EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებს კულტურის განვითარებაში დაეხმარება
პროექტის EU4Culture კონკურსის „კულტურის განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში საქართველოდან შერჩეული ქალაქები კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად და განსახორციელებლად ევროკავშირისგან მხარდაჭერას მიიღებენ.
კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, ჟიურიმ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 5 ქალაქი გამოავლინა. საქართველოდან კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 11-მა ქალაქმა, მათგან კი კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ: ახალციხე, ზუგდიდი, თელავი, ფოთი და ქუთაისი.
შერჩეულ ქალაქებს სრული საკონკურსო განაცხადის მოსამზადებლად გადაეცემათ 1000 ევრომდე გრანტი. კონკურსის მომდევნო ეტაპზე, თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. შერჩეული ქალაქები 2021 წლის ნოემბერში გახდება ცნობილი. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. გრანტთან ერთად გამარჯვებული ქალაქები მიიღებენ მხარდაჭერას შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი 2021 – 2024 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. მისი ბიუჯეტი შეადგენს 7,85 მილიონ ევროს, რომელიც მოხმარდება ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
მარიამ ლეჟავა, კომუნიკაციის მენეჯერი Mariam.Lezhava@goethe.de;