Skip to main content

ყურძნის მეცნიერება

19/02/2026

ახალგაზრდა ქალი რომელმაც მეცნიერების მიმართ ინტერესი მეღვინეობას დაუკავშირა.

ბიოლოგიასა და ქიმიაში მისი აკადემიური გამოცდილების გათვალისწინებით,  სოფომ, მეცნიერებისა და ბუნების სიყვარულის  გაერთიანება მეღვინეობაში  გადაწყვიტა.

იმისდა მიუხედავად, რომ სოფო ხუტიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის ეპიცენტრში – კახეთში გაიზარდა,  საკუთარ მომავალ პროფესიად ექიმობა წარმოედგინა. სკოლის ასაკში, განსაკუთრებულ ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ იჩენდა, ხოლო მისი საყვარელი გაკვეთილები ქიმია და ბიოლოგია იყო. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შემდეგ, სოფომ გააცნობიერა, რომ მედიცინა, ნაკლებად იყო  მოწოდებით მისი სფერო.

საკუთარი ცხოვრების ახლებური ხედვის ძიების პროცესში, სადაც ის შეძლებდა მეცნიერებისა და ბუნების სიყვარულის გაერთიანებას, სოფომ გადაწყვიტა აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება ეცადა. კონკრეტული პროფესიული მიმართულებების არჩევანის წინაშე როდესაც აღმოჩნდა, მან არსებულ  ჩამონათვალს შორის, როგორიც არის:  აგრონომია, მეღვინეობა, ქიმია თუ ბიოლოგია, საკუთარი არჩევანი მევენახეობა და მეღვინეობაზე შეაჩერა.

ახლა სოფო 25 წლისაა და კახეთში არსებულ კერძო კომპანიაში 40 ჰექტარი ვენახის მართვაშია ჩართული, როგორც მევენახე და მეღვინე. 

მან პრაქტიკაში შეიგრძნო, რომ ადამიანების მსგავსად, ღვინოც ბიოლოგიითა და მეცნიერებით არის ფორმირებული. „ღვინო ცოცხალი პროდუქტია – ის შექმნილია სასუქით, ბიოლოგიური პროცესებითა და ვენახის სათუთად კოორდინირებული მართვის პრაქტიკების მეშვეობით“. 

აღნიშნულიდან გამომდინარე,  მან ყველაფერი დაიწყო ღვინის ფუნდამენტით – ყურძნით. „ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად, ხარისხიანი ყურძენი გჭირდება. ეს კი ვენახში იწყება“. მეღვინეობის სფეროშიც ასეთი მეცნიერული მიდგომით შეაბიჯა. 

“ ყოველდღიურად ფოკუსირებული ვარ სწავლასა და ახალი მიდგომების დანერგვაზე როგორც ვენახში, ასევე მარანში“, ის ამბობს. სოფოს სამუშაოს სეზონი განსაზღვრავს: მცენარის ზრდის მონიტორინგი და დაავადების კონტროლი გაზაფხულზე, მავნებლის მართვა ზაფხულში, მოსავლის აღებისა და ფერმენტაციის კოორდინაცია შემოდგომაზე და ზამთარში ვენახზე ზრუნვის დაგეგმარება. 

ექვსი ჰექტარი ვენახი, რომელსაც ის მართავს, უკვე ორგანულია, ხოლო დანარჩენი 34 ჰექტრის ამ კუთხით გარდაქმნაში მონაწილეობას შემდეგი სამი წლის განმავლობაში გეგმავს. სოფო ყურადღებას ამახვილებს მევენახეობასა და მეღვინეობას შორის არსებულ კავშირზე: „მეღვინე უნდა იცნობდეს მის პირველად პროდუქტს. მაღალი ხარისხის ყურძენი ის ფუნდამენტია, რომელსაც კარგ ღვინომდე მივყავართ“. 

მავნებლების  ფერომონით შემცირება

მეცნიერება სოფლის მეურნეობის აუცილებელი კომპონენტია და ეს არსად ისეთი ნათელი არაა, როგორც მცენარის მავნებლებთან ბრძოლისას. ქართველი მევენახეები შეერკინნენ მავნებელს – ევროპული ყურძნის ჭია (Lobesia botrana), რომელიც აზიანებს ყურძნის ხარისხსა და მოსავალს. მისი მატლი ყურძნის მარცვლით იკვებება, რაც იწვევს ჭრილობებს და ასევე მეორად სოკოვან ინფექციას, როგორიცაა ნაცრისფერი ლპობა. ორივე შემთხვევაში, მოსავალი მცირდება, ყურძნის ხარისხი კი უარესდება და  სურსათის უვნებლობის რისკები იზრდება. 

მხოლოდ პესტიციდების იმედად რომ არ ყოფილიყო, სოფო ამ მავნებელთან გამკლავების სხვა გზებსაც ეძებდა და, 2023 წელს, ის შეუერთდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტს. პროგრამა, რომელიც ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში, გამრავლების შეფერხების მიდგომას იყენებს, რაც სინთეტური ფერომონის დიფუზორების გამოყენებას გულისხმობს პეპლების გამრავლების შესაფერხებლად და შედეგად, მათი რაოდენობისა და დაზიანებული ნაყოფის შესამცირებლად. 

„პროგრამას ორი წელია ვახორციელებთ, რამაც პეპლების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენს ვენახებში“, განმარტავს სოფო. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქიმიური პესტიციდების გამოყენება შევწყვიტეთ. გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა იდეალურად ერგება ჩვენს ორგანულ წარმოებაზე გადასვლის გეგმას“. ის ამატებს. 

FAO-ს გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა და ტრენერთა ტრენინგი მევენახეებს მეცნიერული ცოდნის ინტეგრირებაში ეხმარება ვენახის ყოველდღიური მდგრადი მართვის მიმართულებით. ©FAO / გურამ საყვარელიძე

სწავლა ველზე

სოფოსთვის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პრაქტიკული ტრენინგები როგორც ფერომონის გამოყენების, ასევე სათუთი სხვლის ტექნიკების შესახებ. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ცოდნის უფრო ფართოდ გაზიარების მიზნით, FAO-მ განახორციელდა ტრენერთა ტრენინგის სესიები, რომლებიც ვენახის ინტეგრირებული მართვის ყველა კომპონენტს ფარავდა. 

„ჩვენ ვსწავლობდით ვენახში“, ამბობს სოფო – ის თავად გახდა ერთ-ერთი ტრენერი. „მიღებულ ცოდნას ჩემს კოლეგებს ვუზიარებ და მას პრაქტიკაში ვიყენებთ – დადებითი შედეგები უკვე საგრძნობია ახალგაზრდა ვაზებში, ხოლო დროთა განმავლობაში შედეგები შედარებით ასაკოვან ვაზებზეც აისახება“. 

ამასთანავე, ვენახის ინტეგრირებული მართვის შესახებ საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან ერთად, FAO საქართველოს ღვინის სექტორისთვის მუდმივად აორგანიზებს ტრენინგებს, რომლებიც ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ექსპორტი და ბაზრის განვითარება. შედეგად ღვინის სექტორის 700-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო FAO-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, რომლებიც ENPARD IV  ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით განხორციელდა. 

სოფო და ქართველი მეღვინეები წარმატებით ამცირებენ პესტიციდის გამოყენებას, აუმჯობესებენ ყურძნისა და ღვინის ხარისხს და ხელს უწყობენ ეკოლოგიურად მდგრად პრაქტიკებს. მავნებლის ფერომონების მეშვეობით მართვა და ვენახის მდგრადი მართვა უზრუნველყოფს ვენახების სიჯანსაღეს, მდგრადობას და ეკონომიკურ მედეგობას. 

„სწორედ მუდმივი ექსპერიმენტაცია და ცოდნის გამოყენება დამეხმარება ჩვენი ღვინოებისა და ვენახის მართვის პრაქტიკების გაუმჯობესებაში“, ასკვნის სოფო. 

„საკმაოდ ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მომწონს ჩემი პროფესია. ის მრავალფეროვანია, მუდმივად ახლოს ვარ ბუნებასთან და ბუნება კი ბალანსია. ყველა ორგანიზმი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ქმნის ერთგვარ ჰარმონიას“. 

საქართველოს მასშტაბით, FAO-ს ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვეობით, მავნებლის ინტეგრირებული მართვის მეთოდები 23-მა ღვინის კომპანიამ დანერგა 875 ჰექტარზე, ოთხ რეგიონში. მონაწილეთა 86 პროცენტი თვლის, რომ ყურძნის ხარისხის და სურსათის უვნებლობა გაუმჯობესდა. ათი კომპანიიდან ცხრა კი ფერომონების დამოუკიდებლად გამოყენების სურვილს გამოთქვამს. 

მეცნიერება, უსაზღვრო ინტერესი და ახალგაზრდობა, საუკეთესო სინთეზია ღვინის სექტორისა და ზოგადად, საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. 

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.