fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 მაცივარი გადასცა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19 პანდემიასთან გასამკლავლებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების გადასაცემად.

ღონისძიებაზე კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა: ”აღჭურვილობასთან, მედიკამენტებთან, ტესტებთან და სხვა მოწყობილებებთან ერთად ეს 300 მაცივარი არის კიდევ ერთი დასტური ევროკავშირის ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს საქართველოს წარმატებით გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას. WHO–სთან ერთად, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და ვართ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მომხრენი.”

„Covid-19-თან ბრძოლის პროცესში ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ. დღეს მათ გადმოგვცეს სამედიცინო მაცივრები და ვაქცინის გადამზიდავი სპეციალური ტრანსპორტი, რაც ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესს გაამარტივებს. ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ასევე განხორციელების პროცესში ევროკავშირი და ჯანმო სამინისტროს ერთგული პარტნიორია. ამისათვის, კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ“, – აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღევანდელი ღონისძიება ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ერთობლივად ეხმარებიან. ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინების ხელმისაწვდომობის და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გარდა, საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა ვაქცინების მიმართ უნდობლობის აღმოსაფხვრელად.

„მოწოდებული აღჭურვილობა დაეხმარება საქართველოს მიაღწიოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ და ასევე, ეროვნული გეგმით განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის ზრდას სოფლად და შორეულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის“- ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  • ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიის დროს გაწეული დახმარების შესახებ შეიტყვეთ მეტი აქ.
  • იყავით მუდმივად ინფორმირებული COVID-19-ის უახლესი სტატისტიკური მონაცემების თაობაზე ინტერაქტიული დიაგრამების საშუალებით WHO HQWHO/Europe.
  • გთხოვთ, ეწვიეთ ჯანმოს ვებ-გვერდს რჩევები საზოგადოებას  COVID-19-თან დაკავშირებით.
  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დელეგაციის ვებ-გვერდს.

ინფორმაციისათვისდაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე,  ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
    Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • თათია წერეთელი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
    tatsereteli@moh.gov.ge; 599499004
  • რუსუდან ხოტივარი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
    khotivarir@who.int; 593500823