა სხვა ფერმერებს, განსაკუთრებით კი ქალებს მოტივაციას ვუჩენ. მზად ვარ, ყველას გავუზიარო ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლის გაუმჯობესების ხერხები“, ამბობს იგი.

FAO-ს აგრონომები ასევე აქტიურად მუშაობენ ქალ ფერმერებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახელებებში. 52 წლის ფერმერმა ინგა ბერუაშვილმა, საკუთარი სახლი და მიწა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად მიატოვა. მან ახალი ცხოვრება ქვემო ქართლში, კოდას დასახლებაში დაიწყო და თავიდან ააწყო მეურნეობა 0,3 ჰექტარის ფართობის ნაკვეთზე.

ინგა ბერუაშვილს სამაგალითო სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბოსტნეული მოჰყავს. FAO-ს და ევროკავშირი დახმარებით, მან კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები დანერგა – მულჩირება, ნიადაგის ფორმირება, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, რაც ზრდის მეურნეობის მდგრადობას გვალვის, წყალდიდობისა და კლიმატის ცვლილების სხვა შედეგების პირობებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, ინგა ბერუაშვილი მექანიზაციის მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებს დაუკავშირდა, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მისი წარმოება. ახლა ის თავის გამოცდილებას მეზობლებს უზიარებს და მიზანმიმართულად ცდილობს კოდას დასახლების სხვა დევნილი ქალების ჩართვას მსგავს პროექტებში.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონი FAO-ს აგრონომებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა ქალი ფერმერების მხარდაჭერის კუთხით. 53 წლის მცირე მეურნე ციური ბერიძე, 0.05 ჰექტარის (500 მ2) ფართობის ნაკვეთის ყოველ სანტიმეტრს გულმოდგინედ ამუშავებს მცირემიწიანი მაღალმთიანეთის სოფელ ქედაში.

ციური ბერიძე ერთ-ერთი პირველი ქალი ფერმერია, რომელმაც FAO-ს აგრონომებისგან ახალი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ტექნოლოგია შეისწავლა. მან პომიდვრის წარმოების საკუთარი გამოცდილება სწრაფად გაამდიდრა ჩითილების გამოყვანის ახალი მეთოდებით, ბაზოების მოწყობითა და მულჩირების გამოყენებით, ასევე ტრანსპლანტერების გამოყენებით, რამაც მას მძიმე ფიზიკური შრომა შეუმსუბუქა.

„ჩითილების ხელით გადარგვა სამუშაოს ტანჯვად აქცევდა ხოლმე. FAO-ს და ევროკავშირის პროგრამის ექსპერტებისგან ვისწავლე, რომ ეს საქმე უფრო ადვილად და გონივრულად შეიძლება გაკეთდეს. მეზობლებმაც ნახეს ჩემი შედეგები და თავადაც გადაწყვიტეს, ტრანსპლანტერების შეძენა შემდგომი სეზონისთვის. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სასარგებლო ინფორმაციისა და რჩევებისა, რაც პროფესიონალი აგრონომებისგან გავიგე“, ამბობს ციური.

ქალი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერების პარალელურად, FAO და ევროკავშირი, საქართველოს  რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტებისთვის  გენდერის ტრენინგებსაც ატარებენ. 100-ზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა სატრენინგო პროგრამაში, რომლის მიზანია სპეციალისტების გადამზადება, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გენდერული საკითხები გათვალისწინება შეძლონ. ტრენინგები საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

FAO-ს ექპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს გენდერული საკითხების შესახებ ინფორმაცია და კონცეფციები გაუზიარეს. პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა ექსტენციონისტებს საკონსულტაციო პროცესებში გენდერული საკითხების გათვალისწინებაში დაეხმარება.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი  179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზის  პრიორიტეტს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და არამარტო აღნიშნულ სექტორში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.