fbpx
Skip to main content

„ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ოცჯერ მეტი ოდენობის ღვინოს“, აცხადებს გოგიტა მაკარიძე, კოოპერატივის „თერჯოლის ღვინო“ ხელმძღვანელი

23/03/2020

ვიდრე ღვინის ბიზნესში წარმატებას მიაღწევდნენ გოგიტა მაკარიძეს და მის თანასოფლელ მეღვინეებს არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდათ. ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, მათ შეძლეს დაეფუძნებინათ თანამედროვე კოოპერატივი. შედეგად, წლიური წარმოება 500 ლიტრიდან 8–9 ტონა უმაღლესი ხარისხის ღვინომდე გაიზარდა. დღეს, თერჯოლის ღვინო წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ბრენდს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით სარგებლობს. მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია ამერიკის, იაპონიის, რუსეთის, დანიისა და ავსტრალიის ბაზრებზე.

ღვინის მწარმოებელი კოოპერატივები სულ უფრო მეტ წარმატების ისტორიებს გვიზიარებენ საქართველოს რეალობიდან, რომელთა წევრები ღვინის წარმოებისა და მარკეტინგული უნარ-ჩვევების ინტეგრირების გზით ახერხებენ მცირე მწარმოებელთათვის რთულად მიღწევადი მიზნების განხორციელებას.

გოგიტა მაკარიძე, კოოპერატივის „თერჯოლის ღვინო“ ხელმძღვანელი, აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდაა. ღვინის წარმოება მისი ოჯახის მრავალწლიანი ტრადიციაა.

“მამა და ბაბუა მეღვინეები იყვნენ და პატარაობიდანვე ამ გარემოში ვიზრდებოდი, მოსავალს ვიღებდი და ღვინოსაც მათთან ერთად ვწურავდი!!, ძალიან მინდოდა მეღვინე გავმხდარიყავი და გამიმართლა, რომ შევძელი ღვინის დამზადების ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. მეამაყება, რომ მეღვინეობაში ჩემი ოჯახის მეხუთე თაობას წარმოვადგენ“ , ამბობს გოგიტა.

საბჭოთა პერიოდში, გოგიტას ოჯახი წარმატებით ეწეოდა ღვინის წარმოებას და ღვინის ექსპორტი ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.
„საბჭოთა კავშირის დროს, მამაჩემი საუკეთესო ქართულ ღვინოებს აწარმოებდა და საბჭოთა რესპუბლიკებში ექსპორტზე გაქონდა. მართალია მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ მეღვინეობას ჩვენი ოჯახისთვისთვის სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა.”

1990–იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთული პერიოდი გამოიარა, რამაც ღვინის ექსპორტის არსებითი ვარდნა გამოიწვია. საბაზრო მოთხოვნის შემცირების საპასუხოდ, გოგიტას ოჯახიც იძულებული გახდა შეემცირებინა ღვინის წარმოება.

გოგიტას მამისგან განსხვავებით, ბევრმა ქართველმა ფერმერმა სრულიად მიატოვა საკუთარი ვენახი, რადგან მომავლის პერსპექტივა ბუნდოვანი ჩანდა.
გოგიტა ამბიციური ახალგაზრდაა. 2012 წელს, საპენსიო ასაკს მიღწეული მამისგან, არასაკმარისი კაპიტალით, მაგრამ შორსმიმავალი მიზნებით, მან საკუთარ თავზე აიღო საოჯახო საქმიანობის ხელმძღვანელობა. მისი ოცნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბრენდის შექმნა იყო. ეს უნდა ყოფილოყო ბრენდი, რომელიც მსოფლიოს წარუდგენდა უნიკალურ ქართულ ღვინოებს – ოცხანურ საფერეს, ციცქას, ცოლიკაურს, ალადასტურსა და კრახუნას. მიზნისაკენ მიმავალი გზა წინააღმდეგობების სავსე გამოდგა.

“თავდაპირველად უამრავ პრობლემას წავაწყდი. მივხვდი, რომ საერთაშორისო ბრენდის შექმნისთვის დამჭირდებოდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი, დიდი ოდენობის პროდუქციის წარმოება. ამისათვის კი, საჭირო იყო უახლესი აღჭურვილობა. მთავარ პრობლემას თანამედროვე დანადგარების შესაძენად ფინანსური რესურსების ნაკლებობა წარმოადგენდა. არ ვარ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას ადვილად ნებდება, თუმცა, მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო – არ გამაჩნდა საკმარისი თანხა საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. იძულებული ვიყავი, გამოსავალი კომერციული ბანკების სესხებში მეძებნა, მაგრამ მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა მაიძულა სხვა, შედარებით ხელმისაწვდომი გამოსავალი მეპოვნა.“ აღნიშნავს გოგიტა.

ახალი იმპულსი ევროკავშირისგან ქართული ღვინის წარმოების ასაღორძინებლად!

2014 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, წარმოებასა და მარკეტინგთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის.

“ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდი პრობლემის გადაჭრას. 2014 წელს, მეზობლისგან შევიტყვე, რომ ჩეხური ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში ხალხს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობას სთავაზობდა. თავდაპირველად, ეჭვის თვალით შევხედე. თუმცა, დავესწარი PIN-ის საინფორმაციო შეხვედრას თერჯოლაში და სწორედ ეს შეხვედრა აღმოჩნდა ჩვენი წარმატების საწყისი.“

გოგიტამ, თავისივე თანასოფლელებთან ერთად, რომლებიც ღვინის მცირე წარმოებაში იყვნენ ჩართულნი, გადაწყვიტა კოოპერატივის შექმნა. მალევე, მათ მონაწილეობა მიიღეს საგრანტო კონკურსში და სხვა კოოპერატივებთან ერთად, პირველებმა მოიპოვეს გრანტი იმერეთში. ENPARD-ის გრანტის საშუალებით, მათ შეიძინეს უმაღლესი დონის ღვინის ქარხნისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა, გაიარეს ტრენინგები პროდუქციის ხარისხისა და მათი, როგორც კოოპერატივის, საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

აღიარებებმაც არ დააყოვნა, 2015 წელს, ღვინის ყოველწლიურ ფესტივალზე თბილისში, თერჯოლის ღვინომ საქართველოში საუკეთესო ციცქას და ოცხანური საფერეს წარმოებისთვის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. აღნიშნულ ჯილდოს საერთაშორისო აღიარება მოჰყვა: 2016 წელს, PIN-მა სპონსორობა გაუწია მათ მონაწილეობას ცნობილ “სალიმა”-ს ღვინის გამოფენაზე ჩეხეთში, სადაც კოოპერატივს სპეციალური ჯილდო ერგოთ ნომინაციაში „საუკეთესო წითელი ღვინო“. იმავე წელს, “Code de Vino“–ს საერთაშორისო დაჯილდოებაზე, თერჯოლის ღვინოს უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი მიენიჭა.

პროდუქციის მაღალი ხარისხის წყალობით, კოოპერატივმა ადვილად დაიმკვიდრა თავი ადგილობრივ ბაზარზე და დაიწყო საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს დიდ ქალაქებში. მალე, ის გასცდა ადგილობრივ მასშტაბებს და 2016 წელს მსოფლიო ბაზრების ათვისებას შეუდგა. დღესდღეობით, კოოპერატივის უნიკალურ ორგანულ ღვინოებს წააწყდებით ამერიკის, ავსტრალიის, იაპონიის, რუსეთისა და დანიის მაღაზიათა დახლებზე.

დღეს, თერჯოლაში სიტყვა „წარმატება“ თერჯოლის ღვინოსთან ასოცირდება. კოოპერატივის 5 ჰექტარზე გადაშლილი ვენახი იძლევა 8–9 ტონა ღვინის წარმოების საშუალებას, რაც 20–ჯერ აღემატება კოოპერატივის წევრების მიერ დამოუკიდებლად ნაწარმოები ღვინის ოდენობას.

მომავალ წელს, წარმოების 15 ტონამდე გასაზრდელად, თერჯოლის ღვინო გეგმავს კოოპერატივის გაფართოებას და დამატებით 4 ჰექტარის შეძენას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, როგორც გოგიტა მაკარიძემ გვითხრა, ისინი გეგმავენ აგრო ტურიზმის პიონერობას თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც აშენებენ სასტუმროს, რომელიც უკვე ზაფხულიდან შეძლებს ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების მიღებას.

წარმატება სოციალური პასუხისმგებლობის საწინდარია

გოგიტას და მის მეგობრებს კოოპერატივში დიდი სურვილი აქვთ, მხარი დაუჭირონ მრავალსაუკუნიანი ღვინის ტრადიციის აღდგენას თერჯოლაში. სწორედ ამიტომ, კოოპერატივი გეგმავს სანერგის გაშენებას და მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მცირე მეღვინის უფასო ნერგებით უზრუნველყოფას.

“გვწამს, რომ წარმატებას პასუხისმგებლობა მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ და საკუთარ თავზე ვიღებთ თერჯოლელი მეღვინეების მხარდაჭერას, რომლებიც იგივე პრობლემების წინაშე დგანან, როგორც ჩვენ წლების წინ. მჯერა, რომ ათ წელიწადში თერჯოლაში იქნება რამდენიმე წარმატებული კოოპერატივი და ის მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად იქცევა!”

5 ჰექტარი ვენახი კოპერატივის ათი წევრის საერთო მფლობელობაშია. 2016 წლის მოსალოდნელი 9 ტონა მოსავლიდან მიიღებენ დაახლოებით 5,5 ათას ლიტრამდე მაღალი ხარისხის „ოცხანაურს“ და „ციცკას“.