თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი COVID-19-ის კრიზისის დროს მუნიციპალიტეტში მოწყვლად ოჯახებს და ბავშვებს ეხმარება
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ადგილობრივ მთავრობასა და ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, დაიწყო თანხის შეგროვება თეთრიწყაროში მაცხოვრებელი ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად. ამ ეტაპზე მოგროვებული თანხით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ 8 სკოლის მოსწავლეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, უკვე გადაეცა პერსონალური კომპიუტერები. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კი კვლავ განაგრძობს თანხების მოძიებას, რათა შეძლოს სხვა მოწყვლადი ოჯახების დახმარებაც.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, უამრავმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა სამუშაო ადგილი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 2020 წლის აპრილში ათეულობით ადამიანი Covid-19-ით ინფიცირებული აღმოჩნდა. უამრავ ადგილობრივ მოსახლეს აღარ აქვს თავის გატანისა და შვილების გამოკვების საშუალება. ამასთან, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა უამრავი სკოლის მოსწავლე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტთან, რათა შეძლონ დისტანციურად დაესწრონ სკოლის გაკვეთილებს.
თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ადგილობრივ მთავრობასა და ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, განსაზღვრა ის სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ზემოხსენებული საჭიროებების დაკმაყოფილება ყველაზე მეტად სჭირდებათ და აგროვებს თანხას მათ დასახმარებლად. „უამრავი ადამიანია ჩვენს მუნიციპალიტეტში, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადალახვას. თუ ფლობთ რაიმე სახის ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერებს, სმარტფონებსა და ტაბლეტებს სკოლის მოსწავლეებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თეთრიწყაროს ადგილობრივ ჯგუფს“, – ამბობს თეთრიწყაროს ადგილობრივი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი.
მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც თქვენ მიერ გაღებული თანხით ეხმარებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.tetritskarolag.ge და www.rdfg.ge
თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს ლაგი ერთ-ერთია თორმეტ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. ვრცლად ENPARD-ის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვებსაიტზე www.enpard.ge.