fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა და IOM-მა საქართველოს სანაპირო დაცვას სწრაფი რეაგირების ნავები გადასცა

ევროკავშირმა და IOM-მა საქართველოს სანაპირო დაცვას სწრაფი რეაგირების ნავები გადასცა / EU and IOM Donate Fast Response Boats to Georgia’s Coast Guard

სწრაფი რეაგირების ოთხი ნავი, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 5 მილიონი ლარია, ფოთსა და ბათუმში განაწილდება და საქართველოს სანაპირო დაცვას შიდა წყლების ეფექტიან პატრულირებაში დაეხმარება.

ცერემონიის დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა, განაცხადა, „უსაფრთხო და დაცული საზღვრები მნიშვნელოვანია საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის, მოქალაქეებისთვის. შავი ზღვის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფიზიკური ხიდის, და მის გარშემო ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ მიმართულებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას მომდევნო წლების მანძილზე მისი საზღვრების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ბოლო ათი წლის მანძილზე ვაკეთებდით“.

IOM-ის მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით “ამ დონაციას წინ უძღვოდა IOM-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი შესყიდვები, რომელიც მიმართულია საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. მოხარული ვართ, რომ ამიერიდან საქართველოს სანაპირო დაცვის პერსონალს აქვს შესაძლებლობა, მართოს ეს ახლად შეძენილი ნავები საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით“.

ნავების შესახებ

ნავები ფოთსა და ბათუმში განაწილდება და საქართველოს სანაპირო დაცვას შიდა წყლების ეფექტიან პატრულირებაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ეფექტიანობისა და რეაგირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.

ნავების ძირითადი მახასიათებლები სანაპირო დაცვის საჭიროებებსაა მორგებული, რათა ისინი თავსებადი იყოს საქართველოში უკვე არსებულ აღჭურვილობასთან და საზღვაო სამეთვალყურეო სისტემებთან. ნავების გადაცემას წინ უძღოდა სანაპირო დაცვის პერსონალის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, როგორც ნავების გამოყენებაში, ასევე მათ მოვლა-შენარჩუნებაში.

პროექტის შესახებ

IOM-ის მოცემული პროექტი სახელწოდებით – „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად. ამავე პროექტის ფარგლებში, 2020-2021 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას უკვე გადაეცა 40 მანქანა, 200 პორტატული და მობილური რადიო საკომუნიკაციო მოწყობილობა და 60 პერსონალური კომპიუტერი, რომელთა საერთო ღირებულებამ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ანა კაკუშაძე, მედია და კომუნიკაციების ოფიცერი, IOM, akakushadze@iom.int

გთხოვთ, ასევე ეწვიოთ ვებგვერდს: www.informedmigration.ge