
ქუთაისი: ქალაქი, სადაც საქართველოს ევროპული ისტორია ცოცხლდება #ერთად
იმ დროს, როცა ქუთაისი, ემზადება ევროპის დღის ფარგლებში გასამართი ღონისძიებათა სერიისთვის, რომელიც ორ დღეს, 24 და 25 ოქტომბერს გაგრძელდება, ღირს დავფიქრდეთ იმ ღრმა ისტორიაზე, რომელიც ამ გამორჩეულ ქალაქს ევროპასთან აკავშირებს. ასევე იმაზე რატომ არის ქუთაისი ევროპის დღე 2025-ის მასპინძლობისთვის იდეალური ადგილი.
ქუთაისის ევროპული სული დაფუძნებულია ისტორიაზე, იდეებსა და ხალხზე. ქუთაისი – განათლების, რეფორმირების და მაღალი სამოქალაქო სულისკვეთებით გამორჩეული ქალაქია, ზუსტად ცნებები, რაც საფუძვლად უდევს ევროკავშირს.
ამ კავშირის საუკეთესო სიმბოლო ალბათ ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნიკო ნიკოლაძეა, რომლის იდეებმა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის შესახებ ის კონტინენტურ ასპარეზზე გაიყვანა. ციურიხის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ დაცვის შემდეგ, ნიკოლაძე დიდი ქართველი მოაზროვნე, ხდება ჭეშმარიტად ევროპელი მოაზროვნეც. ქუთაისში დაბადებულმა და გაზრდილმა, მან ევროპის საუკეთესო მიღწევები სამშობლოში ჩამოიტანა, პრაქტიკაში დანერგა ურბანული დაგეგმარების, მმართველობისა და ტექნოლოგიების დასავლური კონცეფციები –ქუჩის პარიზული სტილით დაგეგმარება, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო მეთოდები და თანამდეროვე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფოთის ნავსადგური და საქართველოს რკინიგზა.
თუმცა, ნიკო ნიკოლაძე არ იყო ერთადერთი. ქუთაისმა საქართველოს ბევრი რეფორმატორი და გამორჩეული მოღვაწე აღუზარდა – კატო მიქელაძე, საქართველოს პირველი ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი; პოეტი აკაკი წერეთელი, რომლის ნამუშევრებმა თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების თაობები შთააგონა და მრავალი სხვა. ქუთაისელი იყო ალექსანდრა ჩიქოვანიც, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში პირველი საქველმოქმედო ღონისძიების მოთავე გახდა, როდესაც გვირილების გაყიდვებიდან შემოსული თანხა ტუბერკულოზთან ბრძოლას გადასცა. ინიციატივა მეოცე საუკუნის შვედური სოციალური ინიციატივებით იყო შთაგონებული. ჩიქოვანის დაწყებული ქველმოქმედება მოგვიანებით გვირილობად გადაიქცა, ქუთაისის საყვარელ ყოველწლიურ ზეიმად.
ღიაობის, ინოვაციისა და სამოქალაქო სიამაყის ეს მემკვიდრეობა ქუთაისს არამხოლოდ უბრალო ისტორიულ ქალაქად აქცევს, არამედ ადგილად, სადაც ევროპულმა იდეალებმა დიდი ხანია გაიდგა ფესვი.
„ქუთაისი განასახიერებს იმ ენერგიას, კრეატიულობას და ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და ევროპას. ევროპის დღის ქუთაისში გამართვა არ არის მხოლოდ სიმბოლური – ეს არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთი იდეებითა და ქმედებებით აგრძელებენ ჩვენი საერთო მომავლის შენებას.“ – ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
და მართლაც, ქუთაისი ბუნებრივი ეპიცენტრია იმის ხელახლა აღმოსაჩენად, რაც ჩვენ გვაერთიანებს – განათლება, პროგრესი, თანასწორობა და ადამიანური ღირსების საერთო რწმენა.
წელს, როდესაც ქალაქი ევროპის დღე 2025-ს მასპინძლობს, მის ქუჩებში არა მხოლოდ მრავალნაირი ღონისძიება გაიმართება, არამედ გაჟღერდება ისეთი მოღვაწეების ისტორიები, როგორებიც ნიკო ნიკოლაძე, კატო მიქელაძე და ალექსანდრა ჩიქოვანი არიან – ქართველები, რომელთა იდეები და იდეალები ყოველთვის ევროპული იყო. ქუთაისის ისტორია, მრავალი თვალსაზრისით, საქართველოში ევროპის ისტორიაა – ისტორია, რომელიც გრძელდება.
ევროპის დღე ქუთაისში არის შესაძლებლობა ყველა მსურველისთვის შეიგრძნოს იმერული ენერგია და გაეცნოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 30 წელზე მეტი ხნის მტკიცე მეგობრობისა და პარტნიორობის მაგალითებს. ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, გაიმართება კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და გარემოსდაცვითი აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია ყველა ასაკის დამსწრესთვის.
პროგრამა გაიხსნება 12-კმ–იანი ველორბოლით, რომელიც ხელს უწყობს მდგრად მობილობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. გაიმართება „ევროპული ქუთაისის“ საფეხმავლო ტური და გასტრონომიული ღონისძიება „ევროპის გემო“, რომელიც ევროპულ კულინარიას ადგილობრივი გამოცდილების მეშვეობით წარმოაჩენს.
ევროპის დღეზე მოსულებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ფოტო და აუდიო-ვიზუალური გამოფენები, როგორიცაა „ეს ქვეყანა შენია“ და დაესწრონ დოკუმენტური ფილმის „ქუთაისური ტალღის“ ჩვენებას. ასევე, ისიამოვნონ კონცერტით. საინტერესო განხილვას დამსწრეებს შესთავაზებენ ისეთი დისკუსიები, როგორიცაა „ქალები ცვლილებებისთვის“, ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებული ფოტოების გამოფენა და ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასი დოკუმენტუ ფოტოგრაფიაში.
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ინტერაქტიული თამაშები, შემოქმედებითი ვორკშოპები და ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ მოყოლილი ევროპული ლიტერატურის პერსონაჟების ამბები. „მწვანე კუთხე“ ხაზს გაუსვამს მდგრადობასა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული აქტივობებით, როგორიცაა მწვანე მოდის ვორკშოპი და თოჯინების შოუ.

ევროპის დღე ქუთაისში ევროკავშირსა და საქართველოს პარტნიორობას საუკეთესო – ღია, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ფორმით გამოხატავს. ევროპის დღე ქუთაისში აღნიშნავს საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს. ინოვაციის, ღიაობისა და პროგრესის ტრადიცია, რომელიც ქუთაისის დიდმა შვილებმა ევროპიდან ჩამოიტანეს, დღესაც გრძელდება – არა მხოლოდ დიდი რეფორმებით, არამედ მისი ხალხის ყოველდღიური სულით. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა აყალიბებს ქართველების ახალ თაობას, რომლებიც თავიანთ მომავალს მტკიცედ ევროპულ ოჯახში ხედავენ.
თბილისსა და ბათუმის ევროპის დღის ღონისძიებების წარმატების შემდეგ, ქუთაისი იქნება შემდეგი ადგილი, სადაც საქართველო და ევროკავშირი ერთად აღნიშნავენ თავიანთ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და საერთო მიზნებს.
მობრძანდით, 24-25 ოქტომბერს, იგრძენით ევროპის სული იმერეთში და აღმოაჩინეთ, ის რაც გვაერთიანებს.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის სანახავად, ესტუმრეთ European Union in Georgia-ს ვებ-გვერდს: https://eu4georgia.eu/europe-days-kutaisi/
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება.
გაიგეთ მეტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: www.euingeorgia.eu