ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი შესაძლებლობა მოტივირებული ახალგაზრდებისთვის საქართველოში
World Vision საქართველო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “SKYENet” ფარგლებში, SKYE კლუბის წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას იწყებს. ინიციატივა მიზნად ისახავს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და აქტიური მოქალაქეობის წახალისებას.
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტ“SKYENet” -ის ფარგლებში, 10 SKYE კლუბის ჩამოყალიბება, დაგეგმილია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხობი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბაღდათი, ზესტაფონი, ახალციხე, ადიგენი, დუშეთი, თელავი და ახმეტა. თითოეული კლუბისთვის 25 მოტივირებული ახალგაზრდა, ჯამში კი 250 კლუბის წევრი შეირჩევა. წევრობაზე განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ნებისმიერ ახალგაზრდისთვის. აღნიშნული ინიციატივა 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე განხორციელდება .
ახალგაზრდებს ესაჭიროებათ მრავალფეროვანი მექანიზმები ინდივიდუალური კომპეტენციების გასავითარებლად, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სოციალურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერების კლუბი (SKYE) ახალგაზრდებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში და გამოცდილების მიღებაში, რაც აუცილებელია მათი სამომავლო დასაქმებისთვის და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთის. SKYE Club წარმოადგენს World Vision-ის ახალგაზრდებთან მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოდელს, რომელიც წარმატებით ხორციელდება 2015 წლიდან საქართველოსა და სომხეთში.
კლუბების მიზანია ისეთი 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდების გაძლიერება, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და უჭირთ დასაქმება, თუმცა მოტივირებულები არიან შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი თემისა და საზოგადოების გაძლიერების პროცესში. აღნიშნული კლუბები ახალგაზრდებისთვის ყოველკვირეული შეკრების, დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი უნარების შეძენის, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზებზე ერთობლივად მუშაობის პლატფორმას წარმოადგენს. კლუბის ფარგლებში, მონაწილეები ყოველწლიურად ორ სათემო პროექტს ახორციელებენ, რომელსაც სარგებელი მოაქვს ადგილობრივ მკვიდრთათვის და აძლიერებს საზოგადოებას. მსგავსს ინიციატივებსა და პროექტებში ჩართულობა, ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების, პროექტის მართვისა და ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადი ფორმის შევსება შეუძლიათ 2024 წლის 2 მაისამდე. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ქართულ ენაზე, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1ZASkIWi_T0ajROV5zC9cCMxnuhyDSAgHmfUEoQjvfP8/viewform?edit_requested=true
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი „SKYE Net – ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision სომხეთის, MilleniuM ტრენინგის და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოწყვლადი პირების, აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებში მათი ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ, ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში. პროექტი ასევე ითვალისწინებს SKYE Net ტრანსნაციონალური პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით ბიზნესში მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციული მიდგომების გამოყენების შესახებ. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს სამივე ქვეყნიდან. ამასთანავე, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა ახალგაზრდა სოციალური მეწარმეებისა და მათი სტარტაპების მხარდაჭერა, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე ფოკუსირებითა და ასევე ბიზნესის განვითარების უკვე არსებული პროგრამებისა და შესაძლებლობების გამოყენებით. პროექტი ხორციელდება 2023 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია World Vision საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.