“10 წელი ფოკუსში” ფოტოგამოფენის ავტორები
- დათო ქორიძე
- ზურაბ ცერცვაძე
- დინა ოგანოვა
- გიორგი შენგელია
- სოფო აფციაური
- ნინა ბაიდაური
- გიორგი ლონდარიძე

დათო ქორიძე
დათო ქორიძე დოკუმენტური ფოტოგრაფია თბილისიდან. მისი ნამუშევრები ასახავს თბილისის ქვიარ ანდერგრაუნდ კულტურას. მისი ფოტოგრაფია ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, უმცირესობათა უფლებები და საზოგადოების მედეგობა ჩაგვრის წინააღმდეგ.
დათოს ნამუშევრები ფართოდ არის აღიარებული და გამოქვეყნებული გავლენიან გამოცემებში. მას საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
ამჟამად დათო მუშაობს „რადიო თავისუფლების“ თბილისის ოფისში, პარალელურად კი საკუთარ პროექტებსაც ახორციელებს.
დათომ საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში კონურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში” ორჯერ, 2019 და 2024 წლებში გაიმარჯვა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ხალხი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება.
რაიონიდან ჩამოსული ქალები, პოლიტიკოსები, ქვიარები, შოუ ბიზნესის წევრები – ყველა ერთად დგას. კესაერიამ მოხერხა და ყველა, თითქოს მტრულად განწყობილი ადამიანები ერთად შეკრიბა. კესარიას სასახლე ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიტანეს.
ეგეთი სულისშემძვრელი, ეგეთი ტრაგიკული კადრი არ მახსენდება.
ტიროდნენ, ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ!!!
მეც ვტიროდი!

ზურაბ ცერცვაძე
პროფესიით ფოტოჟურნალისტი, ზურა მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში და საინფორმაციო პორტალ Newposts-ში. ხანგრძლივად თანამშრომლობდა საქართველოს წითელ ჯვართან, ხოლო 2019 წლიდან კი Associated Press (AP)-ის ფოტოჟურნალისტია.
2024 წელს მისი ნამუშევრები შეირჩა International Photography Awards (IPA)-ის Editorial/Press, General News კატეგორიაში. იმავე წელს, ზურამ მიიღო ფოტოკონურსი “ქოლგას” სპეციალური პრიზი პროექტისთვის “არა რუსულ კანონს”. ზურა აგრეთვე თანაავტორია წიგნის “საქართველოს ღირებულებები”.
ზურა ცერცვაძე “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში” კონკურსის 2023 გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
იყავი ძლიერი და შთაგონებული. კი ევროპას!
ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ ეს შთამბეჭდავი კადრი ეგრედ წოდებული „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გადაიღო. 2023 და 2024 წლებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. მოსახლეობა მას „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ფუნდამენტურ ღირებულებებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
2024 წლის გაზაფხულზე თბილისის ქუჩებში 200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“! ჰაერი თავისუფლებისა და სამართლიანობის სურვილით დაიმუხტა, თითოეული აფრიალებული დროშა პროტესტს, იდენტობასა და ევროპული მომავლის იმედს ასახავდა.
ბევრი ადამიანისთვის ეს პროტესტი მხოლოდ ერთი კანონის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, ის მომავალი თაობების დაცვას ემსახურება. დემონსტრანტების თვალებში იგრძნობა სიმტკიცე – დაიცვან დემოკრატიული ფასეულობები!
აღნიშნული მოვლენა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროტესტად ითვლება.
აქციის მონაწილეები ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს არ უშინდებიან: „ეს ჩემი სახლია, ჩემი შვილი აქ გაიზრდება. არ მინდა საქართველო მტრის ხელში ჩავარდეს. მინდა, რომ ის ყველასთვის თავისუფალი იყოს,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ქართველებისთვის ერთიანობა უმთავრესი ძალაა, ეს ძალა ურყევია. ფოტოები კი გვახსენებს, რამდენად დიდი ძალა აქვს ხალხის ერთობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას!

დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა, დოკუმენტური ფოტოგრაფია, კურატორი და ლექტორი, დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს გრძელვადიან პერსონალურ პროექტებზე. მისი ნამუშევრები ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეძღვნება, განსაკუთრებულ ყურადღებას დინა საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებებს აქცევს.
დინას სხვადასხვა კონკურსის ფარგლებში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. 2015 წელს ის მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს შორის დასახელდა და World Press Photo Joop Swart Masterclass-ის პირველი ქართველი ფოტოგრაფი გახდა. იმავე წელს დინა, გამოცემადინა Photo District News-მა 30 საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფის სიაში შეიყვანა. დინას ნამუშევრები აქტიურად იფინება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა თუ გალერეაში მსოფლიო მასშტაბით.
დინამ საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში კონურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში” ორჯერ, 2017 და 2022 წლებში გაიმარჯვა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
დედაო უკრაინავ
უკრაინასთან ყოველთვის გამორჩეული ურთიერთობა მქონდა.
დიდი ხნის განმავლობაში მას ჩემი მეორე სახლი ერქვა და ყოველთვის “ნენკათი” მოვიხსენიებ.
იმის გარდა, რომ უკრაინაში ვცხოვრობდი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები დღესაც იქ იმყოფებიან, უამრავი ჯადოსნური მოგონება მაკავშირებს ადგილებთან, რომლთა არსებობის კვალი დღეს რუკიდან გამქრალია რუსეთის დაბომბვის შედეგად.
2022 წლის 24 თებერვალი ჩემი ჯოჯოხეთში გაღვიძების დილა აღმოჩნდა.
ლამაზ და ქათქათა სვანეთის მთებში ყოფნის დროს, მივიღე შეტყობინება რომ ჩემი საყვარელი კიევი დაიბომბა.
მიღებული შოკისა და სასოწარკვეთის გამო არ ვიცოდი რა გამეკეთებინა…
ეს შეგრძენება წარსულში რამდენჯერმე განვიცადე და მისი ხელახლა განცდის ძალიან მეშინოდა.
ცხოვრებაში ომის ყველაზე მეტად მეშინია, საკუთარ ქვეყანაში ომის კიდევ უფრო მეტად.
1991 წელს, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვიყავი, რუსეთმა სახლი პირველად წამართვა, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. უკრაინის ყირიმიც ყოველთვის აფხაზეთს მაგონებდა.
2008 წლის აგვისტოშიც რუსეთმა სახლი კიდევ ერთხელ წამართვა. 2022 წლიდან რუსეთი სახლს მესამედ, ამჯერად უკრაინაში მართმევს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩვენ ორივეს საერთო მტერი გვყავს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიაც 20%-ს შეადგენს..
ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს იყო დევნილი, დევნილი საკუთარ ქვეყანაში.
ჩემი ნამუშევრების საშუალებით, გაიცნობთ მამაც უკრაინელ ქალებს, რომლებიც დღეს ჩემსავით დევნილები არიან. წინა ფონზე მათი მეტყველი სახეები, ხოლო უკანა ფონზე რუსეთის მიერ დაბომბილი სახლები და ქალაქებია წარმოდგენილი.
ეს ქალები ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. იცხოვრებენ იქამდე, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და მათ სახლში დაბრუნების საშუალება დაუბრუნდებათ.
მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება, მალე!

გიორგი შენგელია
2006 წელს გიორგი ოჯახთან ერთად იტალიის ქალაქ ფლორენციაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად აღმოაჩინა მან ფოტოგრაფიისადმი ინტერესი და პროფესიული კურსის დასრულების შემდეგ პირველი პერსონალური პროექტიც წარმოადგინა. “ოთხი ოთახი” – იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ქართველი ქალების ცხოვრებას ასახავდა. გიორგი ახლა უკვე სამშობლოში მოღვაწეობს.
2021 წელს გიორგი შენგელია საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში” კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
ისტორიული დისკურსი თბილისზე მოიცავს ამბავს ქალაქის რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ.
დღესაც თბილისში მრავალი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლები ასრულებენ ღვთისმსახურებას და ეწევიან რელიგიურ ცხოვრებას. გიორგი შენგელია 2013 წლიდან 2017 წლამდე აქტიურად იღებდა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების შეკრებებს, ცერემონიებსა და რიტუალებს. პროექტზე მუშაობამ ფოტოგრაფი მიიყვანა ნათლობის ბაპტისტურ ცერემონიამდე, პროტესტანტულ მსახურებამდე ვაკეში, ეგვიპტელი კოპტების შეკრებამდე დიდუბეში; დაასწრო მართლმადიდებელი მრევლის რიტუალს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში და რომის პაპის ვიზიტს ლოკომოტივის სტადიონზე.
ოთხი წლის განმავლობაში გიორგი შენგელია კამერით აფიქსირებდა თბილისის რელიგიურ ცხოვრებას.

სოფო აფციაური
ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სოფო თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინ და ბეჭდურ მედიასთან,
მისი ნამუსევრების ფოკუსია ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი შრომის უფლებები. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო ინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები არიან, როგორიცაა ჭიათურა და ტყიბული.
სოფოს ჟურნლისტურმა ნაშრომებმა ამ და სხვა თემებზე სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა, მათ შორის 2020 წელს სოფო საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
ნამოხვანის პროტესტი
რიონის ხეობის გადარჩენისთვის რიონის ხეობის მცველების პროტესტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და შეიძლება ითქვას, მასშტაბური მოვლენა იყო. მოსახლეობა, დაახლოებით, 20 თვის განმავლობაში ჯიუტად ითხოვდა პროექტის ხელშეკრულების შეჩერებას, რომლის მიხედვითაც, ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგურების კასკადი უნდა აშენებულიყო.
ეს იყო მასშტაბური პროექტი, რომელიც დაიგეგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად.
ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ კომპანია ENKA Renewables-თან ნამოხვანჰესის მშენებლობაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ეკოაქტივისტებმა მაშინვე დაიწყეს ორგანიზება. აქაურები თვლიდნენ, რომ ეს ნამოხვანჰესი საფრთხეს შეუქმნიდა მათ საცხოვრებელ გარემოს. გაანადგურებდა ადგილობრივ ეკოსისტემას და შესაბამისად, გააქრობდა სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს.
2020 წელს დაწყებულმა პროექტმა, მასშტაბური სახე მიიღო 2021 წლის გაზაფხულზე. აქტივისტები დაბანაკდნენ იქვე, ნამოხვანში და ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობნენ, შეეჩერებინათ სამშენებლო სამუშაოები.
ეს ფოტოებიც ერთ-ერთი პროტესტის დღესაა გადაღებული, როცა ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, მშენებლობის ლოკაციაზე დაედგათ ჯვარი და ამ ფორმით შეწინააღმდეგებოდნენ მშენებლობას. თუმცა, ამ დღესაც, ადგილობრივმა მთავრობამ საპოლიციო ძალები გამოიყენა და მალევე, ჯვარი აიღეს.
ფოტოზე, რომელმაც ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიიღო მაკა სულაძეა. ადგილობრივი ქალი, რომელიც ამ პროტესტის ერთ-ერთი გამორჩეული და ერთგული გმირი იყო.
საბოლოოდ, რიონის ხეობის მცველების პროტესტმა შედეგი გამოიღო და 2021 წლის ნოემბერში კომპანია ENKA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აჩერებდა პროექტს.

ნინა ბაიდაური
პროფესიით ფსიქოლოგი, ნინა ბაიდაური ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა „ნეტგაზეთი“-ს ჟურნალისტი და ფოტოგრაფია. მის ფოკუსში ძირითადად ადამიანის უფლებები, სოციალური საკითხები და კულტურული მრავალფეროვნებაა.
ნინა აქტიურადაა ჩართული ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლების შესახებ პროექტებში.
ნინას ფოტოები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა და აქტიურად ქვეყნდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ონლაინ გამოცემებში.
2018 წელს ნინა საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში” კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
„დედა, რას ნიშნავს ზანგი?“
ზაჩეუსი ნიგერიიდან საქართველოში 2012 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. მალევე ქართველი გოგო, ჯულიეტა გაიცნო. 2013 წელს დაქორწინდნენ და ნატალი შეეძინათ. ოჯახი თბილისში ცხოვრობს.
ნატალი: ხანდახან ჩემი შვილი მეკითხება, „დედა, რას ნიშნავს ზანგი?“ როგორც ჩანს, ბავშვები ასე ეძახიან. ნატალი ძალიან მხიარული ბავშვია. ქართულად ლაპარაკობს, ინგლისურად და ცოტას რუსულადაც კი. ბალეტზე დამყავს, მასწავლებელი მასზე გიჟდება.
ჩემს მშობლებს უყვართ ზაჩეუსი. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არასდროს ყოფილან. მაგრამ გარეშე ადამიანებისგან უხამსი, საზიზღარი რეპლიკები არაერთხელ მომისმენია. მაგალითად, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მახსოვს, ერთხელ ჩემს ქმართან ერთად მეტროში ჩავედი. ვიღაც ქალმა შემოგვხედა და ქართულად მომაძახა, შეხედეთ, ამ მაიმუნთან ერთად დადის და ბავშვიც მაიმუნი ეყოლებაო. არაფერი მითქვამს. ხმა ვერ ამოვიღე. იყო შემთხვევები, როცა ჩვენი დანახვისას, გამვლელებს გადმოუფურთხებიათ და ჩვენ გასაგონად ხმამაღლა უთქვამთ, „შეხედე, ზანგი!“
ჩემს ქმარს ქართული კარგად ესმის. ტაქსით ვმგზავრობდით ერთხელ. მძღოლმა მკითხა, „თქვენ ცოლ-ქმარი ხართ?“ როცა ვუთხარი, რომ ასეა, გამომხედა და ასეთი რა გაგიჭირდა, რომ ამას ცოლად გაყევიო. ბავშვიც თან გვყავდა, მაგრამ კიდევ კარგი, ძალიან პატარა იყო და ვერც მიხვდა, რა ხდებოდა.“
ზაჩეუსი: „თუ შავკანიანი ხარ და ქართველ ქალთან ერთად დადიხარ, აუცილებლად პრობლემა შეგექმნება. ძირითადად, კაცებს აქვთ აგრესიული რეაქცია.
ზოგ ქართველს აფრიკელების შესახებ უცნაური სტერეოტიპები აქვს. მაგალითად, ჩემთვის უკითხავთ, „იცი რა არის ტელევიზორი?“ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. ბევრი კარგი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ყოველთვის ცდილობენ დამიცვან.
პრობლემები სახელმწიფოს მხრიდანაც შემექმნა. საქართველოში მყავს ოჯახი და ამიტომაც აქ ვაპირებ დარჩენას. ამის კანონიერი უფლება კი სახელმწიფომ უნდა მომცეს. თუმცა, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარი მითხრეს იმ არგუმენტით, თითქოს, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.
უარი სასამართლოში გავასაჩივრე. სარჩელი დამიკმაყოფილეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა მაინც, სამწლიანი წვალების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ბინადრობის ნებართვას მივიღებ. როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრობლემები სხვა ნიგერიელებსაც ექმნებათ.
ამასობაში, დიდი ხნის უნახავი მამაჩემი გარდაიცვალა ნიგერიაში. მე კიდევ დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. აქ ჩემი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და მუდმივი ბინადრობა არ მქონდა. შემეშინდა, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკან ვერ დავბრუნებულიყავი. მთელმა ოჯახმა ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანეთ. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს საქართველო თავისი კულტურით, ტრადიციებით, სამზარეულოთი, ჩემი აქაური მეგობრები. აქ დარჩენა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის გამო მინდა. ბევრი უსიამოვნო ამბავი კი გადაგვხდა თავს, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაძლიერებს.“

გიორგი ლონდარიძე
პროფესიით კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი ლონდარიძე 2013 წლიდან დღემდე საინფორმაციო პორტალ Sknews.ge-ს ფოტოკორესპონდენტია. Sknews.ge სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ონლაინ პლატფორმაა, სადაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად, უმცირესობების საკითხები შუქდება.
2016 წელს გიორგი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს კატეგორიაში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიაში“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოს შესახებ
სოფელი მოხე, ლოცვა ღია ცის ქვეშ
მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა სოფელ მოხეში, სადავო შენობა პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს, ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა შენობის გარეთ აღავლინეს. ისინი ამბობენ, რომ ასე გააგრძელებენ ლოცვას, ვიდრე მთავრობა სალოცავს არ აუშენებთ.
მუსლიმების ლოცვა პოლიციის ლენტით შემოსაზღვრული შენობის წინ, დღეს, 15 ოქტომბერს, დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. მუსლიმებს შენობაში შესვლა არ უცდიათ, გარეთ ილოცეს და მშვიდად დაიშალნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. პოლიცია სოფელ მოხეში რჩება.
სოფელ მოხეს ცენტრში მდგარ შენობაზე დავა ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც ადიგენის გამგეობამ გადაწყვიტა მასში კულტურის სახლი მოეწყო და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი მუსლიმები ირწმუნებიან, რომ ეს შენობა მეჩეთია და მის გადაცემას ითხოვენ, მართლმადიდებლები კი ამბობენ, რომ ეს სალოცავი ყოფილი ეკლესიის ქვებითაა აშენებული.