fbpx
Skip to main content

ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

24/12/2023

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შეაჯამეს ოთხწლიანი (2021-2023) პროექტის შედეგები, რომელიც საქართველოში არაფორმალური და პროფესიული განათლების განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ემსახურებოდა. ეს ინოვაციური ინიციატივა მოიცავდა ახალი საგანმანთლებლო პროგრამების შექმნას, ციფრული სწავლების დანერგვას და იმ ახალგაზრდების ხელშეწყობას, რომლებიც დასაქმების, განათლებისა და ტრენინგის მიღმა იმყოფებიან – NEET ახალგაზრდები.

1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ევროკავშირისა და UNDP-ის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ და საქართველოს უნარების სააგენტო.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში თანამედროვე განათლების სისტემის განვითარებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან. ჩვენ ხელს ვუწყობთ მრავალფეროვანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა მათ სათანადო წვლილი შეიტანონ თავისი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„საქართველოს ახალგაზრდების 25 პროცენტზე მეტი, ანუ 15-24 წლის ასაკის ყოველი მეოთხე ადამიანი, არაა ჩართული განათლებასა თუ დასაქმებაში (წყარო: PMCG. 2022). ამის საპასუხოდ, გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან, რათა უფრო მრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა უზრუნველყოს. ჩვენი მიზანია განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფ ახალგაზრდებს არაფორმალური და პროფესიული განათლება შევთავაზოთ, დავეხმაროთ თავად ააშენონ საკუთარი მომავალი და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს წარმატებაში“, – აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

პროექტის მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ მსჯელობა 13-14 დეკემბერს გაიმართა. შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ და საქართველოს უნარების სააგენტო ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით.

პროექტის შედეგებს შორის შემდეგი საკვანძო სფეროები გამოიკვეთა:

  • პროფესიული სასწავლებლების ინსტიტუციური გაძლიერება: შვიდმა კოლეჯმა პროექტის სამიზნე რეგიონებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი) მიიღო დახმარება პროგრამებისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის. დახმარების პაკეტი მოიცავდა სამეწარმეო კოლეჯის მოდელის დანერგვას, ტექნიკურ ხელშეწყობას და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების გადამზადებას.
  • საჯარო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება: ათმა საჯარო სკოლამ სამიზნე რეგიონებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მიიღო დახმარება პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვისთვის, რამაც ხელი შეუწყო საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდას იმ რეგიონებში, სადაც პროფესიული კოლეჯები და სასწავლო ცენტრები ჯერ არ ამოქმედებულა.
  • NEET ახალგაზრდების მხარდაჭერა: უნარების სააგენტომ შეიმუშავა NEET ახალგაზრდებზე გათვლილი სასწავლო პროგრამები ფინანსებისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით. ამ პროგრამების პილოტირება ორ საჯარო სკოლასა და ორ კოლეჯში განხორციელდა. ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ ხელშეწყობით, NEET ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ არაფორმალური განათლების სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ახალგაზრდული კლუბების საქმიანობაში.
  • ახალი სასწავლო პროგრამები: ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა ტურიზმისა და ველნეს სექტორებისთვის.
  • პროფესიული განათლების ეკოსისტემა და ქსელური მოდელები: სერვისებისა და ჯანმრთელობის სექტორებში განხორციელდა დარგობრივი კოლეჯების ქსელური მოდელის პილოტირება. დარგობრივი უნარების ორგანიზაციებმა მიიღეს ხელშეწყობა მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად.
  • კარიერის მართვის სერვისები: სკოლის მოსწავლეების, NEET ახალგაზრდებისა და დაუცველი სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა და დაინერგა კარიერული განათლებისა და ორიენტაციის პროგრამა.
  • კარიერის მართვის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის: ინკლუზიური განათლებისა და დასაქმებისა ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა შშმ პირებისთვის განკუთვნილი კარიერის მართვისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რომლის პილოტირება რამდენიმე კოლეჯში განხორცილდა.
  • არაფორმალური განათლება: ახალგაზრდულ ცენტრ „მზიან სახლთან“ პარტნიორობით, სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში დაინერგაკლასგარეშე აქტივობები მეწარმეობის, ხელოვნების, სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური ჩართულობის მიმართულებით.
  • პარტნიორობა: შეიქმნა თანამშრომლობის შესაძლებლობები პროფესიულ კოლეჯებს, სკოლებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის.
  • ციფრული ხელსაწყოები: EntreComp და DigiComp პლატფორმების წარმატებულმა პილოტირებამ შექმნა სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენების, ანუ „გემიფიკაციის“ შესაძლებლობა. უნარების სააგენტომ გააციფრულა ძირითადი სასწავლო რესურსები და სწავლის მართვის სისტემის (LMS) მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა როგორც სტუდენტებისთვის, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

***

მეტი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე:

უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: