შვილების აღზრდაში ჩართული მამები უფრო ბედნიერ ოჯახებს ნიშნავს
„პატარა რომ ვიყავი, მამაჩემი ამბობდა ხოლმე, მე ვარ კაცი ოჯახში და ისე იქნება, როგორც მე ვიტყვიო“, — გულდაწყვეტით იხსენებს ტრადიციული წესით აღზრდის გამოცდილებას დუმიტრუ დუნასი, ახალგაზრდა მამა მოლდოვადან, — „ის არასდროს აძლევდა დედას უფლებას, სახლიდან გასულიყო და რაიმე გაეკეთებინა. ამბობდა, რომ ქალი ფქვილით უნდა იყოს დასვრილი, კაცი კი — ქუჩის მტვრით“.
როდესაც დაქორწინდა, დუნასს ყველაფრის განსხვავებულად გაკეთება მოუნდა: „რადგან ბავშვობაში მამაჩემის ოჯახში ყოფნას ვერ ვგრძნობდი, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მამა ახლოს იყოს თავის შვილებთან“. ის ყოველდღიურად ინაწილებს სახლის ისეთ საქმეებს, როგორიც საჭმლის მომზადებაა და უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული თავისი ხუთი შვილის მოვლაში.
დუნასის მსგავსი მამების მხარდაჭერა — და სხვა კაცების წახალისება, რომ უფრო მეტად ჩაერთონ ბავშვებზე ყოველდღიურ ზრუნვაში — ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის (EU 4 Gender Equality): ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“, ერთ-ერთი მიზანია. პროექტი სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად ხორციელდება. ის 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო და უკვე მილიონობით ადამიანამდე მიიტანა გზავნილები ოჯახური პასუხისმგებლობების თანაბრად განაწილების შესახებ. ამასთან, პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაფუძნებული აქვს მამების კლუბები და მართავს სატრენინგო სესიებსა თუ მამებისა და შვილებისთვის განკუთვნილ ერთობლივ აქტივობებს.
მამობა სასიამოვნოა
რადგან მამობის ავტორიტარულ ნორმებს ოჯახური კავშირების შესუსტება შეუძლია, ხშირად პირველი ნაბიჯი მამებისათვის ისეთი სივრცის შექმნაა, რომელშიც ისინი ბავშვებთან სასიამოვნო დროს გაატარებენ. ამ მიზნით, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ მამების კლუბებში მამებისა და შვილებისთვის ორცხობილას გამოცხობის კლასები, ამბების თხრობის საათები, ხატვის ვორქშოფები და სხვა მსგავსი აქტივობები ტარდება. პროექტის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“, პარტნიორების მიერ გამართულ ფოტოკონკურსებზე წარმოდგენილი ფოტოები კი ასახავს, როგორ ერთობიან მამები შვილებთან ერთად — ამის მაგალითია მამების და მათი გოგო შვილების ეს ფეისბუქ გალერეა.
აზერბაიჯანში, სადაც ზოგიერთი ნორმა ხისტ, გენდერულად განსაზღვრულ მშობლობის როლებს განამტკიცებს და სადაც ზოგიერთი წყვილი შვილად ბიჭის ყოლას ამჯობინებს, ცნობიერების ამაღლების კამპანია, „მამაჩემს ვუყვარვარ“ განხორციელდა. ის მიზნად მამებსა და შვილებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავდა. ერთ-ერთ ვიდეოში მამა გვიყვება, როგორ შეუწყო ხელი თავისი გოგო შვილის ათლეტურ მიზნებს იმის მიუხედავად, რომ გარშემომყოფები სკეპტიციზმს გამოხატავდნენ. შედეგად, მისი შვილი ახალგაზრდა მოჭიდავე გახდა და ჯილდოს მოპოვებაც შეძლო. როდესაც მამები თავიანთი შვილების ცხოვრებაში მონაწილეობენ, მათ შეუძლიათ, შვილების მიღწევებით იამაყონ.
უკრაინის 10 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ოჯახები მუსიკალურ ფლეშმობში გაერთიანდნენ, რომლის დროსაც ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ცეკვავდნენ. სომხეთში კურდღლების ოჯახის შესახებ დადგმული ინტერაქციული მარიონეტული სპექტაკლი კი აუდიტორიის ახალგაზრდა წევრებს დაეხმარა, უკეთ გაეაზრებინათ და გადაეფასებინათ მამის როლი — და „ქალის საქმე“ — ოჯახში.
მამობა შრომაა
თამაშისა და წარმატებათა აღნიშვნის გარდა, ბავშვებს სჭირდებათ მამები, რომლებიც საოჯახო საქმის ტვირთს გაინაწილებენ. გენდერულ სტერეოტიპებზე 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოკითხული ათასობით ქალისა და კაცის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, კაცის კარიერა პირველ ადგილზეა, ქალის კი მეორეხარისხოვანია. საზოგადოებებში, სადაც აუნაზღაურებელ ზრუნვით შრომას ძირითადად ქალებისგან მოელიან, სახლის საქმეებსა და ბავშვის მოვლაზე დედები მამებთან შედარებით არაპროპორციულად მეტ დროს ხარჯავენ. საზოგადოების მოლოდინების გამართლების მცდელობა იწვევს იმას, რომ ქალებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის ნაკლები დრო რჩებათ. პროექტი, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“, ამ შემზღუდველ სტერეოტიპებს ქალებსა და კაცებს შორის პასუხისმგებლობების თანაბრად გაზიარების ხელშეწყობით ებრძვის.
კლუბების, ტელევიზიის, სოციალური მედიისა და სხვა აქტივობების საშუალებით, პროექტი მოუწოდებს მამებს, საკუთარ თავზე აიღონ ისეთი საოჯახო საქმეები, როგორიც საჭმლის მომზადება, რეცხვა და დალაგებაა. სომხეთში განხორციელებული პროგრამის, „ოჯახური კუთხეები“, ფარგლებში მშობლები ითვისებენ ოჯახში გამოსადეგ უნარებს, პასუხისმგებლობას იღებენ ბავშვის მოვლისა და საოჯახო საქმეების თანაბარ გაზიარებაზე და საუბრობენ იმ გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ბავშვებისათვის საზიანო შეიძლება იყოს. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა ბრაზის მართვა და ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით შვილების სქესის შერჩევის პრევენცია.
აზერბაიჯანში სოციალური რეკლამები საზოგადოებას ანახებს რომ სახლის საქმეების კეთება კაცებსაც შეუძლიათ. ასევე, 2021 წლის ივნისში, მამის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პოპულარულმა ტელეარხმა მამებს მოუწოდა, გამოეგზავნათ ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ისინი შვილებზე ზრუნვას სხვადასხვა გზით —მაგალითად, მათთვის თმის დავარცხნით — გამოხატავდნენ. უკრაინის #ნამდვილიმამის21დღის გამოწვევის მონაწილეები ტელეარხმა თავის მაყურებელს დილის გადაცემის საშუალებით გააცნო.
მამობა პირველივე დღიდან იწყება
პროგრამა მიზნად ისეთ რეალობას სახავს, რომელშიც მამები თავიანთ შვილებთან კავშირს პირველივე დღიდან ამყარებენ. EU4GE-ის მიერ დაფინანსებული „მამების სკოლები“ კაცებს ასწავლიან, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ, როდესაც თავიანთ ორსულ პარტნიორებს ექიმთან პრენატალურ ვიზიტებზე მიჰყვებიან. ისინი ასევე იღებენ ბაზისურ ცოდნას ჩვილის მოვლის შესახებ — მაგალითად, სწავლობენ, როგორ დაიჭირონ ბავშვის თავი სწორად. თანმხლები გზამკვლევი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ადგილობრივ ენებზეა თარგმნილი, მამების სკოლების კურსების გამვლელთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა პრენატალური ზრუნვის პროცესში კაცების ჩართვა შეძლონ, პროექტმა კლინიკების იმ თანამშრომლებისათვისაც შეიმუშავა სატრენინგო მასალა, რომლებსაც უშუალოდ მომავალ მშობლებთან აქვთ კონტაქტი.
მირიან ჯუღელი ერთ-ერთი პირველი მამაა, რომელმაც საქართველოში დეკრეტული შვებულება აიღო. იგი „კაცები ზრუნავენ“ პროექტის თანადამფუძნებელია. სწორედ ამ ინიციატივამ გახსნა EU4GE-ის მიერ დაფინანსებული მამების სკოლები ქვეყანაში [იხილეთ Facebook ანიმაციური ვიდეო]. „ბევრი კაცი ფიქრობს, რომ ოჯახში ქალისა და კაცის როლები არსებობს და რომ ბავშვის მოვლა ქალის საქმეა“, — ამბობს მირიან ჯუღელი, — „ვერ ვიტან, როდესაც მეკითხებიან, ცოლს თუ ეხმარებიო. მშობლობა არ არის პარტნიორის ‘დახმარება’. მშობლობა ბავშვის აღზრდისას ვალდებულებების და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას ნიშნავს“. იმის ნაცვლად, რომ მამები ისეთ უბრალო დამხმარეებად შერაცხონ, რომელთა ბავშვების აღზრდაში ჩართულობაც არასავალდებულოა, მამების სკოლები მამებს მშობლის სრულფასოვან როლს აკუთვნებენ. საქართველოში გამართული სესიების დროს მამები ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებით პრაქტიკულ კითხვებს სვამენ. „ჩვენ ისეთ კითხვებს გვისვამენ ხოლმე, როგორიცაა, ‘რა უნდა ვქნა, თუ ბავშვს საჭმელი გაეჩხირა ყელში?’“, — ამბობს ჯუღელი. მამები ასევე იღებენ სასარგებლო რჩევებს — მაგალითად, იმაზე, თუ როგორ ჩაალაგონ „მამის ჩანთაში“ ისეთი ნივთები, როგორებიცაა პამპერსი, კრემი და პირველადი დახმარების საგნები.
მოლდოვაში მამების კლუბის წევრები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მამების ისტორიებს იხსენებენ — როგორც კარგებს, ასევე ცუდებსაც. მათ სთხოვენ, დაასრულონ წინადადება, „ერთი რამ მამაჩემის შესახებ, რაც არ მინდა, ჩემს შვილთან გავიმეორო, არის…“. კლუბები თავიანთ რიგებში ახალგაზრდა კაცებს იქამდე დიდი ხნით ადრეც იწვევენ, სანამ ისინი მამები გახდებიან. 17 წლის იონუც კინტეა ამბობს, რომ მან აქ ჯანსაღი ჩვევების სტერეოტიპებისგან გარჩევა ისწავლა და მეტი გაიგო მზრუნველ მშობლობაზე. „როდესაც მამა გავხდები, ვეცდები, საუკეთესო ვიყო ჩემი შვილებისათვის“, —ამბობს იგი, — „მე მათთან დროს გავატარებ; ვეტყვი, რომ მიყვარს ისინი და მათი ცხოვრების ნაწილი ვიქნები“.
მამობას თავისი უფლებები აქვს
ხანდახან მამებს სურთ, უფრო მეტად ჩაერთონ შვილების ცხოვრებაში, მაგრამ სამსახურში განცდილი ზეწოლა მათ კარიერის პირველ ადგილზე დაყენებისკენ უბიძგებს. პროექტის პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს მამების მიერ დეკრეტული შვებულების აღების პრაქტიკას, ოჯახის ინტერესთა გამთვალისწინებელი პოლიტიკის გატარებას და იმ სამართლებრივი ცვლილებების მიღებას, რომლებიც მამებისათვის ბავშვებთან მეტი დროის გატარებას აადვილებს. ბელარუსში 2021 წლის მაისში გამართულ ონლაინ სხდომაზე კომპანიებმა გაიგეს, თუ როგორ შეუძლიათ ოჯახზე უფრო მეტად მორგებული ადამიანური რესურსების (HR) პოლიტიკის შემუშავება.
„მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საზოგადოებრივ და აზროვნების დონეზე ცვლილებას დრო სჭირდება — ხანდახან ათწლეულებიც. რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, — ამბობს პროექტის, „კაცები ზრუნავენ“, თანადამფუძნებელი, მირიან ჯუღელი, — „მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგებს. ჩვენ მიზნად ისეთი საზოგადოების შექმნა დავისახეთ, რომელშიც კაცები თავიანთ შვილებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და საკუთარი ოჯახების ყოველდღიურ რუტინაში ერთვებიან“.
სტატია მომზადდა პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“, ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ. პროგრამის მიზანია ქალებისა და კაცების თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რისი მიღწევის გზადაც ოჯახში და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლების შესახებ აღქმათა შეცვლა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე მუშაობაა დასახული.