fbpx
Skip to main content

საქართველოს ეროვნული ბანკი და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF) აჯამებენ ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგებს

The National Bank of Georgia and the Polish Financial Supervisory Authority summarize the results of the EU Twinning Project

პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) დახმარებით, საქართველო მზადაა სრულად მოახდინოს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებთან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის “საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში” შედეგები შეჯამებულ იქნა 2021 წლის 6 მაისს გამართულ ონ-ლაინ კონფერენციაზე.

ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, რაფალ მიკუშინსკი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (UKNF), დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, და მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და პროექტის შედეგების შესახებ ისაუბრეს შემდეგმა თანამდებობის პირებმა: მიხალ კრუშკა,  პროექტის ლიდერი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების (UKNF) ანალიზისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორი და არჩილ მესტვირიშვილი, პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი

კობა გვენეტაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ, განაცხადა: „Twinning-ის პროექტი უდიდესი მნიშვნელობის იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მუდმივად შეისწავლის და ნერგავს საუკეთესო პრაქტიკებს, მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ფასდაუდებელი საზედამხედველო გამოცდილების გაზიარება მოხდა. Twinning-ის პროექტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ინსტრუმენტების დახვეწასა და გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“.

სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, აღნიშნა: „საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საბანკო სექტორში ფინანსური სეqტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. პრუდენციული პოლიტიკის გაძლიერების მიმდინარე პროცესი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი ზომების ანარეკლია“. 

როგორც რაფალ მიკუშინსკიმ, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, „საქართველოს ეროვნული ბანკის ყველა წარმომადგენლის შესანიშნავი მუშაობის წყალობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფუძველი ჩაუყარა მარეგულირებელი, საზედამხედველო და სააღსრულებო ჩარჩოს შექმნას ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველო-ევროკავშირს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად“. 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოსა და პოლონეთის მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) და პოლონეთის და ლიეტუვის იმ ორგანიზაციების წამყვანი თანამშრომლები, რომლებიც ჩართული იყვნენ პროექტში, აგრეთვე საქართველოს კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფინანსური სექტორის დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ქართველი და პოლონელი პარტნიორების ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად დაახლოვებული მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულების ჩარჩო, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • საქართველოში ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება  საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ტრენინგი და მათი მომზადება ახალი წესებისა და კანონების გამოსაყენებლად.

პროექტის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნება კანონები ევროკავშირის წესების შესაბამისად. საქართველოს ეროვნულ ბანკ ექნება უკეთესი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმები და იგი გააძლიერებს საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში. გაუმჯობესებული კანონმდებლობა, საზედამხედველო მეთოდოლოგია და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები აამაღლებენ საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ეფექტიანობას საბანკო და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების დაცვისა და საქართველოს ფინანსური ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით. შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ფინანსური ბაზრის გამართული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უკეთ დაცვას.

პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 1.750 მილიონ ევროს შეადგენდა, პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში ერთობლივი ღონისძიებები განახორციელეს. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ეროვნული ბანკისა და  პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ვებ-გვერდებს.

Twinning არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი და/ან პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროკავშირის ინსტრუმენტი. Twinning-ის პროექტი აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების ცოდნასა და გამოცდილებას ერთმანეთთან შეთანხმებული კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • კახა ბარაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი; Kakha.Barabadze@nbg.gov.ge, +995 599 24 34 65
  • იოანა ლიპოვცზან, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF); joanna.lipowczan@knf.gov.pl, +48 22 262 51 50 / +48 668 860 798

ტვინინგიახალიამბები