fbpx
Skip to main content

„ევროპის გუნდი“: ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), Georgia Outreach Initiative-ის ფარგლებში კრედო ბანკს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად, 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო

04/08/2020
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) კრედო ბანკს – საქართველოს წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ძირითადად სოფლად და სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებულ ბიზნესებს ემსახურება – ეროვნულ ვალუტაში 10 მილიონი ევროს ოდენობის  სესხით უზრუნველყოფს;
  • ეს არის მეორე სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) Georgia Outreach Initiative-ის ფარგლებში, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება;
  • სესხები გაიცემა მოქნილი პირობებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქმიანობის გაგრძელებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება;
  • სესხი წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიაზე ევროკავშირისა და „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილს, რომელსაც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტიც ემატება.

ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს, საქართველოს წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, გამოუყოფს 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი სესხების უზრუნველსაყოფად. ეს არის მეორე სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) Georgia Outreach Initiative-ის ფარგლებში. ინიციატივა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, მიზნად ისახავს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომის გაადვილებას საბანკო პროდუქტებისა და შეთავაზებების გასაუმჯობესებლად მცირე ბანკების მხარდაჭერის გზით.

ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი ადგილობრივ ვალუტაში იქნება, რაც მათ ვალუტის გაუფასურების რისკებისგან დაიცავს. ევროკავშირი დამატებით გამოყოფს გრანტს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებას და დაფარავს ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკების ხარჯების ნაწილს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში. კერძოდ, აღნიშნული სესხი, მოქნილი პირობებით დაფინანსების დამატებითი წყაროების შექმნის გზით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს აუცილებელი საბრუნავი კაპიტალითა და ლიკვიდურობით უზრუნველყოფს, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უწყვეტობა.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიაზე ევროკავშირისა და „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილს, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოზე ვრცელდება. აღნიშნული მიზნისთვის მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა 6.3 მილიარდი ევრო გამოყო.

ლილიანა პავლოვა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ბანკის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი: “ამ სესხით ევროპის საინვესტიციო ბანკი და “ევროპის გუნდი” ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას, დაეხმარონ საქართველოს  Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში. კრედო ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ფინანსურ რესურსს ეროვნულ ვალუტაში, რომელიც ბიზნესებს კრიზისის პერიოდში საკუთარი საქმიანობის გაგრძელებასა და სწრაფად აღდგენაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის.“ 

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში„სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გამოყოფილი სესხი მოხმარდება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის წარმოებისა და დასაქმების თვალსაზრისით.”

ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: “მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის, ყველაზე რთულ პერიოდებში ბანკისა და მისი მომხმარებლების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ევროკავშირს მის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტისთვის. ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოფილი გრძელვადიანი დაფინანსება მიმართული იქნება ფერმერების დასახმარებლად იმისათვის, რომ მათ წარმატებით შეძლონ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუფერხებლად წარმოებასა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

 

კონტაქტი

მედიასთან ურთიერთობის თანამშრომელი, email@eib.org, ტელ.: +352 XXX / მობ: +352 XXX
ვებ-გვერდი: www.eib.org/pressმედიასთან ურთიერთობის ოფისი: +352 4379 21000 – press@eib.org