ვანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ ბიზნესს გაფართოების შესაძლებლობა მისცა
ვანის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში, ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ჯამში, 10 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შედეგად, სოფლებში სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იმ მეწარმეებსაც გაუადვილდებათ, რომლებმაც მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართეს.
მათ შორის არის გურამ კორძაძეც, რომელსაც ექვსი წელია თხისა და ცხვრის ფერმა აქვს. „ჩვენ გარდა, ზემოთ მეფუტკრეებიც არიან, მესაქონლეობასაც ეწევიან. ყველასთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყო გზა. მანქანას მოძრაობა ძალიან უჭირდა. როდესაც გავიგეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ, ყველანი დავინტერესდით“, – იხსენებს ფერმერი და განმარტავს, რომ სოფლის გზებს რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით ჩაუტარდა. ევროპული მიდგომა მოსწონს – ამბობს, კარგია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის საჭიროებებს და მათ ინიციატივებს რომ ითვალისწინებსო და ფიქრობს, რომ მსგავსი პროექტები ბიზნესის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.
სწორედ გზის რეაბილიტაცია იყო სტიმულისმიმცემი ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძულუხში მცხოვრები ბაჩუკი ხურციძისთვის, რომელსაც კარგა ხანია საწარმოს გაფართოება სურდა, თუმცა გზის არარსებობის გამო, სათანადოდ მუშაობას ვერ ახერხდებდა.
„ფუტკრები გვყავს, თხებიც, საქონელი, ფერმა. ვაწარმოებთ იმერულ ყველს და სულგუნს. გვინდოდა, მცირე საწარმო უფრო გაგვეფართოებინა. მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ ვამუშავებდით, გზის მიუვალობის გამო. რომ არა ევროკავშირის მხარდაჭერა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ასეთი პროექტის განხორციელება“, – აღნიშნავს მეწარმე და განმარტავს, რომ ახლა, გაფართოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეძლებს, რაც მათი შემოსავლის ზრდას და მოსახლეობის სოფლად დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.