fbpx
Skip to main content

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის

17/07/2020

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 200-ზე მეტი გეგმიდან, რომლებიც ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ხელმომწერებმა შეიმუშავეს და მსოფლიო ბანკმა ტექნიკური შეფასების გზით დაამტკიცა, განსაკუთრებით გამორჩეულია ერთი დოკუმენტი. იგი უფრო სიღრმისეულად შესწავლას იმსახურებს.

ეს არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავდა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში განხორციელებისთვის. ეს არის პირველი და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“-ის სამდივნოსთვის მიწოდებული ჯერჯერობით ერთადერთი მუნიციპალიტეტთაშორისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს მინიჭებული აქვთ „მაღალმთიანი“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი განვითარების მეტი გამოწვევის წინაშე დგანან, ვიდრე საქართველოს სხვა ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი. თუმცა, ამავე დროს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ეს სტატუსი მათ გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობს. ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერის გარდა, ეს მუნიციპალიტეტები ასევე იღებენ აჭარის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მიერ გამოყოფილ მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წახალისებისთვის.

2018 წლის ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტი პირველი შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. ასეთი ვალდებულების აღების გადაწყვეტილება ალბათ შედარებით იოლი იყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან ამ პერიოდში ქედაში უკვე ფუნქციონირებდა სოფლის განვითარებაზე ფოკუსირებული პროექტი, რომელიც დაფინანსებული იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ. პროგრამის ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა და დემოკრატიის ინსტიტუტმა (IOD) მუნიციპალიტეტს აღმოუჩინეს მხარდაჭერა და წაახალისეს დაგეგმვის პროცესი.

ოთხი თვის შემდეგ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები თითქმის ერთდროულად შეუერთდნენ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“-ის (M4EG) ინიციატივას. მათ თავიანთი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პარტნიორობების ჩამოყალიბება და დამოუკიდებელი საკონსულტაციო პროცესები წამოიწყეს. როგორც სამი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, აღმოჩნდა, რომ მსგავსი იყო სამივე მუნიციპალიტეტის გეოგრაფია, ადგილობრივი ეკონომიკის შემადგენლობა, განვითარების გამოწვევები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ბუნებრივი გამოსავალი იყო განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.

აქედან გამომდინარე, სამი სამუშაო ჯგუფი გაერთიანდა საერთო სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის განსახილველად და მასზე სამუშაოდ. შეხვედრებში ჩასართავად მათ მოიწვიეს რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები. თანამშრომლობის საკვანძო სფეროებსა და პოტენციურ გადაჭრის გზებზე კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. ერთობლივი სამოქმედო გეგმის სამი მთავარი მიზანი იყო შემდეგი:

  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა (ადგილობრივი ფერმერებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებით);
  • ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნა („ჩანჩქერის ბილიკი“);
  • ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს მხარდაჭერის სერვისების შექმნა.

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ერთობლივი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტი წარდგენილი იქნა ფართო საზოგადოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტების სამმა პირმა ერთობლივად წარმოადგინა აღნიშნული გეგმის ძირითადი დებულებები, რაც იყო საერთო მფლობელობისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული დემონსტრირება. სამივე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ასევე დაესწრნენ აღნიშნულ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ გამოხატეს ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან ერთობლივი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელების მზადყოფნა.

გეგმის პრეზენტაციისა და დისკუსიების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს კომენტარებისთვის გადაეცათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტის დოკუმენტი. კონსულტაციების აღნიშნული ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ, შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გაიგზავნა ოფიციალური შეფასებისთვის 2020 წლის იანვარში დოკუმენტი ოფიციალურად დაამტკიცა მსოფლიო ბანკმა, ამჟამად კი იგი განხორციელების ფაზაშია.