fbpx
Skip to main content

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად ერთვებიან

21/03/2022

ნინოწმინდაში მცხოვრებ დიანა მოსოიანს და მის თანატოლებს საკუთარ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები უკვე დიდი ხანია აწუხებთ. ჯანდაცვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სოციალური საკითხები – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლის ირგვლივაც ახალგაზრდებს საკუთარი ინიციატივები და ხედვები ჰქონდათ. იქამდე, სანამ სამოქალაქო აქტივიზმით დაკავდებოდნენ, ნინოწმინდასა და მიმდებარე სოფლებში არსებული გამოწვევების შესახებ ბევრს საუბრობდნენ და პროტესტიც ჰქონდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე არავინ ზრუნავდა.

თავად კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხმას ვერ აწვდენდნენ და ვერც ის წარმოედგინათ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და არსებული პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლოთ.

მოგვიანებით, დიანა მიხვდა, რომ მხოლოდ ერთმანეთთან საუბარი საკმარისი არ იყო და პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობასთან დიალოგის დაწყებაც იყო  საჭირო. გასული წლის სექტემბერში, სამოქალაქო აქტივისტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების“ პროგრამის (SEREC) მონაწილე გახდა. შესაბამისი ტრენინგიც გაიარა. ახლა, დაინტერესებულ პირებს, უკვე თავად დიანა უტარებს ტრენინგებს, ნინოწმინდის სოფლებში მოსახლეობასაც ხვდება და მათ პრობლემებს ისმენს, რათა შემდგომ ხმა ადგილობრიც ხელისუფლებასაც მიაწვდინოს.

თუკი აქამდე არსებულ პრობლემებზე საუბარი წარმოუდგენლად მიაჩნდა, პროექტის ფარგლებში, დიანას შესაძლებლობა მიეცა 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა თავადაც მიეღო და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დასწრებოდა, მისთვის პრობლემური საკითხები გაეჟღერებინა და იმ თემებზე გაემახვილებინა ყურადღება, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.

„სურვილები და იდეები აქამდეც გვქონდა, მაგრამ მათი რეალობად ქცევის შესაძლებლობა – არა. მხოლოდ ერთმანეთთან საუბრით და კრიტიკით შემოვიფარგლებოდით, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია არასოდეს გვქონია და ვერც წარმოგვედგინა რომ მათთან ამ ტიპის საუბარს შესაძლოა მართლაც გამოეღო შედეგი. SEREC-ში მოსვლის შემდეგ კი, შეხვედრა გვქონდა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ქალაქის პრობლემებზე ვისაუბრეთ. ჩვენი იდეები შევთავაზეთ, განათლების, სპორტის, ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. პრობლემები, მეტწილად, ისეთ საკითხებს ეხებოდა, რომლებიც, აქამდე, მერიის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო“, – იხსენებს დიანა და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა სწორედ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პრობლემებზე ხმამაღლა ესაუბრათ და მუნიციპალიტეტისგან მათ მოსაგვარებლად საჭირო ბიუჯეტი მიეღოთ.

„მუნიციპალიტეტში გამართულ სხდომაზე მრგვალი ტბის ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხები დავაყენეთ. SEREC-თან ერთად პროექტიც დავწერეთ. ამჟამად, ტბა დაბინძურებულია. გვინდა, რომ დავასუფთაოთ, ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რათა იქ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სარეკრეაციო სივრცის და ველობილიკის მოწყობასაც ვგეგმავთ. ბევრი იდეა გვაქვს. ახლა ველოდებით, შევძლებთ თუ არა პროექტში გამარჯვებას“, – აღნიშნავს დიანა.

თავად ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათი დანიშნულება და ამოცანა ის არის, რომ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მუნიციპალიტეტი განვითარდეს.

„როდესაც სოფლებში გავიარეთ და ინფორმაცია გავავრცელეთ, ვნახეთ, რომ აქ ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდაა, რომლებსაც შეუძლიათ, მუნიციპალიტეტთან ერთად, პრობლემების გადაჭრის გზებზე იფიქრონ და საინტერესო პროექტები განახორციელონ“, – განმარტავს ნინოწმინდის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი ვლადიმირ ზალალიანი და აღნიშნავს, რომ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ერთგვარი შუამავალები, ახალგაზრდებისა და ხელისუფლებისთვის, რათა მხარეებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა დაწყებულიყო.

„ვცდილობთ ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, დავანახოთ, რომ მხოლოდ იმაზე კი არ ვართ ორიენტირებულები, რომ ვისაუბროთ, თუ რა პრობლემები არსებობს, არამედ უშუალოდ ამ პრობლემების მოგვარება გვსურს. უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ პროტესტით და „მუშტების ქნევით“ საქმე არ კეთდება. იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხები ნელ-ნელა მოგვარდეს, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი და ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ჩვენ მუდმივად დავდივართ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ვხვდებით. საკმაოდ ბევრი პრობლემური საკითხი დაგვიგროვდა. გვესმის, რომ ამ ყველაფრის ერთად გადაჭრა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ, ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. მთავარი კი ის არის, რომ თავად ხელისუფლებასაც ესმის, რომ ჩვენ ჯანსაღად კრიტიკულები ვართ და ვცდილობთ, შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ისინიც საკმაოდ ღია არიან თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნავს ნინოწმინდის ცენტრის კოორდინატორი აგასინ ზალალიანი.

სწორედ მსგავსი თანამშრომლობის და სოფელ-სოფელ ინფორმაციის გავრცელების შედეგად, ახლა, მოსახლეობამ უკვე იცის, რომ რეგიონის განვითარებაში მათი როლი ბევრად მეტია და თუკი რაიმე ინიციატივა ექნებათ, საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება ან უბრალოდ პროექტის დაწერაში დახმარება დასჭირდებათ, შეუძლიათ სერეკის ცენტრს მიმართონ, მათი დახმარებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემური საკითხები განიხილონ და საკუთარი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ