fbpx

სერვისები, მეწარმეობა, ტურიზმი – ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ თანამედროვე სოფლის განვითარებას

27/12/2021

„სოფელი“ და „სოფლის მეურნეობა“ საქართველოში ყოველთვის ტოლფასი ცნებები იყო. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და თავის გატანას ფერმერობით ცდილობს, ეს  გასაკვირი არაა. თუმცა, ბოლო 20 წლის მანძილზე, როდესაც საქართველომ პოსტ-საბჭოთა სტაგნაციას თავი დააღწია და საბაზრო ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყო, სოფლის ცხოვრების ტრადიციულმა გააზრებამ როგორც მიმზიდველობა, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა ერთბაშად დაკარგა.

სოფლის მეურნეობა დაბალშემოსავლიანი სექტორია, რომლის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 8 პროცენტს არ აღემატება. მიუხედავად ამისა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შემოსავლის მთავარი წყაროს სწორედ სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, რაც, შესაბამისად, ხელს უშლის სოფლის მრავალმხრივ განვითარებას და სიღარიბის აღმოფხვრას. ბოლო დრომდე, საქართველოს სოფლის ცხოვრება უმეტესწილად ფერმერობით დაკავებული ოჯახების გამოცდილებით განისაზღვრებოდა, ხოლო სხვა მისწრაფებებისა თუ სურვილების მქონე ადამიანებს გასაქანი თითქმის აღარ რჩებოდა.

2017 წელს, საქართველომ სოფლის განვითარების ძირეული რეფორმა წამოიწყო, რომელიც სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის განხორციელების შედეგად, საქართველოს სოფელმა თანამედროვე ეკონომიკური დატვირთვა უნდა შეიძინოს, ხოლო სოფლის ცხოვრებაში ისეთი დარგები უნდა განვითარდეს, როგორიცაა მეწარმეობა, განათლება, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა.

რეფორმის განხორციელების პირველივე დღეებიდან, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერენ მხარს ამ უმნიშვნელოვანეს გარდაქმნას და ხელს უწყობენ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და სოფლად პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას.

ამ დახმარების ფარგლებში, 2020 და 2021 წლებში, 9 მილიონი ლარის (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საგრანტო პროგრამა განხორციელდა, რომლითაც მთლიანობაში 80-ზე მეტმა მცირე მეწარმემ ისარგებლა. საგრანტო დახმარების მეშვეობით, სოფლად მომუშავე მეწარმეებმა შეძლეს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს პროექტების წამოწყება ან გაფართოება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე.

ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. გარდა ამისა, სოფლის განვითარების ინიციატივების დაფინანსებაში ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონული ხელისუფლებაც ჩაერთო, რამაც ადგილობრივი პროექტების სპექტრი კიდევ უფრო გაზარდა. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე, სადაც ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო სქემას ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებაც დაემატა. შედეგად, აჭარაში საგრანტო ხელშეწყობა 50-მდე ადგილობრივმა ბიზნეს-პროექტმა მიიღო. 

„ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების ამბიციური და ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას საქართველოში. ამ გარდაქმნის მიზანია მომავლის სოფლის მშენებლობა, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

“ხელს ვუწყობთ სოფლის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მაღალშემოსავლიანი ბიზნესის წამოწყებას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას ისე, რომ სოფლის განვითარება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე არ იყოს დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა მიმართულებით გაიზარდოს და, სოფლად თუ ქალაქად, ამ განვითარების მიღმა არავინ დარჩეს“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.  

თორმეტი ჩანჩქერი     

უჩხო აჭარის მთების საგანძურია, ულამაზესი ხეობა, რომელიც ეკოლოგიურ მნიშვნელობასთან ერთად, ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობებით ხასიათდება. 1.5 კილომეტრის სიღრმის კანიონი და თორმეტი კასკადოვანი ჩანჩქერი თავგადასავლების მოყვარულთა ახდენილი ოცნებაა და კანიონინგის უამრავ მსურველს იზიდავს.

„კანიონინგი ადრენალინით და პოზიტიური ენერგიით გავსებს, თავს ბუნების ნაწილად გრძნობ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი დღევანდელი თავგადასავლით!“ – ტურის მონაწილე რუსუდან ვარშალომიძე 30-მეტრიანი ჩანჩქერიდან თოკით ეშვება და ემოციებს ვერ მალავს.

უჩხოს კანიონინგის ტურები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მანამდე, ხეობის გამორჩეული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ექსტრემალური ტურიზმის განვითარება აქ შეუძლებელი იყო, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

უჩხოს კანიონის კეთილმოწყობა და აღჭურვა ლაშქრობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით (51,300 ლარი ანუ დაახლოებით 16,000 აშშ დოლარი) განხორციელდა.

ამ ხელშეწყობის შედეგად, უჩხოში კარგად აღჭურვილი კანიონინგის მარშრუტი გაიხსნა, ხოლო ადგილობრივმა სოფლებმა განვითარებისა და შემოსავლის მიღების კიდევ ერთი წყარო შეიძინეს. კანიონინგზე უკვე დასაქმებულია ექვსი ადგილობრივი გიდი, რომლებიც ლაშქრობის ეროვნულმა ფედერაციამ ამავე პროექტის ფარგლებში გადაამზადა.     

2021 წლის ზაფხულში, უჩხოს კანიონმა პირველი ტურისტები მიიღო, რომლებიც აქ კასკადოვანი ჩანჩქერებიდან დასაშვებად ჩამოვიდნენ. პანდემიის გამო შემცირებული ტურისტული სეზონის პირობებშიც კი, უჩხოს კანიონს მხოლოდ ერთი თვის მანძილზე 45 ტურისტი ეწვია.

„ამ პროექტის მეშვეობით, უჩხო ექსტრემალური ტურიზმისა და კანიონინგის განვითარების ადგილი გახდება“, – ამბობს ლელა გოგუაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

უჩხოს კანიონი იმის მაგალითია, რომ ეკო-ტურისტული პროექტების განხორციელება ახალ შესაძლებლობებს ქმნის მაღალმთიანი აჭარის განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ზრდის მისაღწევად.   

გაიღიმე!  

„მინდა, რომ ადამიანები ხშირად იღიმებოდნენ და ბევრი კბილი ჰქონდეთ,“ ამბობს ბესიკ დეკენაძე.

ბესიკი სოფელ ხულოს მაცხოვრებელია. სტომატოლოგიური ლაბორატორიის გახსნაზე სტუდენტობიდან ოცნებობდა და ამის მისაღწევად ბევრს შრომობდა.

პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სამედიცინო კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, თურქეთში ციტრუსების პლანტაციებზე სეზონურად მუშაობდა, რათა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად სასტარტო კაპიტალი  დაეგროვებინა. საბოლოოდ, პატარა სტომატოლოგიური ლაბორატორიის გახსნა მოახერხა, თუმცა პირველ ხანებში, ხელოვნური კბილების დასამზადებლად მხოლოდ ერთი მარტივი ხელსაწყო გააჩნდა.

„ხულოს მაცხოვრებლებს კბილების ჩასასმელად ბათუმში წასვლა უწევდათ. ახლა, სრული მომსახურება აქვე, ადგილზე გვაქვს“, – ამბობს დეკენაძე.

2021 წელს, დეკენაძის სტომატოლოგიური ლაბორატორია ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო და 62,400 ლარის (დაახლოებით 20,000 აშშ დოლარის) დახმარება მიიღო. ამ ხელშეწყობის შედეგად, ლაბორატორია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა, მათ შორის ციფრული სკანერითა და სხვა დანადგარებით.

თუ ადრე ხულოს მოსახლეობა კბილების სამკურნალოდ ბათუმს მიემგზავრებოდა, ახლა უკვე ხარისხიანი და შედარებით იაფი სერვისის მისაღებად, მაღალმთიან სოფელს ბათუმელებმა მიაშურეს.

„თუნდაც დიდი შემოსავალი არ მქონდეს, მაინც მირჩევნია, რომ ბიზნესი აქ განვავითარო და ჩემს თანასოფლელებს ცხოვრება გავუადვილო“, – ამბობს ბესიკ დეკენაძე.

„ბიზნესის წამოწყება ადვილი არაა. ხანდახან გეშინია, როგორ იმუშავებს. მაგრამ მთავარია მონდომება და მიზანს ყოველთვის მიაღწევ.“              

მაჭახლის ტყეში დაკარგული

რა არის „ვუდჰაიდი“? ზღაპრული ფერიას სახლი, სტრესისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალება, მაჭახელას ეროვნული პარკის სიღრმეში ჩაკარგული მყუდრო სავანე.

ამ არაჩვეულებრივი ტურისტული პროექტის იდეა ნათია კახიძეს ეკუთვნის. „ვუდჰაიდის“  შესაქმნელად მან ბათუმში სამსახური და წარმატებული კარიერა მიატოვა და მშობლიურ მაჭახლის ხეობას დაუბრუნდა.

საწყისი ხელშეწყობა (55,000 ლარი ანუ დაახლებით 17,500 აშშ დოლარი) ნათიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიიღო, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ წამოწყებულ საგრანტო პროგრამას საკუთარი სახსრებით შეუერთდა და რამდენიმე ადგილობრივი პროექტი დააფინანსა.

„მშენებლობის პროცესი საკმაოდ რთული იყო. მთელი ზამთარი აქ გავატარეთ, ვცდილობდით, ყველაფერი დროზე მოგვესწრო და ტურისტული სეზონისთვის მზად ვყოფილიყავით“, – იხსენებს ნათია.

აჭარის ტურისტულ რუკაზე „ვუდჰაიდმა“ თავისი განსაკუთრებული ადგილი მალევე დაიმკვიდრა და მაჭახელას ეროვნული პარკი პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. ნათია კახიძე დარწმუნებულია, რომ ასეთი ლამაზი და ჯანსაღი ადგილი მსოფლიოში არსად მოიძებნება.

„ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივიდა. ახლა ტურისტებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ეს სილამაზე საკუთარი თვალით იხილონ.“

თურქეთთან სიახლოვის გამო, საბჭოთა დროს მაჭახლის ხეობა დახურული ზონა იყო. მესაზღვრეებისა და სპეციალური საშვების მქონე პირების გარდა, აქ შემოსვლა ყველას ეკრძალებოდა. მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის პირობებში გატარებულმა ათწლეულებმა ხეობის მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვიტა და სიფრთხილეს მიაჩვია.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მთელს საქართველოში და, რა თქმა უნდა, მაჭახლის ხეობაშიც ცვლილებების ქარმა დაუბერა. საშვები და გადაადგილების შეზღუდვა წარსულს ჩაბარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, რამაც მაჭახლის ხეობის განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა.

თუმცა მაჭახელა მაინც საკუთარი რიტმით ცხოვრებას განაგრძობდა და თითქოს ვერ ამჩნევდა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკურ ბუმს, რომელსაც სულ რაღაც ნახევარი საათის გზა აცილებდა. ხეობის მოსახლეობა კვლავ მცირე ფერმერობას მისდევდა და თავს ხე-ტყის ჭრითა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენდა.   

2012 წელს, მაჭახლის ხეობას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ამას გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) შეუწყეს ხელი.

ეროვნული პარკის ამოქმედების შემდეგ, მაჭახლის ხეობის განვითარება სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. უნიკალური კოლხური ტყეების მონახულებით ათასობით ტურისტი დაინტერესდა, ხოლო ეკო-ტურიზმის განვითარება რეალისტურ პერსპექტივად იქცა.

ნათია კახიძის აზრით, ამ ახალი პერსპექტივების გათავისებისა და გამოყენებისთვის, ხეობის მოსახლეობას სწორედ სოფლის განვითარების პროექტები სჭირდება.

„ასეთი პროექტები აცოცხლებს ჩვენს სოფელს და ჩვენს კუთხეს, გვაძლევს მაგალითს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქაურობა არ მივატოვოთ და ჩვენი მომავლის სოფელი შევქმნათ“.

Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© Եվրոպական միություն,