
ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!
ევროპის დღის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ელჩის პაველ ჰერჩინსკის ხელმძღვანელობით ბათუმში რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ვიზიტების და დისკუსიების მიზანი საქართველოში ევროკავშირის მხრიდან დემოკრატიული ღებულების, ინკლუზიური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მუდმივი მხარდაჭერის ხაზგასმაა.


პაველ ჰერჩინსკიმ დღე „ბათუმელების“ მონახულებით დაიწყო. საქართველოში ევროკავშირის ელჩი შეხვდა რედაქტორებსა და ჟურნალისტებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და მისი არსებითი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოგვიანებით, მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის გამოწვევები და შესაძლებლობები, დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით ადამიანის უფლებების დაცვის და მედეგობის გაძლიერების საკითხები. ფორუმმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სივრცის დაცვისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მნიშვნელობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის განმავლობაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა ზანე რუნგულემ და განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ბათუმსა და აჭარაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი არაერთი პარტნიორი და პროექტი მოინახულეს.
აჭარაში ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს, რომელიც ასახავდა რეგიონში ევროკავშირისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივების ფართო სპექტრს. მათ შორის, საქმიანობას, რომელიც ფოკუსირებული იყო მედია წიგნიერებაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერასა და სოციალურ ინკლუზიაზე, სამოქალაქო საზოგადოების უფრო ეფექტურ თანამშრომლობაზე, სათემო დონეზე კლიმატის პროგრამის მხარდაჭერაზე და რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობაზე.
დღის ბოლოს სასტუმრო შერატონ ბათუმში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გახსნა ფოტოგამოფენა „10 წელი ფოკუსში“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ნამუშევრები, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას, ქვეყნისა და ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და გამარჯვებებს ასახავს.
„ეს ვიზიტები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან ხალხზეა ორიენტირებული – თემების გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერაზე. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა გავამყაროთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ.