
ფოტო გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“ ბოლო ათწლეულში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე გვიყვება. ვიზუალური ისტორიების ეს მრავალფეროვანი კრებული კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. გამოფენა საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს და გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტების გამბედაობას ეძღვნება.
გამოფენა მოიცავს დინა ოგანოვას, დათო ქორიძის, ნინი ბაიდაურის, სოფო აფციაურის, გიორგი შენგელიას, გიორგი ლონდარიძის, ზურაბ ცერცვაძის ნამუშევრებს და ხაზს უსვამს დამოუკიდებელი მედიის როლს ისტორიის დოკუმენტირებაში.
გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ხელოვანების, ჟურნალისტებისა და კულტურული სივრცეების დახმარება.
გამოფენა თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ გაიხსნა და ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი. ის, ასევე, თბილისისა და ბათუმის ევროპის დღის ნაწილი იყო.
„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის“ შესახებ
2012 წელს დაარსებული კონკურსი – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის განსაკუთრებულ მიღწევებს ავლენს. კონკურსი, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროფესიონალური, ეთიკური და თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერს მხარს. კონკურსი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეყრდონობა და ქართულ მედიაში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
კონკურსის მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში გამოქვეყნებული გამორჩეული ნამუშევრებისათვის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: საგამოძიებო რეპორტაჟი, სიუჟეტი, ბლოგი, დოკუმენტური ფოტოგრაფია და სხვა.