fbpx
Skip to main content

ქალები ბიზნესში: ინოვაციური მეწარმეობის ისტორიები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან

29/01/2025

ქალთა მეწარმეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი მიმართულებაა, რომელიც, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ყოველდღიურად ვითარდება. მთავარი დაბრკოლება, კაპიტალზე შეზღუდული წვდომაა, რაც ხშირად ბიზნესში ქალების როლის მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულებით არის განპირობებული. ასევე, მამაკაცებთან შედარებით ქალებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, რაც იმ მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას აფერხებს, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.

HEKS-EPER Georgia, ქვემო ქართლის სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდთან და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობ ცენტრთან ერთად, ხელს უწყობს ამ რეგიონებში ქალებისათვის სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ევროკავშირის საგრანტო დახმარებით, ინიციატივა მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს სხვადასხვა ბიზნეს სფეროში – მცირე წარმოებიდან სილამაზისა და სტუმარმასპინძლობის მომსახურებამდე – რაც მათ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

საოჯახო საცხობიდან წარმატებულ ბიზნესამდე

მარია სარქისიანი პროფესიით იურისტი და ბუღალტერია. მან გადაწყვიტა, რომ ქმრის საოჯახო პურის საცხობი უფრო დიდ საქმედ გადაექცია. მისი მეუღლის ოჯახი – “მესხეთის ფაშან ოჯახი”, რომელიც პურს 27 წელია აცხობს, კარგად არის ცნობილი სოფელ სხვილისში. როდესაც მარია ოთხი წლის წინ ამ ოჯახის წევრი გახდა, მან ოჯახს ბიზნესის გაფართოების იდეა შესთავაზა.

ყველაფერი, ახალციხეში, ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით დაიწყო, რომელსაც მანქანების სამრეცხაოსთვის აქირავებდნენ. მარიამ ამ ნაკვეთზე ახალი თონის აშენება გადაწყვიტა. მარია აქტიურად მონაწილეობდა მშენებლობის პროცესში, თითოეულ ნაბიჯს გეგმავდა და სამშენებლო წესების დაცვასა და ფინანსებს აკონტროლებდა.

სწორედ ამ დროს, მან ევროკავშირისა და HEKS-EPER Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ შეიტყო, რაც მისი ბიზნესისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ჰქონდა და თონეც უკვე შენდებოდა, მათ საცხობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად საკმარისი სახსრები არ ჰქონდათ. “სოფელში ყველაფერი ხელით კეთდებოდა – ცომის მოჭრა, ცომის ამოგუნდავება”, – ამბობს მარია. „გენერატორის არქონა დიდი პრობლემა იყო, რადგან ელექტროენერგიის გათიშვამ, რაც რაიონში ხშირად ხდება, შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს. თუ ცხობის დროს ღუმელი გაცივდება, რაც ხშირად ხდებოდა, 200-მდე პური გაფუჭდება. როდესაც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაგეგმვა დავიწყეთ, ცხადი გახდა, რომ გარკვეული აღჭურვილობა აუცილებელი იყო: გენერატორი, ცომის საჭრელი და ცომის საგუნდავებელი ხელით შრომის შესამცირებლად. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, საგრანტო განაცხადში ახალი ღუმელიც გაგვეთვალისწინებინა, რომელიც ჩვენს ნაწარმს უფრო მრავალფეროვანს გახდიდა”.

ახალი აღჭურვილობის დახმარებით, თანამშრომელთა რიცხვი ცხრამდე, ხოლო ნაწარმის რაოდენობა დღეში 500 პურიდან 2.500-3.000-მდე გაიზარდა. პროდუქციაც უფრო მრავალფეროვანი გახდა და საცხობმა მომხმარებლებს დამატებით ხაჭაპური, პიცა, ნამცხვრები და სენდვიჩებიც შესთავაზა. ასე იქცა საცხობი ადგილობრივებისთვის საყვარელ ადგილად. მიუხედავად იმისა, რომ საცხობი სექტემბერში გაიხსნა, მისი ბიზნეს გეგმა, რომელიც მარიამ ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების დროს გულდასმით შეადგინა, საწარმოს სამომავლო გაფართოებასაც ითვალისწინებს.

ტრადიცია და ინოვაცია რესტორნის განვითარებისათვის

სოფიო ნათენაძე ოთხი შვილის დედა და ახალციხეში ღვინის რესტორნის მფლობელია. „ნათენაძის ღვინის რესტორნის“ ისტორია 2010 წელს გახსნილი მარნიდან იწყება, რომელიც ტურისტებს ღვინის დეგუსტაციას სთავაზობდა. 2017 წელს, სოფიომ გადაწყვიტა, შეექმნა უნიკალური სივრცე, რომელიც მომხმარებელს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, სრულყოფილ სარესტორნო მომსახურებასაც შესთავაზებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი თავდაპირველად ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე იყო ორიენტირებული, წლების განმავლობაში ოჯახმა საკუთარი განმასხვავებელი ბრენდიც დახვეწა და განავითარა. „2021 წელს ჩვენ გადავდგით თამამი ნაბიჯი და მენიუში მესხური სამზარეულოც შევიტანეთ“, – ამბობს სოფიო. „ეს არის ადგილობრივი ავთენტური კერძები, რომლებიც ტრადიციულად, მხოლოდ ოჯახებში მზადდება და იმ დროს, მომხმარებელს ასეთ კერძებს არცერთი სხვა რესტორანი არ სთავაზობდა“.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კულინარიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, სოფიო და მისი გუნდი თვეების განმავლობაში სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ესწრებოდნენ მასტერკლასებს და ამუშავებდნენ კერძების რეცეპტებს, რესტორნის პირობებში მათ დასამზადებლად.

„ნათენაძის ღვინის რესტორანი“ ტურისტული სეზონის დროს მუშაობს და მას დიდი გარე სივრცე აქვს. თუმცა, ცუდი ამინდი, თბილ თვეებშიც კი, უარყოფითად მოქმედებს რესტორნის მართვაზე და მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს. „წვიმის დროს, ჩვენ გვიწევდა სტუმრების შენობაში სწრაფად შეყვანა, რაც ჩვენს პერსონალს ლოგისტიკურ პრობლემებს და დამატებით სტრესს უქმნიდა. როგორც კი გარე სივრცე სველდებოდა და გამოუსადეგარი ხდებოდა, ჩვენ იმ დღის პოტენციურ შემოსავალს ვკარგავდით“, – ამბობს სოფიო.

HEKS-EPER Georgia-ს დახმარებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფიომ რესტორნის გარე სივრცისთვის პერგოლა შეიძინა, რაც მისი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გარე სივრცის სრულად გამოყენება, ამინდის მიუხედავად. ჩვეულებრივ, სარესტორნო მომსახურებასთან ერთად, პერგოლა ისეთი პარალელური ღონისძიებების ჩატარების საშუალებასაც გვაძლევს, როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია. ის ასევე არაჩვეულებრივია ფეხბურთის მატჩების საყურებლად. შედეგად, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა“, – ამბობს სოფიო.

სოფიომ, არა მხოლოდ პერგოლა და სამზარეულოს ახალი აღჭურვილობა შეიძინა, არამედ აუცილებელი ცოდნაც მიიღო, რაც, მომავალში, მას ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.

როგორ იქცა მასაჟის ოთახი სილამაზის სალონად

მარიამიკ გრიგორიანმა, ახალციხეში, ექვსი წლის წინ, სილამაზის ბიზნესი მასაჟის პატარა ოთახით დაიწყო. თუმცა, იურიდიული და სამედიცინო განათლება მას ჰკარნახობდა, რომ მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ასე დაიწყო ქალმა გამოცდილი პროფესიონალების ძებნა სილამაზის სალონის გასახსნელად.

მიუხედავად იმისა, რომ მარიამიკი საკუთარი თავის, როგორც ბიზნესში ახალგაზრდა ქალის, მიმართ გარკვეული სკეპტიციზმით იყოს განწყობილი, საქმისადმი ერთგულება და შრომისმოყვარეობა მას სალონისთვის მყარი რეპუტაციის შექმნასა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდაში დაეხმარა. „ერთხელ, ჩემმა მომხმარებელმა მითხრა, რომ ჩემი სალონი ძალიან პატარა იყო. მისი ნათქვამი დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ სივრცის გაფართოება არა მხოლოდ ჩემს ბიზნესს გაზრდიდა, არამედ ჩემს მომხმარებლებსაც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნიდა“, – ამბობს მარიამიკი. მან ახალი სივრცე იპოვა და გაარემონტა, მაგრამ ახალი აღჭურვილობისათვის ინვესტიცია იყო საჭირო. სწორედ ამ დროს გაიგო მან HEKS-EPER Georgia-ს მიერ ქალი მეწარმეების დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ. ევროკავშირის მხარდაჭერამ მას სილამაზის სალონისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენისა და ისეთი ახალი სერვისების დანერგვის შესაძლებლობა მისცა, როგორიცაა ლაზერული ეპილაცია, ცხელი და ცივი პლაზმური პროცედურები, კარბოქს თერაპია და ტატუს მოცილება. მის სალონში 9 ადამიანი დასაქმდა.

სილამაზის სალონი „ლავანდა“, რომელიც მარტში გაიხსნა, ერთადერთი სალონია ახალციხეში, სადაც მომხმარებლებს სილამაზის სერვისების სრული მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეუძლიათ. ძალიან მოკლე დროში, მარიამიკმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ბიზნესი და მისი მომხმარებლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა: „ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ აღჭურვილობის შეძენას და ასეთ მასშტაბურ გაფართოებას ვერ შევძლებდი“, – ამბობს მარიამიკი. „ევროკავშირის მხარდაჭერა ქალებს აძლევს იმედს, ძალასა და რწმენას, რომ ბიზნესის დაწყება და განვითარება ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია და რომ არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ წასვლა და იქ მუშაობა. ეს კი, ჩვენში საქართველოს უკეთესი მომავლის რწმენას აძლიერებს“.

სოფიოს, მარიას და მარიამიკის მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დამატებით 18 ქალმა მეწარმემ ისარგებლა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ჰქონოდათ შეუფერხებელი წვდომა საჭირო რესურსებზე და ცოდნის მიღებაზე და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, რამაც მათი ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერით, მათი შესაძლებლობების გაძლიერებითა და კონსულტაციებით, HEKS/EPER-ის ინიციატივამ, რომელიც 2025 წლის ივნისში სრულდება, მეწარმე ქალებისათვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობით, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურობას შეუწყო ხელი. პროექტი, მთლიანობაში, ქალების მიერ მართულ 44 მცირე და საშუალო საწარმოს, მათ შორის სოფიოს, მარიასა და მარიამიკის ბიზნესებს, დაეხმარა და მათ ადგილობრივ ეკონომიკაში ჩართვის, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების და პროფესიული კავშირებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა მისცა.

HEKS/EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერი, გიორგი თვალიაშვილი აღნიშნავს: „გენდერული საკითხები, რომლებიც ხშირად განპირობებულია სოციალური ნორმებითა და ტრადიციული გენდერული ფუნქციებით, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რეგიონში ქალთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უზრუნველვყოთ, მათი აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში“.

ავტორები: ვოლჰა პროხარავა, ნატო კირვალიძე