საქართველო წარმატებით ასრულებს გერმანიის KfW-ს, საფრანგეთის AFD-სა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის – ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის – მესამე ფაზას
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას. იგი ერთობლივად ფინანსდება პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხებით KfW-სა და AFD-გან, ასევე გრანტით ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამის ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას. პროგრამის ორი მთავარი განსაზღვრული მიმართულებაა ა) ენერგეტიკული ბაზრის რეგიონული ინტეგრაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ცენტრის, პოზიციის გასაძლიერებლად, და ბ) ენერგოეფექტურობა (განსაკუთრებით შენობებში), ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEEAP, გამოცემულია 2017 წელს) და ენერგოეფექურობის შესაბამისი სტანდარტების განსაზღვრა და განხორციელება.
2020 წლის 28 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბ-ნმა ივანე მაჭავარიანმა, და KfW გერმანიის განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ბ-ნმა ოლაფ ციმელკამ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს თანხაზე „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად.“ მეორე სასესხო ხელშეკრულებას 120 მილიონი ევროს თანხაზე ხელი 22 მაისს მოეწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბ-ნ ივანე მაჭავარიანის, საქართველოში საფრანგეთის ელჩის – ბ-ნ დიეგო კოლასის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორის ქ-ნ გაელ ასაიაგის მიერ.
სექტორის რეფორმას რეგულარულ მხარდაჭერას უწევს გერმანიის მთავრობა – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მეშვეობით – და საფრანგეთის მთავრობა – Agence Française de Développement-ის (AFD) მეშვეობით.
საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 8.44 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის საგრანტო დახმარება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში, რომელსაც ადმინისტრირებას KfW უწევს, ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ენერგოეფექტურობის სფეროში კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას. კერძოდ, ამ დახმარების მიზანია ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით შენობების სექტორში. გარდა ამისა, დახმარება მიზნად ისახავს საბაზრო რეფორმის ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას, რაც დაეხმარება საქართველოს ელექტროენერგიის ცენტრალიზებული ბაზრიდან ორგანიზებულ ბაზრად ქცევაში, ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად.
2 ივნისს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მართვის კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ სექტორის რეფორმა საკმარისად კარგად ხორციელდება საიმისოდ, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ზემოხსენებული ფინანსური რესურსები. მთავარი მიღწევები იყო ცოტა ხნის წინ ფართო საკანონმდებლო პაკეტის მიღება შენობებში ენერგოეფექტურობის დასანერგად, ასევე საქართველოს სამომავლო ელექტროენერგიის ბაზრის თანამედროვე საბაზრო კონცეფციის მიღება.
ამას გარდა, შენობებში ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სექტორის განვითარების გასააქტიურებლად და საქართველოში ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დამკვიდრების ხელშესაწყობად გერმანიამ გამოყო დამატებითი საგრანტო დაფინანსება (7.4 მილიონი ევრო) ბათუმში სოციალურ ინფრასტრუქტურაში (საბავშვო ბაღებში) ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ინვესტირებისთვის. ასევე, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით, KfW ამზადებს ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით სკოლების რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამას საქართველოსთვის.
„KfW მოხარულია, რომ უკვე მეოთხე წელია, აგრძელებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ხელშეწყობას, ჩვენს საიმედო პარტნიორებთან – საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირთან – ერთად. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ევროკავშირის სტანდარტების დასამკვიდრებლად. KfW-ს და მისი პარტნიორების უპირველესი ამოცანაა მწვანე ეკონომიკის განითარება ენერგოეფექტურობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სტიმულირების მეშვეობით. ევროკავშირთან დაახლოების გამოწვევების დაძლევის საქმეში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდერნიზება“, – განაცხადა ჰანს რიკმა, სამხრეთ კავკასიაში KfW-ს ენერგეტიკის სექტორზე პასუხისმგებელმა პირმა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, ჩვენს პარტნიორებთან – KfW-სა და ევროკავშირთან – ერთად გავაგრძელოთ საქართველოსთვის დახმარების გაწევა ენერგეტიკის სექტორის ამბიციური რეფორმების განხორციელებაში. ეს რეფორმები შედეგად მოიტანს არა მარტო საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდერნიზებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უფრო მდგრად განვითარებას და მწვანე ზრდას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სტიმულირების მეშვეობით,“ – განაცხადა გაელ ასაიაგმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.
„მოხარული ვარ, რომ შემდგომი რეფორმები გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით წინ მიიწევს. ევროკავშირის, KfW-ს და AFD-ს ერთობლივი პროგრამის დახმარებით და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეწყობით, საქართველომ საფუძველი ჩაუყარა ენერგიის უკეთ გამოყენებას ენერგოეფექტურობის ჩარჩო კანონმდებლობის მიღებით, ევროკავშირის წესებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოუთმენლად ველი, იმ სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ნიადაგს მოუმზადებენ ფართომასშტაბიან ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტებს სწრაფ განხორციელებას, რაც ქვეყანას მისცემს ხარჯების დაზოგვის საშუალებას და მოუტანს გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიკეთეებს, ასევე გააუმჯობესებს ენერგოუსაფრთხოებას. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამები უზრუნველყოფს სამშენებლო ბიზნესებისთვის აუცილებელ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
KfW განვითარების ბანკი
KfW განვითარების ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი დამფინანსებელია. გერმანიის მთავრობის სახელით KfW-ს მუშაობის მიზანია საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების დახმარება ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, KfW აფინანსებს ინვესტიციებს ეკონომიკასა და სოციალურ ინფრასტრუქტურაში და ხელს უწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებს.
KfW-ს საქმიანობა საქართველოში ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო. მას შემდეგ 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის, ფინანსურ, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის სექტორებში. მთლიანი ინვესტიციებიდან დაახლოებით 500 მილიონი ევრო იქნა მიმართული საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)
AFD საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის მთავარი მოქმედი პირია. იგი აფინანსებს მრავალ სექტორს – ენერგეტიკის, ჯანმრთელობის, ბიომრავალფეროვნების, წყალმომარაგების, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების, ციფრული ტექნოლოგიების, გადამზადების სექტორებს – და ხელს უწყობს მოძრაობას უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მდგრადი სამყაროსკენ. 85 სააგენტოსგან შემდგარი ქსელით საფრანგეთის განვითარების სააგენტო მუშაობს 115 ქვეყანაში. 2019 წელს მან 14.1 მილიარდი ევრო გამოყო აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სერიოზულმა მიზნებმა საქართველოში ხორცშესხმა 2016 წელს დაიწყო, თბილისში სამხრეთ კავკასიის ოფისის გახსნით. მას შემდეგ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს წარმატებული თანამშრომლობა, რასაც შედეგად მოჰყვა დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობის პორტფოლიო ისეთ სექტორებში, როგორებიც არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, სოფლის მეურნეობა და სოციალური კეთილდღეობა.
ევროკავშირი
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია. სხვადასხვა სექტორში მუშაობს მისი 160-ზე მეტი პროექტი, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან, განათლებასთან, მმართველობასთან, მართლმსაჯულებასთან, გარემოს დაცვასთან, ენერგეტიკასა თუ კულტურასთან. დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე: eu4georgia.ge.