fbpx
Skip to main content

ევროკავშირი ინტეგრირებული ევროპული მოდელის დანერგვით,  რაჭაში მცხოვრები მოსახლეობის პირობებს აუმჯობესებს

ევროკავშირი რაჭაში მცხოვრები მოსახლეობის პირობებს აუმჯობესებს / EU improves lives of Racha residents

2022 წლის 28 სექტემბერი. ევროკავშირი აგრძელებს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის ოთხ სამიზნე რეგიონში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI). ერთობლივი ინიციატივების შედეგად მოსალოდნელია რეგიონებში ინვესტიციების მოცულობის ზრდა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ევროკავშირის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად და მიმდინარე სამუშაოების მოსანახულებლად, სიგრიტ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რაჭაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს სპორტული დარბაზი, სადაც სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80 ზე მეტი მოჭიდავე ივარჯებს. სპორტული ცენტრი ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი სპორტული ნიჭის გამოვლენასა და გაძლიერებაში დაეხმარება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ონში, სიგრიტ ბრეტელმა და მზია გიორგობიანმა მოინახულეს რეაბილიტირებული წყაროები და მიმდებარე ტერიტორიები. ამ ინიციატივის განხორციელებით ტურიზმის განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, სერგო ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის მერი და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურისა და ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

სიგრიტ ბრეტელი ასევე შეხვდა ხის სახელოსნოს მფლობელს, რომელმაც, მის მიერ წარმოებული ხის ნივთების ხარისხისა და რაოდენობის გასაზრდელად, ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და საჭირო მანქანა დანადგარები შეიძინა. სახელოსნო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მასტერკლასებს ხის ტრადიციული წესით დამუშავებაში, ამზადებს სუვენირებს და სხვა ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში გადის. ბრეტელი ასევე დანიიდან ჩამოსული სტუდენტების დიდ ჯგუფს შეხვდა, რომლებიც სახელოსნოში ქართული ტრადიციული ხის ავეჯის დამზადებას სწავლობენ.

რეგიონული განვითარების მიმართულებით ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის ჯამში 54 მილიონი ევრო გამოყო. აქედან 40,5 მილიონი ევრო ხელმისაწვდომია მთავრობის  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში. ამ ინიციტივის განხორციელებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თბილისიდან რეგიონულ დონეზე ინაცვლებს. ამ პროგრამის მეშვეობით ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი ხდება პირდაპირ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ირჩევენ საპილოტე ინიციატივებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ მუშაობას ემატება (13,5 მლნ ევრომდე ღირებულების) რამდენიმე ინიციატივა, რომლებსაც ახორციელებენ Team Europe-ის პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2020 – 2022 წლებში ოთხ სამიზნე რეგიონში შეირჩა და დაფინანსდა 136 პროექტი, დაახლოებით 160 მილიონი ლარის ოდენობით. რაჭა-ლეჩხუმში დაფინანსდა 11 448 685 ლარის ჯამური ღირებულების 15 პროექტი.  მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://eu4georgia.eu/regions/

რეგიონულიგანვითარებისახალიამბები