ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგინიზაციამ (FAO) ონლაინ დისკუსია გამართა „საქართველოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის“ გარშემო. სემინარი ორგანიზებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საჯარო და კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.
სემინარი ემსახურებოდა საქართველოში აკვაკულტურის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ექსტენსიური აკვაკულტურის, მარიკულტურისა და თევზსაშენი მეურნეობების თემებზე დისკუსიების ინიცირებას და საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას.
„აკვაკულტურის შესახებ ახალ, ყოვლისმომცველ სტრატეგიას უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ სექტორის განვითარების ჩარჩო, არამედ ნათლად უნდა განსაზღვროს ამ პროცესისათვის საჭირო მხარდაჭერა. მოხარული ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოს აღნიშნულ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ამ სტრატეგიაში შემავალი ძირითადი პრინციპები, სხვა პრინციპებთან ერთად, უზრუნველყოფს წარმოების მდგრადობას, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებთან შესაბამისობას, მომხმარებლების, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და სოციალური თანასწორობის დაცვას”, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა სიგრიდ ბრეტელმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.
ქალბატონმა ბრეტელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აკვაკულტურა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და გააჩნია დიდი პოტენციალი, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ბაზრები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებით, ასევე კერძო სექტორის ჩართლუბით, უზრუნველყოფს აკვაკულტურის სტრატეგიის მომზადების მხარდაჭერას. სტრატეგია გამოყენებული იქნება სახელმწიფო პროგრამების შესაქმნელად, სექტორის განვითარების, წარმოების მოცულობის გაზრდისა და სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრელად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წყლის ცოცხალი რესურსების მდგრადი მართვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით. რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი აკვაკულტურის შესახებ და სახელმწიფომ განახორციელა უზარმაზარი სამუშაოები ბიომრავალფეროვნების შესაფასებლად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი კანონმდებლობის წარმატებით იმპლემენტაციისათვის.
„ამჟამად ვმუშაობთ აკვაკულტურის ზონების გამოყოფაზე, რაც გახდება შესაბამისი ლიცენზიების გაცემის საფუძველი. კანონმდებლობის შემუშავებასთან ერთად საჭიროა სტრატეგიული ხედვის შემუშავება, რომელიც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ სექტორისათვის აუცილებელი პრაქტიკული ღონისძიებების იდენტიფიკაციისათვის. გვსურს გამოვთქვათ უდიდესი მადლიერება ევროკავშირისა და FAO-ს მისამართით, რომლებიც დათანხმდნენ ჩვენს თხოვნას, მხარი დაუჭირონ სამინისტროს აკვაკულტურის სტრატეგიის შემუშავებაში“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
”ENPARD III-ს ფარგლებში, FAO კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. დღეს გავმართეთ დისკუსია აკვაკულტურის სექტორის სამომავლო გეგმების შესახებ და ჩვენს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამოვხატეთ მზაობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავუწიოთ ტექნიკური მხარდაჭერა აკვაკულტურის სექტორის მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადობას“, განაცხადა FAO-ს პოლიტიკის ადგილობრივმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია შემუშავდება აკვაკულტურის მდგრადი წარმოებისა და მოხმარების შესახებ ევროკავშირის სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით. ეს დოკუმენტი არის ევროპული მწვანე შეთანხმების ნაწილი, ევროკავშირის ახალი დღის წესრიგი. მისი მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება.
2013 წლიდან ევროკავშირი ENPARD პროგრამის საშუალებით მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, 234.5 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით. ENPARD-ის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ეკონომიკური შესაძლებლობები სოფლად და შეამციროს სიღარიბე ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.enpard.ge.