fbpx
Skip to main content

როცა ინოვაცია ტრადიციას ხვდება: ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა

როცა ინოვაცია ტრადიციას ხვდება: ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა/When innovation meets tradition: EU and FAO support

ახალციხის მუნიციპალიტეტი  საქართველოში კარტოფილის წარმოების ხანგრძლივი ტრადიციითა და წარმოებისთვის იდეალური ბუნებრივი პირობებითაა განთქმული. სწორედ ამ ორი მიზეზით, FAO-ს აგრონომებმა კარტოფილის ახალი ჯიშები და საუკეთესო თანამედროვე აგრარული მიგნებები ახალციხელ ფერმერებს გააცნეს, რათა მათ კარტოფილის წარმოება გააუმჯობესონ. 

ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და FAO-ს აგრონომებმა  ფერმერ ზურაბ სადათიერაშვილის მეურნეობა შეარჩიეს და მისი მიწის  0.25 ჰექტარ ფართობზე კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. მიწა ორად – ტრადიციულ და ინოვაციურ მიწის ნაკვეთებად გაყვეს და ორივე მხარეს კარტოფილის ოთხი ახალი ჯიში დათესეს. პროექტისთვის FAO-მ  სათესლე მასალების ადგილობრივ მომწოდებელ კომპანია „აგროარტ“-თან ითანამშრომლა. მისი დახმარებით, ფრანგული მწარმოებლისაგან – Germicopa – კარტოფილის ჯიშები Fasty, Celtiane, Melene და Kelly შეიძინეს. ამ პარტნიორობის შედეგად, ფერმერმა კარტოფილის სათესლე მასალა უფასოდ მიიღო.

“ჩვენ დავაყენეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, გამოვიყენეთ ფერტიგაციის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ნიადაგისთვის სასუქის მიწოდება მოვახდინეთ ნაკვეთის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარე გამოვიყენეთ როგორც საკონტროლო ველი, ტრადიციული, მისხურებითი მორწყვისა და გრანურილებური სასუქების გამოსაყენებლად’’, – ამბობს დიმიტრი მაისურაძე, FAO-ს აგრონომი, რომელიც სადემონსტრაციო ნაკვეთს ხელმძღვანელობდა. 

FAO-ს აგრონომთა მონაცემებით, განსხვავება ერთი და იგივე ნაკვეთის ორ ნაწილს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იმ ნაწილში, სადაც თანამედროვე აგრარული მეთოდები გამოიყენეს, 15%-ით უფრო უხვი მოსავალი მოვიდა, კარტოფილის ხარისხიც გაცილებით უკეთესი იყო და ბოლქვებმაც უფრო სწრაფად მიაღწიეს სასურველ ზომასა და ფორმას, ვიდრე საკონტროლო ნაწილში.

“ზოგიერთმა ჯიშმა გამორჩეულად კარგი შედეგი აჩვენა, მაგალითად, Celtiane-ის ჯიშის კარტოფილი სადემონსტრაციო ნაკვეთზე 510 კილოგრამი მოვიდა, ხოლო საკონტროლო ნაკვეთზე – 300 კილოგრამი, თუმცა, მათი ზომა ერთნაირი იყო და მოსავალიც იგივე პერიოდში აიღეს’’, – აღნიშნავს მაისურაძე.

აგრონომი ამბობს, რომ ექსპერიმენტმა არა მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და ფერტიგაციის ეფექტიანობა აჩვენა, არამედ, რეგიონში კარტოფილის ახალი ჯიშებიც შემოიტანა. თითოეულ ამ ჯიშს გამოყენების სპეციფიკური სფერო აქვს:

“Fasty და Kelly იდეალურია შემწვარი კარტოფილის მოსამზადებლად, Celtiane საუკეთესოა მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი ფორმით, ხოლო Melene-ი  გამოიყენება სალათებში და სხვა დანიშნულებით’’, – ამბობს აგრონომი.

ფერმერი ზურაბ სადათიერაშვილი  წარმოების გაფართოებას და ექსპერტიმენტის უკვე საწარმოო დონეზე გადატანას გეგმავს. მან გადაწყვიტა, ტრადიციული მეთოდები დათმოს და თანამედროვე აგრარულ პრაქტიკაზე გადავიდეს.

,,ნაკვეთის ნაწილში, სადაც წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დააყენეს, არა მხოლოდ უკეთესი მოსავალი მოვიდა, არამედ, აღებული კარტოფილის ხარისხიც გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. მას უფრო მაღალ ფასად გავყიდი და რეალიზაციის პრობლემა არ მექნება. შემდეგ წელსაც ამ მეთოდებს გამოვიყენებ ერთ ჰექტარ მიწაზე და, ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივიღებ’’, – აცხადებს ფერმერი. 

“FAO და ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებენ ინოვაციების შემოტანს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგში. კარტოფილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,  მისი წარმოების გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია. ქართველ ფერმერს შეუძლია უკეთესი ხარისხის პროდუქცია უკეთეს ფასად გაყიდოს, თუმცა, ამისათვის მას სჭირდება გარკვეული ცოდნა და ჩვენ აქ ამისათვის ვართ. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში დახმარება’’, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის კოორდინატორმა.

ENPARD -ის პროგრამის საშუალებით, ევროკავშირი დახმარებას უწევს  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ჯამური ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო. ENPARD-ის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და  ქვეყანაში სიღარიბის შემცირება. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/ka/enpard/

ენპარდისისტორია