fbpx
Skip to main content

უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდასაჭერად დაფინანსების მიღების მიზნით 159 ახალი პროექტია წარდგენილი

15/08/2023

2023 წლის კონკურსის შედეგად, უმაღლესი განათლების სფეროში ინსტიტუციური განვითარების Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას საქართველოში 9 ინიციატივა მიიღებს.

ევროკომისიამ  უმაღლესი განათლების სფეროში ინსტიტუციური განვითარების Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ხარისხის ამაღლებას მესამე ქვეყნებში მსოფლიოს მასშტაბით, დასაფინანსებლად159 პროექტი შეარჩია. ყველა ეს პროექტი ემსახურება საერთო მიზანს, მხარი დაუჭიროს უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, გააუმჯობესოს განათლების სისტემები და ხელი შეუწყობს განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას მთელ მსოფლიოში.

წელს შერჩეული პროექტების ფარგლებში, უმაღლესი განათლებით დაინტერესებული 2,500 სუბიექტი ევროკავშირის თითქმის 130 ქვეყნიდან და მთელი მსოფლიოდან ერთად იმუშავებენ უმაღლესი განათლების მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციისთვის. მაგალითად, 2023 წლის ჯამური ბიუჯეტი 115.3 მილიონი ევროს ოდენობით მოხმარდება ცენტრალურ აფრიკაში მათემატიკის სწავლების პროფესიული დონის ამაღლებას; ლათინურ ამერიკაში მოწყვლადი ჯგუფების საუნივერსიტეტო განათლებას სამართლიანობისა და თანასწორობის სამართლის სფეროში;  სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის სფეროში სასწავლო პროგრამების მომზადებას; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კურსებს სანიტარიული განათლების სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების შესახებ.  სხვა რეგიონების პროექტები ორიენტირებულია ცენტრალური აზიის ქალების მეწარმეობის უნარების განვითარებაზე, დასავლეთ ბალკანეთში ციფრული განათლებისთვის მზაობაზე; ახლო აღმოსავლეთში უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისების განვითარებაზე, დასავლეთ აფრიკაში სასწავლო პროგრამებზე სურსათისა და კვების მდგრადობის შესახებ.

საქართველოში 9 პროექტი შეირჩა, საიდანაც 6-ს საქართველოს ინსტიტუტები ახორციელებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოსა და უკრაინას ყველაზე მეტი პროექტი აქვთ. საქართველოში შერჩეული 9 პროექტი ხელს შეუწყობს ახალ ციფრულ ეპოქაში საინჟინრო სფეროს განვითარებას, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენერგეტიკული მდგრადობისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებას მისცემს. ეს ასევე ხელს შეუწყობს პერსონალური უნარების განვითარებას, სწავლებისა და სწავლის მიმართ ერთიანი მიდგომის დანერგვას, მმართველობის გაუმჯობესებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის განვითარებას. გარდა ამისა, შემუშავდება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებებში.

ზოგადად, ეს ინიციატივები დაიცავს მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გადარჩენის უფლებებს და ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ამ წელს, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიონი ევრო გამოყო უნივერსიტეტებისთვის მასშტაბური Erasmus+ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც მიზნად ისახავენ უკრაინაში უმაღლესი განათლების ციფრული გარემოს გაძლიერებას. ოთხწლიანი პროექტი სახელწოდებით “DigiUni” უკრაინის უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავებს მაღალი ხარისხის ციფრულ პლატფორმას, რომელიც განსაკუთრებით დიდ სარგებელს მოუტანს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მოუწიათ ქვეყნის დატოვება ან ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილება.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა 2023 წლის ნოემბრამდე დასრულდება იმისათვის, რომ პროექტებმა საკუთარი საქმიანობის დაწყება წლის ბოლომდე შეძლონ.

დამატებითი ინფორმაცია

36 წლის წინ შექმნილი Erasmus+ არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობა თითქმის 13 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 26.2 მილიარდ ევროს შეადგენს. 2021-2027 წწ. პერიოდში ის განსაკუთრებულ ყურადღება ამახვილებს  სოციალურ ინკლუზიაზე, მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

უმაღლესი განათლების სფეროში ინსტიტუციური განვითარების Erasmus + პროგრამა წარმოადგენს უფრო ფართო ინიციატივების ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას და მხარს უჭერს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის თანამშრომლობას განათლების სფეროში.

პარტნიორობის გზით ხდება ახალი სასწავლო კონტენტისა და სწავლების მეთოდების განვითარება, პერსონალის გადამზადება და საუნივერსიტეტო სისტემებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესება. პროექტებს ასევე შეუძლიათ გზა გაუხსნან ახალ პოლიტიკურ მიდგომებსა და რეფორმებს – ასეთმა პროექტებმა საკუთარ საქმიანობაში განათლების სახელმწიფო უწყებები უნდა ჩართონ. პროექტებს სარგებელი მოაქვთ არა მხოლოდ განათლების სექტორისთვის: ისინი ასევე ავითარებენ უნარებსა და პრაქტიკას ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა მწვანე წარმოება, ენერგეტიკის მართვა, მეცნიერება საკვები პროდუქტების შესახებ, მეწარმეობა და მრავალი სხვა.

უმაღლესი განათლების სფეროში ინსტიტუციური განვითარებისათვის Erasmus+-ის ბიუჯეტი 2021-2027 წწ. პერიოდისთვის 613 მილიონ ევროს შეადგენს. ჩატარდება პროექტების კიდევ ოთხი ყოველწლიური შერჩევა. შემდეგი კონკურსი 2023 წლის ნოემბერში დაიწყება.