fbpx
Skip to main content

საინჟინრო კომპანია „კაია“ საქართველოში სადეზინფექციო კაბინებს აწარმოებს

13/08/2020

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი კომპანიას ფინანსური  აღრიცხვისა და ანგარიშგების სრულყოფაში დაეხმარნენ

კაია –საქართველოში მომუშავე მცირე ზომის კომპანიაა. მისი ისტორია ამტკიცებს იმას, რომ მცირე ბიზნესისათვის დრო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი კომპანიას ფინანსური მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვაში დაეხმარნენ.

ფინანსური ანგარიშგებისთვის განკუთვნილი დროის მნიშვნელოვნად შემცირებით, კომპანიამ შეძლო მეტი ყურადღება დაეთმო ისეთი ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნისათვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში.

ეფექტიანობა და განვითარება

„კაია“  საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს სთავაზობს მექანიკურ, ელექტრო და სანტექნიკურ პროდუქციასა და მომსახურებას. „კაია“ ასევე აწარმოებს ძალოვან კარადებს, ელექტროგამანაწილებელ პანელებს და მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა კომპონენტს, ცდილობს რა ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი და გაზარდოს საკუთარი წილი ადგილობრივ ბაზარზე.

ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანიას ფინანსური მართვის სრულყოფაში დაეხმარა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იმ ახალი კანონის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც ყველა მცირე და საშუალო საწარმო ვალდებულია ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად უზრუნველყოს.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დანერგვას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები ფინანსური თვალსაზრისით ბევრად ეფექტიანია; ხოლო გამჭვირვალე, თავსებადი და თანმიმდევრული ფინანსური ანგარიშები ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის საუკეთესო გზა.

”ჩვენ ახლა კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და ვიცით როგორ ვმართოთ რესურსები  უკეთესი შედეგების მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეტი დრო იმისათვის, რომ ყურადღება ჩვენი საქმიანობის ისეთ სხვა ასპექტებს დავუთმოთ, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიების და საწარმოო ხაზების დანერგვა,“ – ამბობს ილია ბაჩანაძე, კომპანიის ფინანსური განყოფილების უფროსი.

აწარმოე საქართველოში-ს დახმარებით „კაიამ“ შეიძინა საჭირო მოწყობილობები და კომპანიებს დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს. კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ,  ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიის Edison Tech Solutions- თან ერთად, სადეზინფექციო კაბინა დაამზადა

მომავლის ხედვა

ქვეყნებსა და კონტინენტებზე კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების პარალელურად, მსოფლიოს მცირე და საშუალო საწარმოები ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად სხვადასხვა გონივრულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ.  ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა „კაიას“ სადეზინფექციო კაბინა. გივი ბერიძე Edison Tech Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ამ ახალ პროექტზე ენთუზიაზმით საუბრობს:

‘’კაბინაში შესვლისას გაივლით სენსორს, რომელიც კომპრესორებს სიგნალს მიაწვდის. ამის შემდეგ თქვენ მოგესხურებათ თვალებისა და კანისთვის უვნებელი სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც თქვენს სხეულს დამცავი ფენით დაფარავს“.

ეროვნულ ლაბორატორიაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სადეზინფექციო კაბინა თბილისის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო სახლში დამონტაჟდა. „კაია“ თვლის, რომ სადეზინფექციო კაბინების მსურველების რიცხვი გაიზრდება.

„ჩვენ გვიხარია, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილებაში. ჩვენ ვგეგმავთ სადეზინფექციო კაბინის დახვეწას, კერძოდ თერმოსკრინინგის ფუნქციის დამატებას, რაც მას უფრო ფუნქციონალურს გახდის,“ – ამბობს ილია.