fbpx
Skip to main content

ევროკავშირი იწყებს ახალ პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად

23/07/2020

ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპოლის (Europol) ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლაში. პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში დანაშაულის შემცირებას და მოქალაქეებისათვის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში ევროპოლი (Europol) ხელს შეუწყობს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე. სპეციალურად გამოყოფილი დაფინანსებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკაშირის უსაფრთხოებისთვის იმ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკურ ციკლშია განსაზღვრული. ინფორმაციის გაზიარებისა და ოპერატიული თანამშრომლობის არსებული ქსელები შესაძლოა გაფართოვდეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ერთობლივი გამოძიებების ჩასატარებლად.

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და ნდობის ჩამოყალიბების მიმართულებით,“ განაცხადა  კეტრინ დე ბოლმა,  ევროპოლის (Europol) აღმასრულებელმა დირექტორმა. „კოორდინირებული ძალისხმევა მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ საერთო გამოწვევებსა და ტრანსსასაზღვრო საფრთხეებს.“ 

ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის დირექტორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, აღნიშნა: „ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელები ეროვნულ საზღვრებს არ სცნობენ და შესაბამისად მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევენ. სერიოზული და ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება ევროკავშირისა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების საერთო გამოწვევაა. ვამაყობთ იმით, რომ ევროპოლსა (Europol) და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერებით, საკუთარი წვლილი შეგვაქვს საერთო მიზნის მიღწევაში.”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში მდებარეობს, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი „ჰეროინის გზა“ გადის. შესაბამისად, ეს ქვეყნები ამ გზის გასწვრივ მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფები ჩართული არიან ისეთ დანაშაულებრივ მოქმედებებში, როგორიცაა მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა, ცეცხლსასროლი იარაღითა და ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ამ სახის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაული, როგორიცაა დოკუმენტების გაყალბება. ეს დანაშაულებრივი სინდიკატები საფრთხეს უქმნიან არა მარტო ადამიანების უსაფრთხოებას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისა და ევროკავშირის სტაბილურობას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის. 

ევროკავშირმა, 10 მილიონი ევროს მოცულობის უფრო ფართო თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში, აღნიშული ოთხწლიანი პროექტის განსახორციელებლად 2.5 მილიონი ევრო გამოყო. დანარჩენი ორი კომპონენტი ითვალისწინებს სამართალდამცავთა ტრენინგებს საფრთხეების შეფასებისა (პროექტის ხელმძღვანელია სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტო (Cepol) ევროპოლის (Europol) მონაწილეობით) და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნების საკითხებზე (ხელმძღვანელი: გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი – UNICRI).