ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები ყაზბეგში
ყაზბეგი ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო წვლილი შეეტანა ყაზბეგის სოფლებში სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების, საცხოვრებელი პირობებისა და ტურიზმის გაუმჯობესებაში, სოფლის განვითარების ევროპულ მოდელის – LEADER მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საშუალებით.
LEADER მიდგომა უკვე 20 წელზე მეტია რაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის, როგორც წარმატებული მოდელი, საქართველოშიც ინერგება. აღნიშნულ მიდგომას მუნიციპალიტეტში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ახორციელებს, რომელიც 2015 წელს ევროკავშირისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) ხელშეწყობით შეიქმნა. LEADER მიდგომის ძირითადი პრინციპია, გაერთიანდეს ყველა მიმართულების მოთამაშე, ადგილობრივი მთავრობის, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის, რაიონის მკვიდრების ჩათვლით, და მათ შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დახმარებით, ევროკავშირმა ყაზბეგში ის ინიციატივები დააფინანსა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის განვითარებაში. ორი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 110 -ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინციატივა, შეიქმნა 100 ზე მეტი სამუშაო ადგილი და საერთო ჯამში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო პროექტიდან პირდაპირი ან ირიბი სარგებელი.
სწორედ ევროკავშირის დაფინანსების საშუალებით შეძლო გიორგი ავსაჯანიშვილმა ყაზბეგში გარემოსთან მეგობრული ელექტრო ავტობუსით მომსახურების სერვისის დანერგვა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში და რაც მთავარია, ადგილობრივებსაც აძლევს სტიმულს, რომ გარემოზე მორგებული მსგავსი სერვისები თავადაც დანერგონ რეგიონში.
ერთ-ერთი ინიციატივათგანია ასევე პირველი სტომატოლოგიური კლინიკა ყაზბეგში, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის, მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს პაციენტებს და რეგიონში სტომატოლოგიური მომსახურების განვითარებას უწყობს ხელს.
ტარიელის საკალმახე მეურნეობაც ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა და დღეს საუკეთესო ხარისხის თევზით ამარაგებს არა მარტო კვების ობიექტებსა და რესტორნებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც და როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტარიელი თავის ფერმას ნელნელა აფართოებს და მომავალში ფაცხებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობასაც გეგმავს, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ უგემრიელესი კალმახები.
ლონდა კი ქალაქიდან უკან ყაზბეგში იმისთვის დაბრუნდა, რომ რეგიონში ხელოვნების განვითარებას შეუწყოს ხელი და ევროკავშირის დაფინანსებით გახნილ სამხატვრო სკოლაში პატარებს ხატვასა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლის.
ეს იმ ინიციატივების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ყაზბეგში ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსდა და რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის განვითარებას.
იხილეთ ამ და სხვა დაფინანსებული ინიციატივების შესახებ ვიდეოში.