
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი მედიის წარმომადგენლებისათვის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში
CENN, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისათვის’’ ფარგლებში, აცხადებს მედია კონკურსს ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის.
მედია კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები, რომლებიც ემსახურება სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, შშმ და სსმ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და სხვა) ცხოვრების გაუმჯობესებას.
საკონკურსო თემატიკა: პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული ინიციატივები. ამ ინიციატივების შესახებ, კონკურსში მონაწილე ყველა პირს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია მედია ტურის ფარგლებში.
მედია ტური: თემატიკის სიღრმისეული გაშუქების მიზნით, 16-17 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე) და ქვემო ქართლში (ბოლნისი, მარნეული) გაიმართება მედია ტური. მის ფარგლებში ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული მედიის 15 წარმომადგენელი (როგორც ტრადიციული, ისე ციფრული მედიის) გაეცნობა სამიზნე მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა თემატიკაზე განხორციელებულ პროექტებს და მიღწეულ შედეგებს. იქნება ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა.
მედია ტურის ფარგლებში პროექტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და განთავსება.
შენიშვნა: რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა მოინახულონ მხოლოდ თავიანთ რეგიონში განხორციელებული პროექტები და შესაბამისად, კონკურსის ფარგლებში მასალის მომზადებისას კონცენტრირდნენ მხოლოდ თავიანთ რეგიონზე. რა თქმა უნდა, სხვა რეგიონის პროექტების მიმართ დაინტერესების შემთხვევაში, პროექტი უზრუნველყოფს მათ სრულყოფილ ჩართულობას მედია ტურში.
საკონკურსო პირობები და მასალის წარდგენის პროცესი
წარმოდგენილი მასალა შეიძლება იყოს ვიდეო/აუდიო ან ბეჭდური ფორმატის, რომელიც გავრცელებული იქნება როგორც ტრადიციული, ისე ციფრული მედია არხების მეშვეობით. საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს მედია ტურის შემდეგ 30 სექტემბრამდე პერიოდში. მონაწილეებმა გამოქვეყნებული მასალები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ბმულის სახით, ელ. ფოსტაზე: magda.tsertsvadze@cenn.org. სათაურის ველში მიუთითეთ – მედია კონკურსი.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო მასალები, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით!
გაითვალისწინეთ: გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მედიატურში.
მედია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ აპლიკაციის ფორმა 5 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩევის შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.