კოოპერატივის “სამეგობრო 2014” ისტორია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სამეგობრო 2014“ -ის საკუთრებაში არსებული საკალმახე მეურნეობა სოფელ ჩხაკოურაში მდებარეობს. ეს არის მაღალმთიანი სოფელი, ზღვის დონიდან 1000მ, რომელიც აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახებითაა დასახლებული. სოფელი მარაგდება მთის წყლით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ხასიათდება კალმახის გაშენებისათვის აუცილებელი საუკეთესო თვისებებით – მინერალების და ჟანგბადის შემცველობა, ხელსაყრელი ტემპერატურული რეჟიმი.
უკვე წლებია ჯგუფის წევრები საკალმახე მეურნეობას ერთობლივად უძღვებიან. ისინი ოჯახებთან ერთად არიან ამ პროცესში ჩართული. 2014 წელს კი მიიღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და გააერთიანეს მათ მფლობელობაში არსებული ქონება. კოოპერატივში 5 წევრია და ყველა მათგანი თავიანთი ქონებით არიან წარმოდგენილები.
კოოპერატივის თავმჯდომარემ, ოთარ გიორგაძემ, მამუკა ქათამაძემ, დავით ირემაძემ და ენვერ და ზაურ გიორგაძეებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში არსებული საკალმახე ავზები და სხვა საჭირო რესურსი კოოპერატივში გააერთიანეს, რამაც საშუალება მისცა მათ წელიწადში 10 ტონაზე მეტი კალმახი აწარმოონ.
აქ აწარმოებენ ასევე მაღალი ხარისხის ქვირითს და ლიფსიტს, როგორც ადგილზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე სარეალიზაციოდ. დღეისათვის დაახლოებით 25000 ცალი ლიფსიტი იწარმოება.
არსებული წყლის რესურსები საკალმახე მეურნეობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევაში 2 წლის განმავლობაში კალმახის წარმოება შეიძლება გაიზარდოს 20-25 ტონამდე. ლიფსიტისთვის საჭირო ნაგებობის გაფართოება და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს ლიფსიტების რაოდენობის გაზრდას 200 000 ცალამდე. წარმოების გაფართოების მიზნით კოოპერატივმა გადაწყვიტა საგრანტო თანხა გამოეყენებინა 3 ცალი ახალი ავზის მოსაწყობად, მეურნეობის ეზოს შემოსაღობად, დამატებითი წყლის მოსაყვანად, საქვირითე და სალიფსიტე ნაგებობის მოსაწყობად, მისასვლელი გზის შესაკეთებლად და პიკაპის ტიპის ავტომობილის შესაძენად თევზის ტრანსპორტირებისათვის. ამ საქმიანობების განსახორციელებლად ქეასგან მოთხოვნილი თანხაა 71 680 ლარი. კოოპერატივის ფულადი თანადაფინანსებაა 17920 ლარი, არაფულადი წვლილი 50 350 ლარი, რაც კოოპერატივის საკუთრებაში გაერთიანებული საერთო ქონების ღირებულებაა.
დღეისათვის კოოპერატივში დასაქმებულია 7 ადამიანი, რომელიც წარმოების გაფართოების შესაბამისად გაიზრდება.
ENPARD კოოპერატივის თავმჯდომარეს, ოთარ გიორგაძეს ესაუბრა:
ბატონო ოთარ, როგორ მიხვედით კოოპერატივის შექმნის იდეამდე?
„ENPARD-ის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია კოოპერატივის შესახებ და ძალიან მოგვეწონა იდეა. მანამდე ჩვენ მეგობრულად, მეზობლურად ვთანამშრომლობდით მაგრამ ENPARD-ის მეშვეობით მივიღეთ კოოპერატივის სახე.
თავდაპირველად პრობლემა ის იყო, რომ გაფართოების შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებდით და იყო დიდი მოთხოვნა.ENPARD-ი დაგვეხმარა კომუნიკაციის ნაწილში ორმხრივად ჩვენი ინფორმირებულობა გაიზარდა და ასევე ENPARD-ის მეშვეობით ბევრმა შეიტყო ჩვენს შესახებ.“
როდესაც თქვენი საქმიანობის წარმატებაზე საურბობთ, პირველად რას იხსენებთ?
აუცილებლად იმას, რომ ჩვენი პროდუქცია გაორმაგდა, და სულ მალე გასამმაგდება კიდეც. ENPARD- ი რომ არა, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
აწყდებით თუ არა პრობლემას თევზის რეალიზაციის დროს?
რეალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე იმდენად არ დგას, რადგან ხარისხი მაღალია და საშიშროება იმისა, რომ მყიდველები არ გვეყოლება, არ არის.
რადგანაც ENPARD-ის მხარდაჭერა გვაქვს, ჩვენდამი ნდობა უფრო დიდია, ხვდებიან, რომ ნამდვილად ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებთ. პროგრამის სპეციალისტები გვეხმარებიან და ჩვენ ვხვდებით სტაბილური მიმწოდებლები.
რა არის აუცილებელი თქვენს საქმიანობაში?
ყველაფერი წყაროს წყალზეა დაფუძნებული. ჩვენი წყალი არასდროს არ იმღვრევა, არის სუფთა, კამკამა. ეკოლოგიურად ძალზედ სუფთა პროდუქტს ვიღებთ შესაბამისად. კოოპერატივის წარმატებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და შესაბამისად ქართველ ფერმერებსაც ვურჩევ, რომ აწარმოონ ჯანსაღი პროდუქტი და გამოიყენონ ის სარგებელი, რომელიც კოოპერატივის შექმნას მოაქვს.
ახლა ვწერთ ბიზნეს პროექტს, კოტეჯების გაკეთება გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე რომ გავხსნათ ტურისტული ზონა. ერთი-ორი კოტეჯი უკვე დავდგი და მინდა გაფართოება. ეს გათვლილი იქნება უცხოელ ტურისტებზე. შარშანწინ ბულგარეთიდან მყავდა ტურისტები, მინდა სოფლის ტურიზმი განვავითარო.