ევროკავშირმა, FAO-მ და UNFPA-მ, პანკისის ხეობაში, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნა
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის „ENPARD“ ფარგლებში, ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული, საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
ტრენინგი, „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) ინიციატივის „ინფორმირება, განათლება, გაძლიერება“ ნაწილია.
ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებას, პანკისის ხეობაში მცხოვრები, დაახლოებით 35 ქალი დაესწრო, ტრენინგის ფარგლებში მათ გაიგეს მეტი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მონაწილეები დიდი ინტერესით გაეცნნენ წარმოდგენილ პრეზენტაციებს და აქტიურად ჩართნნენ საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში. კამპანიის დაწყებიდან, პროგრამის “ENPARD” ფარგლებში”, FAO-სა და UNFPA-ის მიერ, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, გენდერულ საკითხებზე ტრენინგები უკვე 294 ქალს ჩაუტარდა,.
„გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში. ამ დროს, ისინი სასოფლო სამეურნეო წარმოების ფასეულობათა ჯაჭვებში მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას გენდერული უთანასწორობის შესახებ და ქალების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის სექტორში უფრო დაბალანსებული და სამართლიანი განვითარების პროცესის შესაქმნელად“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.
„ სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ქვეყანა დგას სწორ გზაზე გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალების გაძლიერების კუთხით. ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. კოვიდ-19-ის კრიზისის შედეგად წარმოქმნილი სოციო-ეკონომიკური გარემოებები და ჯანდაცვის გამოწვევები, არაპროპორციულად აისახა ქალებზე, განსაკუთრებით სოფლებსა და ადგილობრივ მოსახლეობებში. ევროკავშირის საგარეო კურსი, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების წახალისების მყარ მხარდაჭერას გულისხმობს, მათ შორის საქართველოშიც. აღნიშნულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირის “სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ საგარეო ურთიერთობებში 2020–2025”. აღნიშნული დოკუმენტი, მიზნად ისახავს, პროგრესის დაჩქარებას ქალების გაძლიერების კუთხით და იმ წინ გადადგმული ნაბიჯების გამყარებას, რომლებიც 25 წლის უკან მიღებული პეკინის
დეკლარაციის შემდეგ განხორციელდა, გენდერული თანასწორობის მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება ევროკავშირის მყარი მხარდაჭერის გამოხატულებაა და შესაბამისად, მსურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს UNFPA-სა და FAO-ს აღნიშნული ინიციატივის პროგრამაში “ENPARD“ ინტეგრირებისთვის,“ განაცხადა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა.
“მოხარული ვართ, რომ დღეს პანკისში აღვნიშნავთ სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენს პარტნიორებთან და ადგილობრივ სათემო ლიდერებთან ერთად. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა, მათი ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და საზიანო პრაქტიკების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, გაეროს მოსახლეობის ფონდის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა, განსაკუთრებით სოფლად, რადგან ღრმად გვწამს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასა და სერვისებზე, რათა თითოეულმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და ამგვარად წვლილის შეტანა საკუთარი თემის და ქვეყნის განვითარებაში.” – ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოფლად მცხოვრებ ქალთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვის, მათი თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის და პოტენციალის სრულად რეალიზების მნიშვნელობას.
ევროკავშირი, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
FAO
გურამ საყვარელიძე, კომუნიკაციის კონსულტანტი; +995 558 493 891; Guram.saqvarelidze@fao.org
UNFPA
სალომე ბენიძე, კომუნიკაციისა და პარტნიორობის ანალიტიკოსი; +995 577 211 300; benidze@unfpa.org