fbpx
Skip to main content

ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება საქართველოს რეგიონების კეთილდღეობისთვის

23/03/2022

ევროკავშირი და გერმანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროსთან,  GIZ-თან და UNDP-თან თანამშრომლობით,  ხელს უწყობენ დეცენტრალიზებულ მმართველობას, სოციალურ თანასწორობასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას

ევროკავშირი (EU) და გერმანიის მთავრობა იწყებენ ახალ მასშტაბურ ინიციატივას, რომელიც საქართველოს რეგიონების მდგრად ეკონომიკურ ზრდას, დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებასა და კარგ მმართველობას ემსახურება.

„ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ პროგრამა 2022-2025 წლებში განხორციელდება, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი 9.5 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან,  8.5 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 1 მილიონი ევრო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს.

ინიციატივის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან  Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის დაძლევა და სოციალური ერთობის მიღწევა. ამ მხრივ, განხორციელდება ტერიტორიულ განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები, მაგალითად, ურბანული განახლება, და ასევე გატარდება ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ღონისძიებები.

პროგრამა განხორციელდება ოთხ სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.

მისი ერთ-ერთი კომპონენტი (7.5 მილიონ ევრო), რომელსაც GIZ გაუძღვება, ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და  მუნიციპალიტეტებისთვის, კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

პროგრამის მეორე ნაწილი (2 მილიონი ევრო), რომელსაც UNDP უხელმძღვანელებს, დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“ევროკავშირის სტანდარტებზე მორგებული ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის ჩარჩოს მიღებით, საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ამბიციური მიზანი დაისახა. ეს ჩვენი თანამშრომლობის ახალი გვერდია, რომელიც ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის დაძლევას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ინკლუზიური, გონივრული და მდგრადი მიდგომების გამოყენებასა და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

“ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა თუ სოფლის გარდაქმნისთვის, ისე რეგიონებსა და თემებს შორის არსებული უთანასწორობის დაძლევისთვის. ეს მიდგომა ხელს უწყობს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების კოორდინირებას, მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, დემოკრატიული პროცესის განმტკიცებას ადგილობრივ დონეზე და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს ამ თანამედროვე მიდგომის დანერგვას საქართველოში და ხელი შეუწყობს მდგრადი და ეფექტიანი ზომების შემუშავებასა და გატარებას რეგიონებში არსებული კომლექსური გამოწვევების საპასუხოდ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ჩვენ მოხარულნი ვართ ევროკავშირთან პარტნიორობით მხარი დავუჭიროთ საპილოტე რეგიონებში ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებას“ – აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, “ეს პროექტი გააერთიანებს ერთის მხრივ ურბანული განახლების ინიციატივებს და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს, რომელიც დაფუძნებულია რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე და მეორეს მხრივ ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას – რაც მათ საშუალებას მისცემს თავიანთი პროდუქცია გამოიტანონ ქართულ და ვიმედოვნებ, საერთაშორისო ბაზრებზე“.

“განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები ხშირად ზედმეტად პროგრამული ხასიათისაა, რაც განაპირობებს კონცენტრაციას კონკრეტულ სექტორებზე და „ერთ თარგზე მოჭრილი“ მიდგომა იწვევს სხვადასხვა შესაძლებლობების და ნიუანსების ხელიდან გაშვებას. EU4ITD პროგრამა ნოვატორულია იმ მხრივ, რომ გამიზნულად იყენებს განსხვავებულ მიდგომებს.  კერძოდ, მთავარ ამოცანად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხების გადაჭრას, ხოლო შემდეგ “ადგილობრივ გარემოზე დაფუძნებული” გამოცდილების გამოყენებას, რაშიც ითვალისწინებს ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების თავისებურებებს. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია GIZ ისთვის, და ორგანიზაცია ინსტიტუციურად არის ჩართული EU4ITD-ით მნიშვნელოვანი ცვლილებების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ქრისტოფ ბაიერმა.

“სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ის ყველგან ცდილობს ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, რომელიც ჩართულობის, თანასწორობის, მდგრადობისა და კარგი მმართველობის პრინციპებზეა აგებული. ევროკავშირთან თანამშრომლობით, მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონებს, რათა ამ მიზნებს მიაღწიონ, განვითარების ახალი შესაძლებლობები შექმნან და სოფლად არსებული სიღარიბე შეამცირონ”, – აღნიშნა UNDP-ის მუდმივმა  წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

EU4ITD პროგრამის განხორციელებას წვლილი შეაქვს ევროკავშირის სხვა ინიციატივების წარმატებაში, რომლებიც საქართველოს რეგიონების განვითარებას ემსახურება. მათ შორისაა „ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პილოტური პროგრამა“, რომელიც ხელს უწყობს  2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის აღსრულებას.

საკონტაქტო ინფორმაცია: