მწვანე შეთანხმება
კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად, ევროპამ უნდა შეიმუშაოს ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც გადააქცევს ევროკავშირს თანამედროვე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად, სადაც
- 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა
- ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე
- არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა
რას მოიცავს აღნიშნული გეგმა, როგორ მოხდება მისი განხორციელება და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, გაეცანით ქვემოთ.
- რა არის მწვანე შეთანხმება?
- რატომ ჩაუდგა ევროკავშირი მწვანე შეთანხმებას სათავეში?
- რა სარგებელს მომიტანს მწვანე შეთანხმება?
- რას გამოიწვევს უმოქმედობა?
- მწვანე შეთანხმება როგორც პანდემიის შემდგომი აღდგენის სამოქმედო გეგმა
- აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ და მწვანე შეთანხმების პრინციპები
- რას ნიშნავს მწვანე შეთანხმება საქართველოსთვის
- ევროპის მწვანე შეთანხმების ფარგლებში დასახული მიზნები
რა არის მწვანე შეთანხმება?
კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად, ევროპამ უნდა შეიმუშაოს ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც გადააქცევს ევროკავშირს თანამედროვე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად, სადაც
- 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა
- ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე
- არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა
ევროპული მწვანე შეთანხმება ის გეგმაა, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკას მდგრადს გახდის. ამის განხორციელება შესაძლებელია კლიმატისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევისა და ამ გარდამავალი ეტაპის სამართლიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარების გზით.
ქმედებები
ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის გახდეს კლიმატ-ნეიტრალური. ამ მიზნის მიღწევა საჭიროებს შესაბამის ქმედებებს ეკონომიკის ყველა სექტორის მხრიდან, მათ შორის არის:
- ინვესტირება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში
- ინდუსტრიის მხარდაჭერა ინოვაციების წახალისების მიზნით
- კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი ფორმების დანერგვა
- ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია
- შენობების მეტი ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით
ევროკავშირი უზრუნველყოფს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მათთვის, ვისთვისაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი ყველაზე რთული აღმოჩნდება და ხელს შეუწყობს შესაბამისი რეგიონებისთვის, სულ მცირე, 100 მილიარდი ევროს მობილიზებას 2021-2027 წლების პერიოდში.
ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული მწვანე შეთანხმება კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად. არსებულმა კრიზისმა გავლენა არ მოახდინა არც მიზანსწრაფულობაზე და არც განხორციელების მაჩვენებელზე; პირიქით, მწვანე შეთანხმება იქცა ევროკავშირისა და გლობალური მწვანე აღდგენის ინიციატივის ერთგვარ გზამკვლევად და მოდელად.
„ამჟამად არ არსებობს აჩქარების უფრო გადაუდებელი საჭიროება, ვიდრე ის, რომელიც ჩვენი სათუთი პლანეტის მომავლის საკითხს შეეხება ”- ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
რა არის ევროპის მწვანე შეთანხმება- ფაქტები და მონაცემები
რატომ ჩაუდგა ევროკავშირი მწვანე შეთანხმებას სათავეში?
ევროკავშირმა აიღო ვალდებულება საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით წარუძღვეს ევროპული მწვანე შეთანხმების განხორციელებას. ევროკავშირი უხელმძღვანელებს კლიმატთან და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებს საერთაშორისო პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან საერთაშორისო ალიანსების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. გლობალური ლიდერის პოზიციიდან ევროკავშირი უპასუხებს გლობალურ გამოწვევებს, ხელს შეუწყობს გარემოს დასცვასთან, კლიმატთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებული მიზანსწრაფული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას მთელ მსოფლიოში.
ევროკავშირი გამოიყენებს როგორც დიპლომატიურ, ასევე ფინანსურ მექანიზმებს იმისთვის, რომ მწვანე ალიანსები საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილად იქცეს.
მსოფლიოში გარდამავალი პერიოდის წარმატებით განხორციელების მიზნით ევროკავშირი ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს ყოვლისმომცველი, ერთიანი მიდგომების შემუშავებას ხალხისა და ბუნების საკეთილდღეოდ და, ასევე, ეკონომიკური ზრდის მიზნით.
ევროკავშირი, როგორც მსოფლიო ლიდერი – ფაქტები და მონაცემები
რა სარგებელს მომიტანს მწვანე შეთანხმება?
როგორ გააუმჯობესებს მწვანე შეთანხმება მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას?
ევროპული მწვანე შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. მათ შორის უმთავრესია ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყოველწლიურად 400,000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო, რადგან ბევრ ურბანულ ზონაში გრძელდება ევროკავშირთან შეთანხმებული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დარღვევა. წყლის დაბინძურება ევროპაში კვლავაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მავნე ქიმიკატებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია ბევრგან ისევ მაღალი რჩება. ევროკავშირში 3 მილიონი პოტენციურად დაბინძურებული უბნის არსებობა და ნიადაგის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. საშიში ქიმიკატებისა ან მათი ერთობლიობის ზემოქმედება ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კიბო, რეპროდუქციული ან სასუნთქი ორგანოების დაავადებები. ამ ფაქტორებით გამოწვეულია გარემოს დეგრადაციაც (მაგ. მწერებისა და ფრინველების პოპულაციების შემცირება). ეს პრობლემა მნიშვნელოვნად ზრდის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დაბინძურების აღმოფხვრაზე მიმართული სამუშაოების მოცულობას, სამუშაო დღეების ფუჭად დაკარგვას, შენობების დაზიანებასა და ფერმებში მოსავლის შემცირებას.
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე მიმართული ინიციატივები ირიბ სარგებელს მოგვიტანს ეკოსისტემების გაუმჯობესებით, ხეების დარგვითა და ეკოსისტემების დაცვის მეშვეობით. სოფლის მეურნეობის სფეროში პესტიციდების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების შემცირება საზოგადოებას პირდაპირ სარგებელს მოუტანს, რადგან დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ევროპული მწვანე შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებაზე მიმართულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებების მეშვეობით შემსუბუქდება წყალდიდობითა ან გვალვით გამოწვეული პრობლემები, გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი. მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გაჯანსაღდება გარემო.
როგორ უზრუნველყოფს მწვანე შეთანხმება გარემოსა და ოკეანეების დაცვას?
არსებობს ფაქტორების სიმრავლე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე გარემოსაც. არსებული რისკები საკმაოდ მასშტაბურია და მათ შესამცირებლად საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება. მათ შორის ყველაზე გადაუდებელია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, რესურსების ჭარბი გამოყენება, ჰაერის, წყლისა და ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურება.
კლიმატის ცვლილება გარემოზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს და იწვევს ტყის ხანძრებს, ოკეანეებში წყლის მჟავიანობის მატებას, მყინვარების დნობასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ევროკავშირი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობს ამ ფაქტორების შემცირებას. ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულების შედეგად, მის ტერიტორიაზე 2020 წლამდე 20% -ით, ხოლო 2030 წლამდე 40% -ით შემცირდება ემისიების მაჩვენებლები 1990 წელთან შედარებით. ევროკავშირმა პირველმა დააკანონა 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლები, რასაც დაემატა ენერგიის დაზოგვასთან და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ახალი სამიზნე მაჩვენებლები და სათბურის აირების შემცირებაზე მიმართული საკანონმდებლო აქტები. საყურადღებოა, რომ არსებული სათბურის აირების შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების ინტენსივობა უნდა გასამმაგდეს 2oC -ისა და გახუთმაგდეს 1.5oC-ს სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა კოლეგიამ (IPCC) განაცხადა, რომ ნახშირორჟანგის წმინდა ნულოვანი გაფრქვევის მიღწევა-შენარჩუნება და სხვა სათბურის აირების შემცირება შეაჩერებს ანთროპოგენულ გლობალურ დათბობას რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე.
რა სარგებელს მოუტანს მწვანე შეთანხმება მომხმარებლებს?
მომხმარებელი ისარგებლებს უფრო მდგრადი პროდუქციით, რომელიც დაექვემდებარება შეკეთებასა და გადამუშავებას, იქნება გამძლე და დამზადდება ენერგოეფექტური მეთოდებით. ამგვარად, გახანგრძლივდება პროდუქციის სასიცოცხლო ციკლი და, შესაბამისად, შემცირდება მომხმარებლის ხარჯები. გარდა ამისა, მომხმარებლების ინფორმირებულობა პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დაეხმარება მას სწორი არჩევანის გაკეთებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სუფთა წარმოებასა და გარემოს გაჯანსაღებას.
შენობების ენერგოეფექტურ რეაბილიტაციაზე მიმართული ღონისძიებები შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ გადასახადებსაც. ხარჯების ამგვარი შემცირება დაეხმარება 50 მილიონზე მეტ იმ ოჯახს, როლებსაც უჭირთ სახლის გათბობის ხარჯების დაფარვა.
რა სარგებელს მოუტანს მწვანე შეთანხმება ბიზნესს?
ევროპის მწვანე შეთანხმებაში გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საშუალებას მისცემს ბიზნესს. მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს საინვესტიციო და ინოვაციური პროგრამების მხარდაჭერით, მოხდება წარმოების წახალისება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით. ევროპული მწვანე შეთანხმება (და შემდგომი ღონისძიებები) აყალიბებს სტრატეგიას, რომელიც დაეხმარება ინდუსტრიას სწორ დაგეგმვაში და შექმნის საკანონმდებლო ბაზას, რომელიც გაამარტივებს ინვესტიციებზე წვდომას, შეამცირებს აქტივების არამიზნობრიობას და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას. მდგრადი კერძო ფინანსების მოზიდვაზე მიმართული ევროკომისიის ძალისხმევა ასევე ხელს შეუწყობს წარმოების საინვესტიციო საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა და ბაზარზე მეორადი მასალების სიმრავლე შეამცირებს წარმოების დამოკიდებულებას პირველად ნედლეულზე.
რა სარგებელს მომიტანს მწვანე შეთანხმება- ფაქტები და მონაცემები
რას გამოიწვევს უმოქმედობა?
ევროპული მწვანე შეთანხმების მთავარი მიზანია, რომ 2050 წლისთვის ევროპა კლიმატ-ნეიტრალური გახდეს. ამ გეგმის შემუშავების მთავარი მიზეზები ემყარება გარემოსდაცვით თემებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ოზონის შრის შემცირება, წყლის დაბინძურება, ურბანული სტრესი, ნარჩენების წარმოქმნა და სხვა. თუ გვინდა, რომ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემო უზრუნველვყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. იხილეთ თუ რა მოხდება თუ ზომებს არ მივიღებთ.
რა მოხდება თუ ზომებს არ მივიღებთ- ფაქტები და მონაცემები
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021
მწვანე შეთანხმება როგორც პანდემიის შემდგომი აღდგენის სამოქმედო გეგმა
ევროკავშირი მზად არის სათავეში ჩაუდგეს გლობალურ აღდგენაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, კერძოდ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, დიდი ოცეულისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად განახორციელოს ერთობლივი კოორდინირება. ევროკავშირი გააგრძელებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობას აღმოსავლეთისა და სამხრეთის სამეზობლოს ქვეყნებთან და მის პარტნიორებთან აფრიკაში.
ევროპული მწვანე შეთანხმება, როგორც ევროკავშირის აღდგენის სტრატეგია:
- შენობებისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება და ცირკულარული ეკონომიკის შედეგად შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები;
- განახლებად ენერგიასთან, განსაკუთრებით კი ქარისა და მზის ენერგიასთან დაკავშირებული ახალი პროექტების განხორციელება და „წყალბადის ეკონომიკის“ სწრაფი დანერგვა ევროპაში;
- ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებები და ლოგისტიკა, მათ შორის, ერთი მილიონი დასამუხტი სადგური ელექტრომობილებისთვის, სარკინიგზო გადაადგილებისა და სუფთა მობილობის წახალისება ქალაქებსა და რეგიონებში;
- სამართლიანი გარდაქმნის ფონდის (Just Transition Fund) მხარდაჭერით პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა ბიზნესისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით.
ერთიანი ბაზრის გაძლიერება და მისი ციფრული ადაპტირება:
- ინვესტირება უკეთესი ხარისხის კავშირის, განსაკუთრებით კი 5G ქსელების სწრაფი განვითარების მიზნით;
- სტრატეგიული სექტორების სამრეწველო და ტექნოლოგიური ფაქტორების გაძლიერება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, სუპერკომპიუტერისა და cloud-ის გამოყენება;
- ინოვაციებსა და სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებაზე მიმართული, რეალურ დროში არსებულ მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება;
- კიბერმედეგობის გაზრდა.
სამართლიანი და ინკლუზიური აღდგენა ყველასთვის:
- ევროპული მოკლევადიანი უმუშევრობის გადაზღვევის სქემა (SURE) 100 მილიარდ ევროს გამოყოფს დასაქმებულთა და ბიზნესის დასახმარებლად;
- უნარების დღის წესრიგი ევროპისათვის (Skills Agenda for Europe) და ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა (Digital Education Action Plan) უზრუნველყოფს ციფრული უნარების განვითარების საშუალებას ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის;
- სამართლიან მინიმალურ ანაზღაურებასა და ანაზღაურების სავალდებულო გამჭვირვალობაზე მიმართული ზომები დაეხმარება დასაქმებულთა მოწყვლად ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ქალებს;
- ევროკომისია გააძლიერებს ბრძოლას გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ, რაც ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებს შემოსავლის მიღებაში.
წყარო: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_20_940
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დადო პირობა, რომ ევროკომისია ხელს შეუწყობს მდგრად და ტრანსფორმაციულ აღდგენას, რომელიც ევროპას შეუქმნის მყარ საფუძველს, რათა მსოფლიოს წინ გაუძღვეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის განცხადება ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით
ახალი ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს წარმოების მთელი ციკლის გასწვრივ შემუშავებულ ახალ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის მოდერნიზაციასა და გარდაქმნაზე გარემოს დაცვის კომპონენტის გათვალისწინებით. მისი არსი ეფუძნება მდგრადი, გამძლე პროდუქტების წარმოებასა და მოქალაქეების სრულფასოვან ჩართულობას ცირკულარულ ეკონომიკაში, მასთან დაკავშირებული უპირატესობების გამოყენების მიზნით.
ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა- ფაქტები და მონაცემები
ბიომრავალფეროვნების სტრატეგია 2030 წლისთვის ევროპის ბიომრავალფეროვნებას აღდგენის გზაზე დააყენებს, ადამიანების, კლიმატისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.
ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების სტრატეგია- ფაქტები და მონაცემები
უფრო ჯანსაღი და მდგრადი საკვების სისტემა ევროპული მწვანე შეთანხმების ქვაკუთხედია
ფერმიდან სუფრამდე – ფაქტები და მონაცემები
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ და მწვანე შეთანხმების პრინციპები
ერთად გარემოსა და კლიმატის მდგრადობისთვის:
ევროპის მწვანე შეთანხმება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ გარემოსა და კლიმატის ცვლილების გამოწვევები მოითხოვს დაუყოვნებელ ქმედებას ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. სავაჭრო და ეკონომიკური მექანიზმების მოდერნიზება ხელს შეუწყობს გაფრქვევების შემცირებას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკის ინტეგრაციის კუთხით მიღწევებისა და მომხმარებლის ახალი მოთხოვნების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
საკუთარი ეკონომიკის გარდაქმნასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საფუძველზე, ევროკავშირი 2020 წლის შემდეგაც გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დაკავშირებას უფრო კომპლექსურ და დახვეწილ ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვთან. ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას პარიზის შეთანხმების შესრულებაში და დაეხმარება მათ ეკონომიკურ განვითარებაში, ნახშირბადის კვალის შემცირებაში, კლიმატ-ნეიტრალურობისკენ სვლასა და ამასთან დაკავშირებული საინვესტიციო გამოწვევების დაძლევაში.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს რეგიონში სამართლიანი და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობაში, რომელიც დაეფუძნება თანამედროვე, რესურსდამზოგავ, სუფთა, ცირკულარულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკას. ყოველივე ეს გაზრდის გარემოსა და კლიმატის მედეგობას, ბუნებრივი რესურსების უფრო მდგრადი გამოყენების გზით.
გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხები რეგიონის დღის წესრიგის სათავეში ექცევა. ამასთანავე, იზრდება საზოგადოების მოთხოვნები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება;
- ნარჩენების, ნიადაგისა და წყლის რესურსების ეფექტური მართვა;
- ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებზე რეაგირება, ხეების უკანონო ჭრისა და ტყეების გაჩეხვის აღკვეთა.
ამიტომ, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს დასჭირდებათ: (i) მასშტაბური ზომების მიღება იქ, სადაც ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება; (ii) ეკონომიკაში რესურსდამზოგავი მიდგომების გაძლიერება; (iii) მწვანე გარდაქმნასთან დაკავშირებული ახალი “მწვანე” სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; (iv) ადგილობრივი და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება; და (v) ბუნებრივი აქტივების სწორი მართვა მაქსიმალური მდგრადობის მიზნით. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ გარდაქმნას, გლობალური გამოწვევებისა და პარტნიორ ქვეყნებში ეკოლოგიური და კლიმატის რეალობის გათვალისწინებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ- ფაქტები და მონაცემები
რას ნიშნავს მწვანე შეთანხმება საქართველოსთვის
გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება არ ცნობს საზღვრებს. ევროპული მწვანე შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირი აყალიბებს ნიმუშს თუ როგორ უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, პროდუქციისა და სტანდარტების განახლება კლიმატ-ნეიტრალური გზით, რითაც მაგალითს მისცემს მსოფლიოს ყველა ქვეყნას, მათ შორის საქართველოს. ევროკავშირი, ასევე, მხარს დაუჭერს საქართველოს გარემოსთან და კლიმატთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციას დამატებითი დაფინანსების გზით. ეს სახსრები ხელს შეუწყობს რეფორმების დაჩქარებასა და ინვესტირებას მდგრად ინფრასტრუქტურაში, რაც დაეხმარება ქვეყანას გარემოს დაცვაში, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაში.