fbpx

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

31/01/2022

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ კონცენტრატორები და ოქსიმეტრები დღეს, სიმბოლურად  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცეს.

სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თითქოს რუტინად იქცა, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ზოგჯერ სუნთქვისთვის იბრძვიან და არ აქვთ წვდომა  ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობასთან, ერთად, რომ  COVID-19ის ანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ამ რთულ დროს, ევროპის გუნდთან ერთად, ჩვენ კვლავ საქართველოს გვერდით ვდგავართ,“ – განაცხადა  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ აუცილებელი მარაგების მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და არასწორი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება იმისდა მიუხედავად, დიდ ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფლად,“ – განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება. პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა და მოხდა ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება.გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს  თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე; ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.

პროექტის და მხარდაჭერის შესახებ

პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. აღნიშნული დახმარება ქვეყანაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნით ევროკავშირისა და გაეროს მიერ გაწეული მხარდაჭერის განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად WHO ს მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილი.     

პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ ხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით. პარტნიორები შესაბამის სფეროებში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს უწყობენ საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმარება. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

  • უფრო დეტალური ინფორმაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, იხილეთ აქ
  • მიიღეთ ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული უკანასკნელი სტატისტიკის  შესახებ ინტერაქტიური პანელის საშუალებით WHO HQ; WHO/Europe; აღნიშნულ გვერდებზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ვითარების შესახებ, რეალურ დროში.    
  •  საზოგადოებისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რჩევების სანახავად, ეწვიეთ WHO-ს ვებგვერდს
  • საქართველოში ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ დელეგაციის ვებგვერდს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თამრიკო მიქაძეს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

თამარ კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობა საქართველოში kvaratskheliat@who.int; 592 887 886

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,