fbpx
Skip to main content

თბილისიდან გურიამდე – „რა? სად როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

22/12/2023

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა?სად?როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს.

“რა?სად?როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული ვერსიაა, რომელშიც კითხვები ძირითადად ევროპას ეხება; მისი მეშვეობით ახალგაზრდები მხიარული და ინტერაქტიური ფორმით ევროკავშირის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებენ. რაც მთავარია, პროცესი ამართლებს: ახალგაზრდების ინტერესი და ენთუზიაზმი საკმაოდ მაღალია – საქართველოს 6 რეგიონში თამაშებში უკვე 600-მდე გუნდი ჩაერთო.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროექტი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

ქართველი ახალგაზრდები არამხოლოდ ერთობიან თამაშის დროს, არამედ იღრმავებენ ცოდნას ევროკავშირისა და მისი ფუნქციონირების შესახებ, რადგან პასუხობენ კითხვებს, რომლებიც სწორედ ევროპის ისტორიას, სტურუქტურასა და მთავარ ღირებულებებს ეხება. საქართველო იწყებს გზას ევროკავშირის წევრობისკენ, ქართველი ახალგაზრდები კი ევროკავშირის მომავალი მოქალაქეები არიანსწორედ ისინი არიან მომავლის მთავარი არქიტექტორები”- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მარათონს „ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?” პრეზიდენტი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებიან. როგორც გიორგი მოსიძე ამბობს, თამაშის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდებში ევროპის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

ორი მიმართულება აქვს ამ თამაშს: პირველი, წმინდა ფასეულობრივიასაუბარია იმ ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც გვინდა, რომ გადავცეთ  და დავნერგოთ ახალ თაობაში; და მეორე არის წმინდა ფაქტობრივი ცოდნა და ლოგიკური აზროვნება იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროპასთან. ყველაფერს მოიცავს ეს თამაში და ვფიქრობ, ძალიან გააღრმავებს ჩვენი ახალგაზრდების ცოდნას და თვალთახედვას”.

დეზინფორმაციის ეპოქაში რომ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება უმნიშვნელოვანესია, ამას ახალგაზრდები კარგად ათვიცნობიერებენ. 

მარიამ ბატონისაშვილი, გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე:ჩვენს თაობაში ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, რადგან, ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ევროკავშირში და ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეაქვს ცვლილებები ქვეყნის განვითარებაში“.

შალვა ბიჩელაშვილი, თელავის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე:მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს არ ესმის ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი რამ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ პროექტებში აქტიურები ვიყოთ“.

ევროკავშირის ინიციატივით მიმდინარე მარათონში მონაწილეობა მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. წლის განმავლობაში “რა?სად?როდის? საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტივე რაიონში ჩატარდება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტელექტუალური თამაში არასრულწლოვანთა კოლონიაშიც გაიმართება. 

მიმდინარე წელს “რა?სად?როდის?” მარათონმა მოიცვა აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, ასევე იმერეთი. თამაშების სერია წელს გურიაში დაასრულდა, 2024-ში კი საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.  

ფაქტია, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში და ამ პროცესში არამხოლოდ ერთმანეთს შორის, არამედ ევროკავშირთანაც აძლიერებენ კავშირებს.  შედეგი კი ერთია: ცოდნით აღჭურვილი ეს ახალგაზრდები მზად არიან, საკუთარ სოციუმსა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების მოსახდენად.