კოოპერატივის “დკ-ქოლგა” ისტორია
მეორე ნოსირში, ნოქალაქევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დკ-ქოლგა“ სტერეოტიპებს ანგრევს
თუ გსმენიათ მარწყვის სასათბურე მეურნეობის შესახებ, სადაც მამაკაცები ისეთივე რუდუნებით უვლიან მარწყვს,როგორც ქალბატონები, მათი ერთობლივი შრომა კი ერთობლივ წარმატებას განაპირობებს? სწორედ ასეთი კოოპერატივი გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი მორიგი ფოტო ისტორიის ფარგლებში.
ჯგუფის წევრებს ერთად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება აქვთ. საქმიანობა მათ 2011 წელს დაიწყეს, 5 კაციანი შემადგენლობით, სადაც ძირითადად ნათესავები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს სასათბურე მეურნეობის ბიზნესის დაწყება. თავდაპირველად 1700 მ2 ფართობზე მოაწყვეს სასათბურე მეურნეობა,სადაც მოჰყავდათ ბოსტნეული,მწვანილი და ყვავილები. მარწყვის მოყვანა მოგვიანებით, 2013 წლიდან დაიწყეს და 300 მ2 ფართობზე გააშენეს 1200ძირი მარწყვი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „დკ-ქოლგა“- მ 2014 წლის ივლისში მიიღო. კოოპერატივში 5 წევრია გაერთიენებული : დავით კუჭუხიძე – კოოპერატივის თავმჯდომარე, დარეჯან კოკაია, ლამზირა ბარკალაია,იამზე წოწონავა და რამაზი კუჭუხიძე. წელს კოოპერატივის წევრებმა გადაწყვიტეს გაეფათოებინათ მარწყვის წარმოება. ამისათვის მათ გამოიყენეს ენპარდისა და მისი რეგიონალური პარტნიორის ქეას მიერ შეთავაზებული საგრანტო შესაძლებლობა და წარადგინეს ბიზნეს გეგმა მეორე ნოსირში და ნოქალაქევში დამატებით 2500 მ2 ფართობზე 2 ცალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად: თანამედროვე ტექნოლოგიის სარწყავ-საწამლი და გათბობის სისტემით, სავენტილაციო დანადგარებით და 100 მ3 მოცულობის სამაცივრე საწყობით, 20000 ძირი „სან ანდრესის“ ჯიშის მარწყვის გასაშენებლად. დღეისათვის კოოპერატივში დასაქმებულია 5 ადამიანი, რომელიც წარმოების გაფართოების პარალელურად გაიზრდება. მარწყვის ტრანსპორტირებისათვის „დკ-ქოლგა“ მათ საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსს იყენებს.
გრანტის ფარგლებში კოოპერატივმა უკვე შეიძინა სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის აუცილებელი ყველა საჭირო მასალა-დანადგარი და 20000 ძირი მარწყვის ნერგი. ქეას მიერ განხორცილებული შესყიდვები შეადგენს 86,428 ლარს, ხოლო კოოპერატივის 31800 ლარს, რომელიც ძირითადი საშუალებებითაა წარმოდგენილი.
ყველა საჭირო შესყიდვა უკვე განხორციელდა და პირველი მოსავლის ნიშნებიც გამოჩნდა.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის დეკემბერში.
ჩვენს შეკითხვებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი„დკ-ქოლგა“-ს თავმჯდომარე ბატოონი დავით კუჭუხიძე პასუხობს:
-ბატონო დავით, რამდენი ხანია რაც მოღვაწეობთ სოფლის მეურნეობის სფეროში და როდის გადაწყვიტეთ კოოპერატივის დარეგისტრირება?
– დიდი ხანია ვარ ამ სფეროში მაგრამ ადრე არ იყო კოოპერატივები, ამ შესაძლებლობის შესახებ ჩვენ გავიგეთ ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით. მანამდე აზრადაც არ გვქონია კოოპერატივის შექმნა, მაგრამ როცა აგვიხსნეს, ჭკუაში დაგვიჯდა. შემდგომ გამოვიჩინეთ დაინტერესება. გაიმართა შეხვედრა კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან, სადაც ვმონაწილეობდით და გადავწყვიტეთ შეგვექმნა კოოპერატივი, იმ მრავალი სიკეთის გამო, რაც ამ გაერთიანებას მოაქვს.
– თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს კოოპერატივის მთავარი უპირატესობა?
– კოოპერატივის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს; 5 წევრში, ყველა მოილაპარაკებს და გადაწყვეტენ თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ. მაგალითისთვის, რთული პროცესი იყო ყველას დათანხმება იმაზე, რომ გაგვეკეთებინა მარწყვის მეურნეობა. დავითალეთ ხარჯები, განვიხილეთ უპირატესობები და რისკები, შემდგომ კი ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. კოოპერატივი გვეხმარება სწავლებაში, არა მარტო ინფორმაციული სახით ხდება დახმარება, არამედ კენკროვანი კულტურის გაშენებაზე მრავალი სახის ხელშეწყობა მივიღეთ, მაგალითად სად უნდა მეყიდა ჟოლოს ნერგები, როგორ უნდა დავკავშირებოდი სხვა კოოპერატივებს და ასე შემდეგ. ტრეინინგები გვაქვს, ბევრჯერ შევხვდით სხვა კოოპერატივების წარმომადგენლებს გამოფენებზე, გაცნობითი სახის შეხვედრებზე, სადაც თბილ გარემოში ძალიან სასარგებლო ინფორმაციას ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები სუპერმარკეტებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან, ეს ძალზედ დაგვეხმარება რეალიზაციის კუთხით მომავალში. დიდი ყურადღება იგრძნობა ENPARD-ისა და მისი პარტნიორებისგან.
– ბატონო დავით, როგორ არის გადანაწილებული უფლება-მოვალეობები თქვენს კოოპერატივში?
კოოპერატივის მუშაობაში ყველანი თანაბრად ვართ ჩართულები, როგორც ფიზიკურად, მუშახელისა და რეალიზაციის სახით, ასევე საბუთების, წამლობის და სხვა საკითხების მოგვარების კუთხით. თანაბრად ვმუშაობთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონები მამაკაცებზე არანაკლებად მუშაობენ თუ მეტად არა.
-აწყდებით თუ არა პრობლემებს რეალიზაციის კუთხით?
რაც შეეხება რეალიზაციას, ვეძებთ სამომავლო გზებს, რადგანაც გეგმაში გვაქვს გაფართოება. ამ ეტაპზე არ არის რეალიზაციის პრობლემა, 2-3 ადგილას ვაბარებთ პროდუქციას. ყველაზე კარგი ის არის, რომ ENPARD-ის დახმარებით გაშენებული „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვი მთელი წლის განმავლობაში არის მსხმოიარე, და მიწოდებაც უწყვეტი იქნება ჩვენი მხრიდან, რაც რეალიზაციის კუთხით სტაბილურობას შეგვძენს.
-თქვენი აზრით, რა სახის აქტივობები იქნება პრიორიტეტული აღნიშნულ სფეროში თქვენს რეგიონში?
აუცილებელია სამაცივრე და სანერგე მეურნეობების განვითარება ჩვენს რეგიონში, მე განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ კენკროვანი კულტურების საცდელი-სანერგე მეურნეობების დაარსებით, რომელიც, იმედი მაქვს, მალე გახდება რეალობა.
-რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში სურთ მოღვაწეობა?
სულ მუშა პროცესში ვარ. ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან, ვისაც აინტერესებს შრომა და განვითარება, საქმის სიყვარული, შრომის ფასი ვინც იცის, ყველას ვეხმარები რჩევებით. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემს სათბურში ფეხის შემოდგმისთანავე მეკითხებიან, რამდენად მომგებიანია ეს ყველაფერი. ასეთ ხალხთან ურთიერთობა მიჭირს, რადგანაც ზუსტად ვიცი, რომ ვისაც არ უყვარს თავისი საქმე და მხოლოდ ფინანსურ სარგებელზეა ორიენტირებული ნაკლებად მიაღწევს წარმატებას ამ სფეროში.
მიმაჩნია რომ შიდა ბაზრის ათვისება აუცილებელია ქართველი ფერმერების მიერ, ამას მხოლოდ კოოპერატივების შექმნით თუ მოვახერხებთ, რაც ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. სწორედ მაშინ, როცა ჩვენ გავხდებით თვითმყოფადები და არ ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, შეგვიძლია ევროპის ბაზარზეც ვიფიქროთ. ამასობაში ჩვენ უნდა შევისწავლოთ რეგულაციები და წესები, რაც ევროპის ბაზარზე გასასვლელად აუცილებელია.