ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიის კრიზისის საპასუხოდ სოფლად ბიზნესის განვითარებას ეხმარებიან
სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. საზღვრების ჩაკეტვა, ბაზრების დახურვა და ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება სოფლად მცხოვრებ მოწყვლად მოსახლეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა. ვირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და შემოსავლებს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიმდინარე საქმიანობას გადახედეს და პროექტების განხორციელება პანდემიის დროს წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგეს. სოფლად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით, მათ ერთობლივი საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია. აღნიშნულ პროგრამაში ასევე ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA).
როგორც UNDP-ის პროექტის მენეჯერი, ნოდარ კერესელიძე გვიყვება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III-ის პროგრამის ფარგლებში, UNDP მიმდინარე წლის მაისიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებასა და გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ენერგო ეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას. პროგრამის მიზანია, ადამიანების საარსებოს წყაროს გადარჩენა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და კარანტინის პირობებში საფრთხე შეექმნა.
„კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსგავსი ტიპის საგრანტო პროგრამები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან სწორედ სოფლად არსებულ ბიზნესებს, მათ შორის ტურიზმის სექტორში ჩართულ მეწარმეებს, განსაკუთრებით მძიმედ შეეხოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები. შესაბამისად საგრანტო პროგრამა, რომელიც 80%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს, მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია სოფლად არსებული ბიზნესებისთვის, რათა პანდემიურ და პოსტ–პანდემიურ პერიოდში შეძლონ არსებობა, შეინარჩუნონ წარმოება, სამუშაო ადგილები და სამომავლოდ გაფართოვდნენ კიდეც.”
ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება მოახდინა, რათა ქვეყანას არსებული კრიზისი ეფექტიანად დაეძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული 347 განაცხადიდან 31 დამტკიცდა. ჩვენ მოგიყვებით ორი ბენეფიციარის ისტორიას, რომლებიც პროექტის განხორციელების საბოლოო ეტაპებზე არიან და შედეგებს თავად ხედავენ.
კომპანია „ბიორასი“-ს ენერგოეფექტური წარმოება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კომპანია „ბიორასი“ თანამოაზრეებმა წლების წინ დააფუძნეს და მას შემდეგ უამრავი აგრო პროექტი განახორციელეს. 2018 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გუნდმა 22 ჰა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იმავე წელს 12 ჰა ფართობზე კაკლის ბაღი გააშენა. 2019 წლიდან კი, მაკდონალდსის რესტორანთა ქსელის დაკვეთით, კომპანიამ 5 ჰა მიწის ნაკვეთზე აისბერგის სახეობის სალათის კულტივაცია დაიწყო.
„ბიორასის“ წარმომადგენლებს წარმოების ეფექტური განვითარებისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაეჭრათ – ელექტროენერგიის მიწოდება. მართალია, ნაკვეთის მახლობლად ელექტროგადამცემი ხაზი არსებობდა, თუმცა იგი საკმაოდ მოძველებული იყო და მისი აღდგენა დაახლოებით 100,000 ლარის ინვესტიციას საჭიროებდა. გარდა ფინანსური დაბრკოლებისა, საჭირო ხდებოდა ტყის ზოლის გაჭრაც, რაც ბუნებრივ ლანდშაფტს დააზიანებდა. ამასთან, კაკლის ბაღში ელექტროენერგიის საჭიროება კომპანიას დიზელის საწვავზე მომუშავე ელექტრო გენერატორის გამოყენებისკენაც უბიძგებდა, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებს და გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა. ამიტომ კომპანიამ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნა გადაწყვიტა.
„ვიცოდით, რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს გარეშე ჩვენი საწარმოს განვითარება შეუძლებელი იყო. 2019 წელს შევიძინეთ მცირე სიმძლავრის მზის პანელი, ასევე რამდენიმე ჰელიო სანათი. გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით მიმდინარე პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზითა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დავასკვენით, რომ 10კვტ/სთ მზის პანელების სიმძლავრე და 40 კვტ აკუმულაცია სრულიად დააკმაყოფილებდა საწარმოს მოთხოვნებს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩართვა იყო“, – გვიყვება გიორგი ფხაკაძე.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა. ახალი ენერგიის წყაროს დახმარებით, „ბიორასი“ წარმოების ხარჯებს წლიურად 6,000 ლარამდე შეამცირებს. დანაზოგით კი კომპანია თანამშრომელთა შრომის პირობების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პარალელურად, გუნდმა გარემოზე ზემოქმედების შემცირებაც შეძლო.
„მზის პანელების დანერგვით, განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადავალთ, ხოლო დიზელის საწვავს, რომელიც წელიწადში 2 ტონამდე გვჭირდებოდა, საერთოდ აღარ გამოვიყენებთ. ასევე უარი ვთქვით გადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რის შედეგადაც ტყის მასივის 1.5 კმ-იანი ზოლი გადავარჩინეთ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
„ბიორასისთვის“ აღნიშნული გრანტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ენერგოეფექტური წარმოების დანერგვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის.
„ჩვენთვის ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პირობებში. ასეთ დროს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება იოლი საქმე არაა. მაგრამ დახმარების მიღების შედეგად, ჩვენი რეალობა შეიცვალა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით. ეს ცვლილება მეტი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს, რაც ბევრი ოჯახისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი გახდება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ავეჯის საწარმოს დანადგარებით აღჭურვა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა აღვან მოსოიანმაც მიიღო. იგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საოჯახო და საოფისე ავეჯის საწარმოს 2016 წლიდან ფლობს. საწარმოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და ხელსაყრელი ფასებია. მას შემდეგ რაც ბაზარზე საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, კომპანიის დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა – მოძველებული დანადგარებით ეფექტური წარმოება შეუძლებელი გახდა.
„ბაზარზე არსებობის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ ცოდნა და გამოცდილება, ასევე მოვიპოვეთ ნდობა, როგორც ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ. რადგან მოთხოვნა ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება, საჭირო გახდა სწორი ნაბიჯები გადაგვედგა. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის და UNDP-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ, საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვა. შევიძინეთ ავეჯის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, კომპრესორი და მტვერსასრუტი. შედეგად, ჩვენი წარმოების ეფექტურობა იზრდება და რეგიონში ავეჯის სტაბილური მიმწოდებელი ვხდებით“, – ამბობს აღვან მოსოიანი.
საწარმოს გაფართოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუნიციპალიტეტის არაერთი ოჯახის ეკონომიკურ თუ სოციალურ გაძლიერებაზე. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მუნიციპალიტეტის ბევრმა მაცხოვრებელმა შემოსავლის წყარო დაკარგა. ამას უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებაც დაემატა. გრანტის მიღების შედეგად, აღვან მოსოიანმა არამხოლოდ საწარმოს გაფართოება, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც შეძლო.
„ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ავეჯის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დაჩქარდა წარმოებისა და აწყობის ვადები, ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ – ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ იმდენად ხარისხიან პროდუქტს, რომ მათ არ უწევთ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ალტერნატივის ძიება. გრანტმა ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა“, – აღნიშნავს აღვან მოსოიანი.
დღეს საწარმო აქტიურად იღებს შეკვეთებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება, ეს კი სტაბილურობის შეგრძნებასა და უკეთესი მომავლის იმედს იძლევა. ავეჯის წარმოების ზრდით კომპანია წლიურად 200 000 ლარზე მეტის გამომუშავებას გეგმავს.
„გრანტები ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მაგალითად, ჩვენ დიდი ხანია ახალი დაზგების შეძენას ვგეგმავდით, მაგრამ მაღალი ფასის გამო ამას ვერ ვახერხებდით. ევროკავშირის ეს პროექტი განვითარებაში დაგვეხმარა. ჩვენ წინ მივიწევთ!“ – აღნიშნავს აღვან მოსოიანი.