ევროკავშირმა და FAO-მ სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის მხარდაჭერის პირველი ციკლი დაიწყო
ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მხარდაჭერის პირველი ციკლი დაიწყო სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებმაც სარგებელი მიიღეს ENPARD პროგრამის I, II, ან III ფაზიდან. სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებისა და მისი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მხარდაჭერის პაკეტი, მოიცავს ტექნიკურ დახმარებას და შემდეგ თანამონაწილეობრივი გრანტის მიღების შესაძლებლობას.
პროგრამაში მონაწილეობის შეთავაზებით, FAO პოტენციურ კანდიდატებს უკვე დაუკავშირდა. ჯამში 85-მა სურსათის ბიზნესოპერატორმა მხარდაჭერის პირველ ციკლში ჩართვის სურვილი გამოთქვა, რის საფუძველზეც და FAO-ს გუნდი, მათთან ერთად, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესშია ჩართული.
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული მხარდაჭერის ციკლის პირველი ფაზა სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, სურსათის უვნებლობის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ საკითხზე FAO-ს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ისწავლონ. ამასთანავე, HACCP-ის გეგმის არარსებობის შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილე სურსათის ბიზნესოპერატორებს HACCP-ის გეგმის შემუშავებაში დაეხმარებას გაუწევენ.
ტრენინგების შემდეგ, FAO სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად აუცილებელი დანადგარების საჭიროებას თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალურად შეაფასებს. შეფასების შედეგად, ორგანიზაცია პროგრამის მონაწილეებს თანამონაწილეობრივ გრანტებს შესთავაზებს საჭირო დანადგარების შესაძენად.
ევროკავშირის დაფინანსებული თანამონაწილეობრივი გრანტის მაქსიმალური მოცულობა 50 000 დოლარია, ხოლო დანადგარის საფასურის 70 პროცენტს FAO დაფარავს.
„ENPARD პროგრამის ფარგლებში FAO-სა და ევროკავშირის პარტნიორობის შედეგად, ფერმერებისთვის ათასობით შესაძლებლობა შეიქმნა საგანმანათლებლო მოდულების, ტექნიკური მხარდაჭერისა და, რა თქმა უნდა, თანამონაწილეობრივი საგრანტო მექანიზმების სახით. ახლა, ვიწყებთ ENPARD IV პროგრამის მხარდაჭერის პირველ ციკლს ENPARD პროგრამის ბენეფიციარებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში და ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. ქართველი მომხმარებელი იმსახურებს სურსათის უვნებლობის საუკეთესო, ევროკავშირის მოდელის შესაბამის სტანდარტებს“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.
ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO ეტაპობრივად განახორციელებს მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტებს, რომლებიც მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერასა და თანამონაწილეობრივ გრანტებს ქვეყანაში არსებული სურსათის უვნებლობის გამოწვევებთან გასამკლავებლად.
___
2013 წლიდან, ევროკავშირი, მხარს უჭერს, სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა, ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა ხორციელდება FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მეტი აქცენტი კეთდება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.
კონტაქტი:
გურამ საყვარელიძე, კომუნიკაციების კონსულტანტი; +995 558 49 38 91; guram.saqvarelidze@fao.org