fbpx
Skip to main content

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლად ქალების გაძლიერებას: სამი ქალის წარმატების ისტორია ქედადან

14/03/2020

წლებია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ სასიცოცხლო ფაქტორად განიხილავს. ქალების ეკონომიკური გაძლიერება უპირობოდ მიბმულია გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობასთან სხვადასხვა მომსახურებაზე, ეკონომიკურ რესურსებსა თუ შესაძლებლობებზე, რაც მსოფლიოს, კონკრეტული ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის განვითარების წინაპირობაა.

რეალურად, ქალები თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ მათი წვლილი, ძირითადად, შეუმჩნეველი რჩება. ერთი მხრივ, ქალები თავიანთ თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ მეწარმეებად და თავიანთ შრომას ოჯახურ მოვალეობად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, კონკრეტულ საზოგადოებებში არსებული ბარიერები, მათ შორის ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, შინამეურნეობის სირთულეები, სატრანსპორტო საშუალებებზე და თანამედროვე ენერგორესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა თუ სტერეოტიპები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს.

თუმცა, მანამ, სანამ ანგარიშები და კვლევები სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე მიუთითებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს კი შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ, სოფლად მრავლად მოიძებნებიან აქტიურად მშრომელი ქალბატონები – ქალბატონები, რომლებიც არ უფრთხიან გამოწვევებს და კრეატიულ საქმიანობას უპირობო შეუპოვრობით აგრძელებენ. დაკისრებული ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის პარალელურად, ქალები კვლავ არ კარგავენ ფოკუსს პროგრესსა და განვითარებაზე, სარგებლობენ არსებულით ან ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, სწავლობენ და მაინც აღწევენ სასურველ მიზანს, ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობა.

ქალების ეკონომიკურ გაძიერებას საქართველოში აქტიურად უწყობს ხელს ევროკავშირი. ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა წარმოადგენს. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების ფარგლებში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებში არაერთი აქტიური ქალბატონი მონაწილეობს და საკუთარ ბიზნეს საქმიანობასაც ახორციელებს.

რა შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი იმისა, რომ ქალმა ეკონომიკური საქმიანობა დამოუკიდებლად წამოიწყოს? რა არის მოტივაცია და შედეგი იმისა, რომ ქალი საკუთარ ბიზნესს წარმატებულად გაუძღვეს? ამ და სხვა საკითხებზე სწორედ ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების მაგალითზე მოგიყვებით – იმ ქალების, რომელთაც მოახერხეს და სოფელში ბიზნეს ინიციატივები წარმატებულად განახორციელეს, პარალელურად კი ადგილობრივ მოსახლეობაში სიახლისა და ცვლილებების შეტანის სურვილი გააღვივეს.

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამივე ქალს, რომელთა ისტორიასაც გიზიარებთ, გარდა სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესისა, მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა აერთიანებს. თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობაში, რომლის ძირითადი ამოცანა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებაა. ამასთან, ქედის LAG-ის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საქმიანობას ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას საქართველოში. პროექტის განმახორცელებელი პარტნიორია CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტსა (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) ერთად.

მანანა დუმბაძე, სოფელი მერისი

21,244 ადამიანით დასახლებული ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ყურძნის უნიკალური ჯიშებით, სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით, სამკურნალო და მინერალური წყლებითა თუ ისტორიული მემკვიდრეობით მდიდარ მუნიციპალიტეტს სხვებისგან უნიკალური ფოლკლორიც გამოარჩევს, ფოლკლორის გარეშე კი არ არსებობს მანანა დუმბაძის ოჯახის ყოველდღიურობა. ფოლკლორი რომ არა, არ იარსებებდა არც მანანას უკვე წარმატებული ბიზნესი.

მანანა დუმბაძე სოფელ მერისში მდებარე უნიკალურ საოჯახო სასტუმროს „მოყვარე“ ხელმძღვანელობს. წლებია, მისი ოჯახი ტურისტებს ტრადიციული სტუმართმოყვარეობითა და აჭარული კერძებით უმასპინძლდება, თუმცა ეს არ არის ის, რაც „მოყვარეს“ უნიკალურობას განაპირობებს. მანანას ბიზნესი მჭიდრო კავშირშია მისივე მეუღლის ფოლკლორულ ანსამბლთან, რომელსაც ასევე „მოყვარე“ ეწოდება.

ყველაფერი დაიწყო, დაახლოებით, 10 წლის წინ. მანანას ოჯახში აღმოჩნდა თბილისის ფოლკლორის ცენტრიდან ჩამოსული სტუმარი, რომელიც სოფელ მერისში არსებული ძველი ტრადიციული სიმღერების კვლევით იყო დაინტერესებული. სტუდენტმა გოგონამ ოჯახის წევრები თბილისში სპეციალურად გამართულ საღამოზე მიიწვია. საღამოზე მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი იმდენად მოიხიბლა მერისული სიმღერებით, რომ მანანას ოჯახს ფოლკლოლური ჯგუფის ჩამოყვანა და მათთვის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა, მანანას მეუღლემ მომღერალი ახლობლებისა და ნათესავებისგან ანსამბლი ჩამოაყალიბა, მანანას მამამთილმა ძველი მერისული სიმღერები გაიხსენა და აღადგინა, ოჯახმა კი სახლის კარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ ჯგუფებს გაუღო.

10 წლის წინ თუ მანანა ერთ ჯგუფს საკუთარ სახლში გაუმასპინძლდა, წელს შვიდი ჯგუფი უკვე სასტუმროში მიიღო. სახელმწიფოს ხელშეწყობითა თუ საკუთარი დანაზოგით ახალგაზრდა ქალბატონმა მოახერხა და ააშენა კოტეჯი, რაც საშუალებას აძლევს, ტურისტები რამდენიმედღიანი ტურის ფარგლებში მიიღოს და მათ მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს.

გარდა ფოლკლოლური სიმღერების ადგილზე მოსმენისა, სტუმრებს საშუალება აქვთ, წავიდნენ მთაში, იქ მოხუცი ბაბუასგან შეისწავლონ ძველი ფოლკოლური ნიმუშები და აჭარელი ბებოს მომზადებული კერძები დააგემოვნონ. ბარში მათ მანანა დახვდება თავისი მრავალფეროვანი და ნატურალურ პროდუქტებზე ორიენტირებული სამზარეულოთი და, სურვილის შემთხვევაში, საჭმლის მომზადების ვორქშოფსაც შესთავაზებს. მერისში არსებული რელიეფი ოჯახს ხელს უწყობს იმაში, რომ სტუმრები პიკნიკზე თუ ჩანჩქერების დასათვალიერებლადაც წაიყვანონ.

თუმცა, მანანა დუმბაძე მხოლოდ ფოლკლორულ ჯგუფებს არ უმასპინძლდება. როცა კოტეჯი თავისუფალია, მისი ეზოს კარი ღიაა ტურისტებისთვის სხვადასხვა ქყევნებიდან – მათ შორის ზოგიერთი ლანჩზე შემოირბენს, ზოგი კი საღამოს სიმღერების მოსასმენად მოვა.

„ას წელს ითვლის ჩვენი ძველი სახლი და იქ დარჩენაზეც დიდი მოთხოვნაა. სტუმრები გვეხვეწებიან, რომ არ გადავაკეთოთ და მას ტრადიციული სახე შევუნარჩუნოთ. როცა ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ გამასპინძლებაში და საჭირო დასარჩენი ადგილების შეთავაზებაში ძველი სახლი ნამდვილად გვეხმარება. 45-50 კაციანი ჯგუფებიც გვყოლია. ვეუბნებით სტუმრებს, რომ ამდენი ადგილი არ გვაქვს, თუმცა გვთხოვენ, რომ რამე მაინც მოვახერხოთ, არაფერზე პრეტენზია არ აქვთ“ – აღნიშნავს მანანა დუმბაძე.

სასტუმროს ერთი ქალი დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. მანანას სტუმრობენ ფოლკლოლური ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან… მათ შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც უკან მეორეჯერ ბრუნდებიან ან დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, ოჯახი საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობს, მოგებას ისევ ინვესტიციად აბრუნებს და მომავალში უფრო მასშტაბური მომსახურების მიწოდებას გეგმავს.

„სტრატეგიული მიზნების დასახვასა და საჭიროებების განსაზღვრაში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრობა ძალიან დამეხმარა. ვესწრებოდი შეხვედრებსა და ტრენინგებს, საიდანაც ბევრი რამ გავიგე და ბევრ საკითხში დავკვალიანდი. კომპეტენტურ ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე უფრო რთული იქნებოდა ახალი საქმის ნულიდან დაწყება. LAG-ის წევრობით შეძენილი დიდი გამოცდილების შედეგად ხდება ის, რომ დღეს ყველაფერი გათვლილი მაქვს, რას და როდის ვაკეთებ“ – აღნიშნავს მანანა დუმბაძე.

პარალელურ რეჟიმში მანანას თავად შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი სოფლად მცხოვრები სხვა ადამიანების განვითარებაში. ის ხშირად მონაწილეობს LAG-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ კონფერენციებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და მოუწოდებს, შექმნან რამე ახალი, უფრო აქტიურად ჩაერთონ სოფლის განვითარებაში.

„მე ვეტყოდი ყველა ქართველ ქალს, რომ არავითარი დაბრკოლება, არავითარი „მე ქალი ვარ და არ შემიძლია“ არ არსებობს. აუცილებლად რისკზეც უნდა წავიდეთ და საქმეც გავაკეთოთ. გაკეთებული საქმე უკან ცუდად არ მოგვიბრუნდება, მე ამის მჯერა. მე მეამაყება, რომ ქალი ვარ და ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერით. ყველას მოვუწოდებ, რომ თავადაც აუცილებლად სცადონ. მეც ნულიდან დავიწყე ყველაფერი, თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ გამიმართლა“ – აღნიშნავს მანანა.

ნაძეჟდა ჯაბნიძე, სოფელი მახუნცეთი

„მე ყველაფერი მაინტერესებს, მინდა, ყველაფერი ვიცოდე და ყველაფერი გავიგო. ყველგან რაღაცას ვსწავლობ და ვცდილობ, ეს გამოცდილება ჩემი ბიზნესისთვის გამოვიყენო“ – აღნიშნავს 61 წლის ნაძეჟდა ჯაბნიძე, რომელიც ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. LAG-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა თუ შეხვედრებზე შეძენილი გამოცდილება მისი ფერმერული საქმიანობის დახვეწისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დღეს ნაძეჟდა წარმატებით უძღვება 7 სული ფურისა და 4 მოზარდი პირუტყვისგან შემდგარ მეურნეობას, აწარმოებს რძეს, ნადუღს, კაიმაღს და მათ რეალიზაციას საკუთარ კაფეში ეწევა.

ნაძეჟდა ჯაბნიძე ახალგაზრდობაში ცეკვავდა. ცოლად თავის ქორეოგრაფს გაჰყვა და ოჯახი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში შექმნა. იმ წელსვე ჩააბარა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სწავლის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმდა. პარალელურ რეჟიმში ნაძეჟდა სკოლაში რუსული ენის პედაგოგადაც მუშაობდა. ამავე პერიოდში გააჩინა შვილებიც.

ნაძეჟდა ჯაბნიძე გათხოვებამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა დაბა ქედაში, სადაც პირუტყვი არ ჰყავდათ, მაგრამ გოგონას ყოველთვის აინტერესებდა პირუტყვთან ურთიერთობა. ეს იყო მისი ჰობი და ბებიასთან სტურმობის დროს რაღაც-რაღაცებს მუდამ სწავლობდა კიდეც. გამომდინარე იქიდან, რომ პირუტყვი არც მეუღლის ოჯახში უყვარდათ, ნაძეჟდამ ძალიან მოინდომა და დიდი შრომის ფასად მიაღწია იმას, რომ ოჯახში 2-3 სული ძროხა სულ ჰყოლოდათ. ნაძეჟდას სჯერა, რომ სოფელი არ შეიძლება, იყოს პირუტყვის გარეშე.

მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ნაძეჟდა ჯაბნიძეს მიაჩნია, რომ ნამდვილი ფერმერული საქმიანობა სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო მაშინ, როდესაც ფინანსები მოიძია, 5 ადგილობრივი ჯიშის ფური შეიძინა და პირუტყვის სადგომი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოაწყო. იმ პერიოდში ქალბატონი სტატისტიკის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოში სპეციალისტად მუშაობის მეოცე წელს ითვლიდა, ოჯახისა და პირუტყვისთვის დრო ნაკლებად ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ სამსახურისთვის ნაკლები დრო დაეთმო და ფერმერული მეურნეობისთვის მიეხედა. მას შემდეგ ნაძეჟდა მთლიანად საკუთარ ბიზნესზეა კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, სამსახურის დაკარგვა არც მორალურ და არც ფინანსურ ჭრილში მასზე უარყოფითად არ ასახულა.

ამჟამად ნაძეჟდა ჯაბნიძე 11 სულ პირუტყვს უვლის და რძეს, ნადუღს და კაიმაღს რძალთან ერთად აწარმოებს, პარალელურად კი ხელმძღვანელობს კაფეს, რომელიც დაბა ქედაში გზის პირას მდებარეობს. კაფე ადგილობრივ მოსახლეობასა თუ ტურისტებს ნაძეჟდას მიერ მომზადებულ კერძებს სთავაზობს, აქვე ხდება ოჯახში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციაც.

„ჩემს კაფეში ტურისტები მოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინია, სომხეთი და ა.შ. მათ ძირითადად ყავა, ჩაი ან მსუბუქი წახემსება უნდათ. ზოგიერთმა ხაჭაპურის შესახებაც რომ იცის, ძალიან მიხარია. ჩემს პროდუქტს აუცილებლად აგემოვნებენ, ხშირად შეიძენენ კიდეც“ – აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.

როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი, ნაძეჟდა ჯაბნიძე ხშირად ესწრება შეხვედრებს, რომლებიც LAG-ის წევრებისთვის იმართება:

„ჩემს შეხედულებებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შეხვედრებზე ყოველთვის ვაფიქსირებ. მმართველ საბჭოში არ ვარ, თუმცა ქედის პრიორიტეტულ მიმართულებების განხილვის დროს ჩემს აზრებს ყოველთვის ისმენენ და ითვალისწინებენ. ახლახანს ერევანშიც ვიყავი შემოდგომის ზეიმზე, როგორც აქტიური ქალბატონი, ჩემი პროდუქციით. შემოთავაზება სწორედ LAG-გან მივიღე და რატომ ვიტყოდი უარს?! ერევანშიც რაღაც-რაღაცები ვნახე, ვისწავლე და ამ გამოცდილებას ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის გამოვიყენებ“ – აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.

ნაძეჟდა ჯაბნიძემ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან აქტიური მუშაობის შედეგად, ბიზნეს საქმიანობას ახალი კუთხით შეხედა. ქალბატონს უკვე კარგად შეუძლია, განსაზღვროს, რა ტიპის მომსახურებაზე იქნება მოთხოვნა, სად არის საჭირო ინვესტიციების განხორციელება, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქედიკენ ინტერესის მოსაზიდად, რაც თავისთავად, მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს. თავადაც აქვს გაფართოების გეგმები და სჯერა, რომ სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

„ვფქრობ, ჩემი წვლილი მეც შემაქვს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. უკვე ცნობილი ვარ, როგოც ბიზნესმენი. ალბათ, მერე უფრო მოვღონიერდები“ – აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.

თინა თებიძე, სოფელი პირველი მაისი

თინა თებიძე ყავის განსაკუთრებული მოყვარულია. რამდენიმე წლის წინ მიხვდა, რომ ბაზარზე მხოლოდ მინარევებით გაჯერებული ყავა იყო ხელმისაწვდომი, მას კი ნამვილი ყავის მარცვლის გემო ენატრებოდა. თინამ მოიძია ფინანსები, შეიძინა ყავის საფქვავი აპარატი და 2016 წლის დეკემბერში ახალ საქმიანობას სპეციალურად მოწყობილ ოთახში შეუდგა. ამჟამად თინა თებიძე ყავის გადამამუშავებელ პატარა საწარმოს ხელმძღვანელობს, თავისივე წარმოებული და დაფასოებული ყავის რეალიზაციას კი ადგილობრივ ბაზარზე ეწევა.

„ორწლიანი საქმიანობის შემდეგ დანამდვილებით ვატყობ, რომ ეს არ არის ცუდი ბიზნესი, მომგებიანი საქმეა. რა თქმა უნდა, ამით ვერ გახდები მილიონერი, მაგრამ მე ჩემი თავით და ჩემი ბიზნესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვამჩნევ, რომ ჩემი პროდეუქტის მოხმარებაც დღითიდღე იზრდება. მომხმარებელიც ძალიან კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პრიმიტიულად, პოლიეთილენისა და მუყაოს პარკებში მაქვს ყავა დაფასოებული და არ მივმართავ არანაირ რეკლამას“ – აღნიშნავს თინა თებიძე.

თინა თებიძე მიიჩნევს, რომ მისი ყავის პოპულარობის ზრდას, პირველ რიგში, ხარისხი განაპირობებს. მიუხედავად დიდი ცოდნისა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყავის ფალსიფიცირება, თინასთვის დღემდე მნიშვნელოვანია სუფთა და ხარისხიანი ყავა. „რომელ ყავასაც მე თვითონ ვსვამ, ის უნდა დალიოს ჩემმა მომხმარებელმაც, ეს არის ჩემთვის მთავარი“ – აღნიშნავს თინა.

საკუთარი ბიზნესის პარალელურად, თინა თებიძე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმითაც არის დაკავებული – აჭარის დასაქმების სააგენტოს ქედის რაიონის განყოფილების უფროსია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებაში ეხმარება. ამასთან, თინას გენდერული საკითხების კუთხით მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს და ამჟამადაც საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრია. დამწყები მეწარმე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული, მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, გარკვეულ პერიოდებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თემის რწმუნებული და ა.შ…

„ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების შემადგენლობაში. ჩემი ძალიან ბევრი კარგი და გამოცდილი ნაცნობი LAG-ის წევრი იყო, მეც მინდოდა, რომ ამ ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნისთვის რამე გამეკეთებინა. ახლა კი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ, ვესწრებით შეხვედრებს, ტრენინგებს და ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამასთან, LAG-ს ჩემს წინსვლაში დიდი როლი აქვს. LAG-ის წევრებად გაერთიანებულ კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარმა გაფართოებაზე, მათმა რჩევებმა განაპირობა ის, რომ მე ახალ საქმიანობას წარმატებით ვუძღვები. მე შემიძლია, მათ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მივმართო, ისინი კი გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად დამეხმარებიან“ – აღნიშნავს თინა თებიძე.

თავდაპირველად ყავის წარმოება თინასთვის შემოსავლის გაზრდის საშუალებას წარმოადგენდა. მის მოტივაციას ამყარებდა სურვილი იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კარგი ყავა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ მას, როგორც ქალს, კარგად შეუძლია გარკვეული საქმიანობის მართვა. მაშინ, როდესაც აღნიშნული მიზნები უკვე მიღწეულია, თინა საქმიანობის გაფართოებაზეც ფიქრობს. მეწარმე იმედოვნებს, რომ მომავალში მისი, უკვე ეტიკეტირებული ყავა უფრო ფართო ბაზარზე გაიყიდება.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მანანა, ნაძეჟა და თინა 2017 წლიდან გააერთიანა – სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქედაში, ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების LEADER მიდგომის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს პირდაპირ კავშირს სოფლის ეკონომიკასა და განვითარების ქმედებებს შორის. ამ მიდგომის მთავარი იდეაა სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებითა და მათი ძალისხმევის გაერთიანებით. მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივი სტრატეგიის შექმნისა და რესურსების გამოყენების გზით.

სოფლის განვითარების LEADER მიდგომით, სოფლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებია, ხოლო განვითარების მთავარი რესურსი – სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით. LEADER პროცესი გულისხმობს კავშირების დამყარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით და ადგილობრივი თემების გაერთიანებას საერთო მიზნებისა და ხედვის ირგვლივ.

სწორედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დაკომპლექტების ეტაპზე ერთიანდება ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქალი ქედის მუნიციპალიტეტიდან, მათთან ერთად კი კიდევ 300-მდე წევრი ერთვება მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ადგილობრივი ჯგუფის დაკომპლექტება ღია პროცესი იყო, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, შეევსო განაცხადის ფორმა, რომლის მიხედვითადც ის LAG-ის წევრობის სურვილს გამოხატავდა.

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნის შემდეგ, თანამონაწილეობრივი გზით უნდა შემუშავებულიყო ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგია. პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ENPARD-ის პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინოვაციური პროექტების განხორციელებას, საგრანტო კონკურსების შედეგად, სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.

ქედის ადგილობრივი ჯგუფი 2017 წლის დეკემბრიდან უკვე რეგისტრირებულია, როგორც ორგანიზაცია, რომელმაც უკვე შეიმუშავა ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, ამჟამად კი პროექტის მესამე ეტაპი – საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი, ანუ იდეების გენერირების ფაზა, უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებისგან კი დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის სრული ფორმის წარდგენას დაელოდებიან.

ქედის ადგილობრივი გავნითარების ჯგუფის სამასამდე წევრი წარმოადგენს როგორც კერძო, ისე საჯარო და სამოქალაქო სექტორს. მათ უკვე აირჩიეს 15 კაციანი მმართველი საბჭო, ერთი თავმჯდომარე და ორი თანათავმჯდომარე.

LAG-ში წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორული მიმართულებები: სოფლის მეურნეობა; ტურიზმი; გარემოს დაცვა, ბიომრავაფეროვნება და ტყე; ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებაში; ჯანდაცვა და სოციალური საკითხები; ქალების გაძლიერება. LAG-ის 300-მდე წევრი, საქმიანობისა და ინტერესის მიხედვით, სწორედ აღნიშნულ სექტორულ ჯგუფებად არის გადანაწილებული. თითოეულ სექტორულ ჯგუფს თავისი კოორდინატორი ჰყავს. თითოეულ სექტორულ მიმართულებას ასევე აქვს თავისი სამუშაო დებულება, რომელზეც კოორდინატორი ლაგის წევრებთან ერთად მუშაობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ლაგის სამასივე წევრი აქტიურად იყო ჩართული – სამუშაო ტიპის შეხვედრები ეწყობოდა სექტორული ჯგუფების მიხევდით. სტრატეგიით განსზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ LAG-ის წევრებისა და მმართველი საბჭოს მიერ განისაზღვრა. ამასთან, LAG-ს აქვს თავისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: საგანმანათლებლო თუ გარემოს დაცვითი საქმიანობა; ახალგაზრდებთან და ქალებთან მუშაობა… ამ შეხვედრებს ხშირად თავად ლაგის წევრებიც აწყობენ.

„LAG-ის წევრების მთავარი სარგებელი არის ის, რომ ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტის, თავიანთი სოფლის განვითარებიაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ჩართულები არიან ყველა პროცესში, რაც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. LAG-ის წევრების საერთო კრება იმართება 6 თვეში ერთხელ. ამ დროს წევრები დაგეგმილ საქმიანობას, სტრატეგიის პრიორიტეტებსა თუ შედეგებს ეცნობიან. საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებიც წევრების მიერ და მათი ჩართულობით ვლინდებიან, თუმცა LAG-ის წევრებსაც აქვთ შესაძებლობა, მიიღონ მონაწილეობა საგრნტო კონკურსში“ – აღნიშნავს ნინო გაფრინდაშვილი, ქედა ლიდერის პროგრამის მენეჯერი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებაშიც. პირველ რიგში, თავად LAG-ში გაერთიანებული არიან საკმაოდ აქტიური ქალები, რომელთაც უკვე არსებული ბიზნესი აქვთ და, ევროკავშირის მხარადაჭერით, LAG-ის წევრობის შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, ამ ბიზნესის გაფართოებას ახერხებენ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ასევე ხელს უწყობს ქალების ჩართულობას სოფლის განვითარებაში ისეთი აქტივობების სახით, როგორიცაა ტრენინგი მეწარე ქალებისთვის, ტრენინგი ორგანიზაციული თუ ფინანსური მართვის, პროექტების წერის, ბიზნეს იდეების დამუშავებისა და ა.შ. შესახებ… აღნიშნული ტრენინგების საფუძველზე, ქალებს თავიანთი ცოდნისა და იდეების განხორციელების საშუალება ეძლევათ. გარდა ამისა, CENN მუდმივად ცდილობს, ჩართოს აქტიური ქალები სხვადასხვა ფესტივალებში, ფორუმებში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

ქედის LAG-ის დაფუძნებიდან დღემდე მიღწეული ძირითადი შედეგია 2018-2022 წლების სტრატეგია, რომელმაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა. სწორედ ამ პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაყრდნობით მოხდა და მომავალშიც მოხდება საგრანტო პროექტების დაფინანსება.

ავტორი: თეა ღვინაძე